სარი ზადი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სარი ზად-ი (ოს. Сæры зæд – „თავის ანგელოზი“)

1. ტრადიციული ოსური საცხოვრებლის დასავლეთ კუთხეში მდგარი დედაბოძი (цæджындз), შემკული გარეული და შინაური ცხოველების რქებით; ითვლებოდა წმინდა ბოძად, ოჯახის კეთილდღეობის მფარველ ანგელოზად.

ტრადიციულ საქორწინო წეს-ჩვეულებებში სარი ზადს განსაკუთრებული როლი ეკისრებოდა: დედაბოძთან მიყვანილი პატარძალი, ეჯიბის მიერ სათანადო ლოცვის წარმოთქმის შემდეგ, იქვე რჩებოდა სამი დღე, რომლის განმავლობაში ახალგაზრდები დილიდან დაღამებამდე ცეკვავდნენ და მღეროდნენ. მესამე დღეს ეჯიბი მიდიოდა პატარძალთან და გარკვეული წესის შესრულების შემდეგ ლოცვით მიმართავდა სარი ზადს: „ო, სარი ზად! ჩვენ შემოვდივართ შენი მფარველობის ქვეშ და უმორჩილესად გთხოვთ, მოგვაპყრო შენი ყურადღება, გაანათე და განადიდე ჩვენი თავები ისე, რომ ჩვენი გვარი და შთამომავლობა განთქმულნი იყვნენ სიმამაცითა და სხვა ღირსებებით“. როგორც ჩანს, ზემოაღნიშნულ ბოძში ბინადრობდა ოჯახის მფარველი, აწ უკვე დავიწყებული, რომელიღაც ღვთაებრივი ძალა, თავისი ფუნქციითა და როლით მიახლოებული ფუძის ანგელოზთან – ბინათი ხიცაუსთან და კერიის მფარველ საფასთან (ვ. ბაევის აზრით, სარი ზადი ერთ-ერთი საოჯახო ღვთაების სახელია). აქვე უნდა ითქვას, რომ საქორწინო წეს-ჩვეულებებში არცთუ იშვიათად იხსენიება „ძელის ანგელოზი“. შესაძლებელია, ეს იყოს სარი ზადის მეორე სახელი („ყილი ძუარი“).

2. ალამი, გამოყენებული საქორწილო რიტუალში პატარძლისათვის პირბადის მოსახსნელად („ხიზისანი“); ამზადებდნენ თეთრი ან ცისფერი ქსოვილისაგან, რომელსაც მთელ პერიმეტრზე წითელი, ვარდისფერი და ცისფერი აბრეშუმის ლენტი ჰქონდა შემოვლებული. ალამი პატარძლის სახლში კეთდებოდა და პირბადის მოხსნის შემდეგ ქმრის საცხოვრებლის საქალებო განყოფილებაში გამოსაჩენ ადგილზე ინახებოდა. მისი შეხება მკაცრად იკრძალებოდა, რადგან ამას, ოსების აზრით, ავადმყოფობა მოჰყვებოდა. უნდა ითქვას, რომ სარი ზადი პატარძლის ქალწულობის სიმბოლოც იყო. მ. კოვალევსკის ცნობით, თუკი პატარძალი ქალწული არ აღმოჩნდებოდა, მეორე დილას ამ ფაქტს მეზობლებს შემდეგნაირად ამცნობდნენ: სარი ზადს ეზოში გადააგდებდნენ, რაც იმას ნიშნავდა, რომ ქალს ყოფილი ქმრის სახლი უნდა დაეტოვებინა.


ლიტერატურა

  • Гатиев Б. Суеверия и предрассудки у осетин // ССКГ. IX. ТФ., 1876;
  • Газданова В. С. Традиционная осетинская свадьба: миф, ритуалы и символы. Владикавказ, 2002.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები