სარკინე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სარკინე, სარკინეთი, - ქალაქი, მცხეთის უბანი. ლოკალიზდება მცხეთის დასავლეთით 8 კილომეტრის დაშორებით, შიომღვიმის მიდამოებში, ჯოჯოხეთის ხევიდან მდინარე ქსნამდე და ნასტაგისამდე, სავანეთის ქედსა და გრძელ მინდორზე. ძველი ქართული საისტორიო წყაროების მიხედვით სარკინე მიჩნეულია ან ცალკე ქალაქად (ლეონტი მროველის „მეფეთა ცხოვრება“).

სარკინეში არქეოლოგიური დაზვერვითი სამუშაოები ჩატარდა 1946 წ. ისტორიის ინსტიტუტის თანამშრომლის ნ. ღამბაშიძის მიერ, რომელმაც მიაგნო ანტიკური ხანის ნაგებობებისა და რკინის დასამუშავებელი სახელოსნოების ნაშთს. ამ მიდამოებში 1953 წ. დაზვერეს, ხოლო 1954-1956 წწ. გათხრებს აწარმოებდა ისტორიის ინსტიტუტის მცხეთის არქეოლოგიური ექსპედიცია (ხელმძღ. ა. აფაქიძე). გამოვლინდა ციხესიმაგრის ნანგრევები, ლითონის საწარმოთა ნაშთები და არქიტექტურული დეტალები. 1971-1975 წწ. სარკინეში გათხრები ჩაატარა ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ნასტაკისის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ა. ბოხოჩაძე). 1979-1980 წწ. იქ სამუშაოები აწარმოა არქეოლოგიური კვლევის ცენტრის მცხეთის მუდმივმოქმედმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ა. აფაქიძე). შესწავლილ იქნა ნაქალაქარის დასავლეთით მდებარე კარიბჭის კომპლექსი (აფაქიძე ... 1982: 211-212).

სარკინეს არქეოლოგიური ძეგლები ორ ძირითად ჯგუფად შეიძლება დაიყოს: ციხესიმაგრის ნანგრევები, რომლებიც ძირითადად სავანეთის ქედთანაა დაკავშირებული და სახელოსნოს ნაშთები, რომლებიც გრძელ მინდორზე დადასტურდა. თუმცა, ორივე ამ ადგილას გვხვდება როგორც ნაგებობების, ისე სახელოსნოს ნაშთები. სარკინეს ამ ორ უბანზე აღმოჩნდა: რკინის საწური ბრძმედის ნანგრევები, ლითონის გამოსადნობი სახელოსნო, რომელიც რამდენიმე განყოფილებისაგან შედგება, საოქრომჭედლო სახელოსნო; ამ სახელოსნოდან მომდინარეობს ნივთები: რკინის ცულები, რკინისტარიანი ნიჩაბი, რკინის ისრისპირები, შუბისპირი, ქვის სათლელი იარაღების ნამზადები, ბრინჯაოს სხვადასხვა ნივთი (ჭურჭლის ყური, ხელოსნის ხელსაწყო და სხვ.). გრძელ მინდორზე გამოვლინდა კირქვის არქიტექტურული დეტალები. მათ შორის ორვოლუტიანი სვეტისთავი, ორნამენტირებული სვეტის, ნახევარსვეტისა და ლავგარდანის ფრაგმენტები (აფაქიძე 1959: 71-75; 1963: 206-214).

სარკინეში გამოვლინდა ტერასულად განლაგებული, ქვათლილებით, ალიზის აგურითა და ხის მასალით ნაგები საკულტო და საცხოვრებელი შენობის ნანგრევები, რომელიც დახურული იყო წითლად შეღებილი ბრტყელი და ღარიანი კრამიტით. იატაკი მოგებული ყოფილა თიხის ფილებით. ნაქალაქარის ტერიტორიაზე აღმოჩნდა: მინის ჭურჭელი, წითელლაკიანი ჯამები, ძვლის სამკაულები, ოქროს მძივები, სხვადასხვა ფორმის საკიდები, ვერცხლის ზარი, რკინის ლურსმნები, ბრინჯაოს ანჯამები და სხვ. აგრეთვე ქვიშაქვის ბაზის ფრაგმენტი, ხოლო იატაკის დონეზე გამოვლინდა თიხის ნიღბები, დიონისესა და არიადნას ქანდაკებები. ნაქალაქარის ტერიტორიაზე მოპოვებული მასალა თარიღდება ძვ. წ. II-I სს-ით (ბოხოჩაძე 1973: 37-44; 1977ა: 95, 96).

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები