სარტყელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სარტყელი
სარტყელ-ქამარი
სარტყელ-ქამარი

სარტყელი - ქალისა და მამაკაცის წელსარტყამი (საბა).

კერავდნენ სხვადასხვა სახის ნაჭრისაგან და ასევე ქსოვდნენ შალისა და აბრეშუმის ფერადი ძაფებისაგან. ხმარობდნენ როგორც ვიწრო და მოკლე, ასევე ფართო და გრძელ სარტყლებსაც, რომელთა ჩამოშვებული, ზოგჯერ ფოჩიანი ბოლოები ტოტების როლს ასრულებდნენ (ფშავი, რაჭა, სვანეთი). ასეთი ტიპის ქსოვილის სარტყლებით მამაკაცებიც სარგებლობდნენ. მათ რიგშია მისათვლელი გურიასა და აჭარაში საკმაოდ ცნობილი ჩაქურას კომპლექტში შემავალი თოლაბულუსის სამფერი სარტყელი.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში ქალები კაბაზე ირტყამდნენ შალის ფერადი ძაფებით დაზგაზე მოქსოვილ ვიწრო და ფოჩებჩამოშლილ სარტყლებს.

შალის ოთხკუთხა სარტყელი ქალის ჩასაცმელის აუცილებელი ატრიბუტი ყოფილა, რომელსაც ქორწილის დროს პატარძალს ძმა შემოარტყამდა წელზე. ქალისა და მამაკაცის ძაფებით დაწნულ სარტყელს მოხევეებში „ქარშიკი“ ერქვა, აჭარაში კი - „თორ“-ი.

ეკლესიაშიც ატარებდნენ სარტყლებს. დიაკვანი მარჯვენა მხარზე და მღვდელი კი მკერდზე.

სარტყლის შემოხსნა დასჯის ფორმადაც კი იყო მიღებული. ქალთა წრეში მისი ერთ-ერთი დანიშნულება ავი თვალისაგან დაცვაა. ძველებური რწმენით, სარტყელზე გადაზომვით შესაძლებელი ხდებოდა შეშინებული ადამიანის გამოლოცვაც.

სარტყელთა დიდი ნაწილი მზადდებოდა ვერცხლისა და ტყავისაგან. ვერცხლის სარტყელებში სრულყოფილად გამოვლინდა კავკასიის ხალხთა ოქრომჭედლობის თვითმყოფადი საოქრომჭედლო კულტურა. ვერცხლის სარტყლები დანიშნულებით იყო სამამაკაცო და სადიაცო, ბალთების გაწყობით - ერთიანი, მიჯრით მიწყობილი და „ნაჭრიანი“, აგებულებით - ყურუმი (მასიური) და ჭვირული, ანუ ბანდული; მოკაზმულობით-მინანქრიანი, სევადიანი, ოქროცურვილი, გრეხილურ-ცვარული და სხვ. საკინძის მიხედვით გობაკიანი და აბზინდიანი. პირველი დამახასიათებელია აღმოსავლეთ, ხოლო მეორე დასავლეთ საქართველოსთვის. აქედან გამოყენების თვალსაზრისით, უფრო დღეგრძელი გამოდგა აბზინდიანი სარტყელები, რომელიც ნაციონალური ტანსაცმლის განუყრელ ატრიბუტად იქცა. რაც შეეხება გობაკიან სარტყელებს, მათი ყოფიდან გასვლა გამოიწვია იმ პროფესიათა მოშლამ, რომელთა წარმომადგენლებიც ასეთ სარტყელებს ატარებდნენ (მაგ., ქალაქის ამქრის წარმომადგენლები, ყარაჩოღელები და სხვა. ასეთი სარტყელი შედგება: ბალთების, გობაკის, აბზინდის, ენის, ჯინჯილისა და ღვედისაგან.). მეორე რიგის სარტყელებს წარმოადგენდა ე.წ. აბზინდიანი, ანუ იმერული სარტყელები როგორც სადა ასევე ვერცხლის დეტალებით გაწყობილნი. ესაა ტყავის ღვედი, რომელსაც აქვს: აბზინდი, ენა, ხიდი, ღილი, საქონე, საკვესი და სხვა სამშვენისი დეტალები. ქართული ჩოხა ასეთი სარტყელ-ქამრის გარეშე წარმოუდგენლი იყო.

ქალთა სარტყელების განსაკუთრებით გავრცელებულ ტიპს წარმოადგენს ე.წ. ჭვირული (ბანდული) სარტყელები, რომელიც წმინდა ხელობით იყო ნაკეთები, ასეთი სარტყელებით განსაკუთრებით ცნობილი იყო ახალციხე და ამიტომაც ასეთებს „ახალციხურსაც“ უწოდებდნენ. სარტყელებს ძირითადად ამზადებდნენ საქართველოსა და კავკასიის სხვადასხვა ქალაქებში და დღევანდელამდე შემორჩენილი ნივთიერი მასალების ავტორებიდან ცნობილია: ძაძამიძის, ჯიქიას, ჯანელიძის, იმედაძის, არჩუაძის, ნიკოლაიშვილის,ლაბაძის, ბერუჩევის ნახელავი სარტყელები, ასევე სხვადასხვა ინიციალებით შემკული უამრავი სარტყელი, რომელთა ავტორთა ვინაობა დაუდგენელია.

ტერმინი „სარტყელი“ ქამართან ერთად თანაარსებობდა ეთნოგრაფიულ ყოფაში. ივ. ჯავახიშვილს ქამარი მიაჩნდა კავკასიურ ენათა უძველეს სიტყვად და მას უკავშირებდა „კამარას“.

სარტყელების უძველესი ნიმუშები აღმოჩენილია ადრეული ბრინჯაოს მასალებში და მის შემდგომ იგი განუწყვეტლივ იხმარება როგორც კოსტუმის პრაქტიკული საჭიროებისათვის, ასევე სამშვენისის ფუნქციითაც.



ლიტერატურა

ლ. ბედუკიძე, ლ. სოსელია, მ. ჩართოლანი, სარტყელების კატალოგი, 1967. ე.ნ. ც.ბ.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები