სარუუბექი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სარუუბექ-ი / სარიუექ-ი (ბალყ.-ყარაჩ. Саруубек / Сарыуек) – განუზომელი სიდიდისა და ძალის სამი, შვიდი ან ცხრათავიანი გველეშაპი – ადამიანთა დაუძინებელი მტერი, ბალყარულ-ყარაჩაულ მითოლოგიაში (ხალხური რწმენის თანახმად, თუ ჩვეულებრივი გველი ადამიანს ოცი წელიწადი ვერ ნახავს, მას ფეხები და ფრთები ეზრდება და უზარმაზარი ურჩხული – საურბექი, ხდება). ურჩხული აჩერებს მდინარეთა დინებას ან მის წყალს მთლიანად ხვრეპს, რითაც შიმშილსა და გვალვას იწვევს. მის ნება-სურვილზეა დამოკიდებული მოსავლიანობაც და მოუსავლიანობაც (ნართული თქმულების ერთ-ერთი ჩანაწერი გვამცნობს: „მთის მწვერვალზე ზის თორმეტთავიანი გველი სარუუბექი, რომელიც მთელი ქვეყნის წყალს სვამს. როცა მე ნაპრალში ვიყავი, სარუუბექის რძით ვიკვებებოდი, ახლა კი ალაჰმა გამომგზავნა, რათა იგი ხმლით ავკუწო, – მაშინ წყალი ყველგან სამყოფი იქნება, – ასე თქვა ღენჯაყეშავაიმ. განვლო ხუთმა წელიწადმა, გვალვები დადგა: მიწას სარუუბექი ახმობდა. ჩვენთან გვალვის დროს დღესაც ამბობენ, რომ სარუუბექის სუნთქვისაგან ქვებიც კი სკდებიან. ღენჯაყეშავაი მთისკენ გაეშურა, თორმეტთავიანი გველი მოკლა და გვალვისაგან მთელი ქვეყანა იხსნა“). ფოლკლორული მასალის თანახმად, გველეშაპი წყლის სანაცვლოდ მსხვერპლად ქალიშვილს ითხოვს. ამ მითის რიტუალურ ინსცენირებას წარმოადგენს ყარაჩაელებში დამოწმებული ერთი საინტერესო წეს-ჩვეულება – ხვნის დაწყების წინ ქალიშვილის მიწაში „ჩამარხვა“ („საბან-თოჲ“).


ლიტერატურა

  • Джуртубаев М. Ч. Духовная культура карачаево-балкарского народа // Ас-Алан. М., 1998, № 1;
  • Текеева Л. К. Персонажи низшей мифологии в традиционном мировоззрении тюркоязычных народов Северного Кавказа // Вестник Пермского университета. Вып. 1(24), 2014;
  • Карачаево-Балкарский фольклор в дореволюционных записях и публикациях. Нальчик, 1983.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები