ხანჯალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა სატევარი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხანჯალი
ხანჯალი

ხანჯალი (სატევარი, ყელე, ხანჯალი, ყამა,) − საბრძოლო იარაღი. დიდ ხანჯალს სატევარი ეწოდება. ხანჯალი შედგება ტარის, პირისა და ქარქაშისაგან, ხანჯლის ტარი უმეტეს შემთხვევაში დამზადებულია ძვლისაგან ან რქისაგან (ორი, ან სამი გობაკით). ფოლადის პირი შეიძლება იყოს ერთღარიანი (ცერგასმული), ორღარიანი ან სამღარიანი, არის უღაროებიც ე.წ. ქედიანი ხანჯლები. ქარქაში უმეტეს შემთხვევაში ტყავგადაკრულია, ერთი სალტით და ბუნიკით, არსებობს მთლიანად ვერცხლის ტარქარქაშებიც, არის აგრეთვე ძვლის ფირფიტებით გაწყობილიც. ხანჯლები და სატევრები ირთვება თეთრი ან შავი სევადით, ოქროზარნიშით, ვარაყით, ძვალზე კვეთით, ფილიგრანული ტექნიკით, ცვარათი და სხვ.

ჯერ კიდევ III ათასწლეულში, მელითონეობის გარიჟრაჟზე, სპილენძისა და ბრინჯაოს იარაღებს შორის ერთ-ერთი უმთავრესი ადგილი სწორედ სატევრის ფორმის, ფართოპირიან, ორლესულ, მოკლე მახვილებს ეკავა, რადგან მასალის სირბილე გრძელი ფორმის იარაღის დამზადების საშუალებას არ იძლეოდა. შემდგომში ფოლადის დამკვიდრებასთან ერთად, მახვილიც დაწვრილდა და გაიზარდა სიგრძეში, მაგრამ მისი წინამორბედი იმდენად სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა, რომ კიდევ ორი ათასი წელი იარსება როგორც დამოუკიდებელმა სახეობამ და ჩვენამდე სატევრის სახით მოაღწია.

სატევარი და ხანჯალი დღევანდელი ტერმინოლოგიური დატვირთვით ერთმანეთისაგან მხოლოდ ზომებით განსხვავდება. სატევარი უფრო დიდი ზომისაა, ვიდრე ხანჯალი, ხოლო ხანჯლის ძმა კიდევ უფრო პატარა, ხანჯლის შვილი (ხანჯლისშვილა) კი იმდენად მცირეა, რომ სატევრის ქარქაშის უკან ბუდეში ჯდება.

XVIII-XIX სს-ში ამიერკავკასიაში მაღალ დონეზე იდგა ხმალ-სატევრების წარმოება. ამ მხრივ განსაკუთრებით თბილისი გამოირჩეოდა, საიდანაც ასეთი იარაღებით მარაგდებოდა როგორც კავკასიის სხვა მთის ხალხები, ასევე ირანი და სხვა აღმ. ქვეყნები. ეს არცაა გასაკვირი, რადგან თბილისი იმდროინდელი კავკასიის დედაქალაქს წარმოადგენდა და დამკვეთიც და შემსრულებელიც ერთ ადგილას იყრიდა თავს. თბილისში მოღვაწეობდნენ როგორც ქართველი, ასევე დაღესტნელი, ჩერქეზი, სომეხი და სხვ. მეიარაღეოქრომჭედლები.

XIX ს-ის I ნახევარში, მეიარაღეთა შორის ყველაზე ცნობილი იყო ელიზარაშვილების ოჯახი (მამა - გიორგი, იაგორი; შვილები - ეფრემი და ყარამანი), მათი დამზადებული ბულატის ფოლადის ხმალ-სატევარი განთქმული იყო როგორც კავკასიაში, ასევე ირან-თურქეთ-რუსეთის კარზეც. რუსეთის იმპერატორის დავალებით ელიზარაშვილებმა (ეფრემმა და ყარამანმა) 1828-1832 წწ. გასცეს ბულატის ფოლადის ხმალ-სატევრის დამზადების საიდუმლო და სანაცვლოდ ოქროს მედალი (ანას ლენტით) და 1000 ჩერნოვეცი (ოქრო) მიიღეს.

გარდა თბილისისა, საქართველოს მასშტაბით, ხანჯალ-სატევრების დამზადება ფართოდ იყო გავრცელებული ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ბათუმში, ახალციხეში, გორში, სიღნაღში, თელავში და სხვ. ქართული მეიარაღე-ოქრომჭედლობის საუკეთესო ნიმუშებს წარმოადგენს ქართველი ოსტატების ძაძამიძის (ძაძამია-ზუგდიდი), ზაქარაიას, კვატაშიძის, ჯღამაძის, ჯიქიას, გიორგაძის და სხვათა ნახელავი შედევრები.

საერთოდ, ხელოსანის ვინაობისა და დამზადების ადგილის გასარკვევად დიდი მნიშვნელობა აქვს ხანჯლის პირზე არსებულ დამღებსა და წარწერებს. ხშირად ტარისა და ქარქაშის ვერცხლის ფირფიტებზე გამოსახულია სევადით შესრულებული ხელოსნის ან პატრონის გვარები და დამზადების თარიღები.

დამღებისა და წარწერების გარდა, ხანჯალ-სატევრები ფორმისა და მორთულობის მიხედვითაც შეიძლება გაირკვეს თუ რომელ ეთნოკულტურულ გარემოშია დამზადებული. აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და მთლიანად კავკასიაში, მესატევრეობის ფართოდ განვითარების ერთ-ერთ პირობად, კავკასიური კოსტიუმის (ჩოხის) თავისებურება წარმოადგენდა, რომლის უცილობელ ატრიბუტს ხანჯალი წარმოადგენდა. ეთნოგრაფიული მასალით ცნობილია, რომ კავკასიელი მამაკაცი ხანჯალს სიყმაწვილის ასაკიდან ატარებდა და შეიძლება ითქვას, მასთან ერთად იზრდებოდა. ამიტომაც ითვლებოდა ხანჯალი ყველაზე პოპულარულ იარაღად, რომლის ხარისხსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა თავმოყვარე კავკასიელისთვის. მოგვიანებით ხანჯალმა მხოლოდ კოსტუმის სამშვენისის დატვირთვა მიიღო და ძირითადი აქცენტი მის დეკორატიულ გაფორმებაზე გადავიდა.

ლიტერატურა

  • კ. ჩოლოყაშვილი, ბულატის თბილისელი ოსტატები, ჟურ. „მეცნიერება და ტექნიკა“ N5, 1956.
  • სულხან-საბა ორბელიანი, ლექსიკონი ქართული ტ. II, 1991.
  • Э. Аствацатурян, оружие народов кавказа, 1995. მ.ქ.


წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები