საქადაგიანოს წმინდა დემეტრეს ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საქადაგიანოს წმინდა დემეტრეს ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ საქადაგიანოს განაპირას, მდინარე ქსნის ციხის პირდაპირ. ფერდობზე. სოფლის სახელწოდება წარმოდგება ქადაგიშვილების გვარიდან. ისინი ლეკიანობის დროს აქედან აყრილან და დამკვიდრებულად სოფელ აღაიანში. ასომთავრული სამშენებლო წარწერის თანახმად ეკლესია 1498 წელს აუგიათ მონაზონ დამიანეს და მის შვილებს – ამბაალავერდელ (ალავერდის ეპისკოპოსის საპატიო წოდება) კვირიკეს, დიონისესა და თევდორეს.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (8,5X5,5 მ), ნაგებია თლილი ქვიშაქვის მოზრდილი უსწორმასწორო ლოდებით. შესასვლელი ორი აქვს – სამხრეთიდან და დასავლეთიდან. ორივე გარედან სწორკუთხაა, შიგნიდან – თაღოვანი. ღრმა ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე სარკმელია, დარბაზის გრძივი კედლები და შეისრული კამარა მარტივი ფორმის პილასტრებით და მათზე დაყრდნობილი შეისრული საბჯენი თაღით ორ თანაბარ ნაწილად იყოფა. ჩრდილოეთ, დასავლეთ და სამხრეთ კედლებში თითო სარკმელია. ინტერიერი საკმაოდ მაღალი და ხალვათია. კედლები შელესილი და მოხატულია.

აფსიდში მოხატულობა დაყოფილია სამ რეგისტრად. გამოსახულებები მთლიანად ავსებენ აფსიდის არეს, ქვედა რეგისტრის წმინდანთა გამოსახულებები იატაკის დონემდე აღწევს. კონქში გამოსახულია ღვთისმშობელი ყრმით, რომელსაც თაყვანს სცემს ორი მთავარანგელოზი. მეორე რეგისტრში თორმეტი მოციქულია, თითოეული სწორკუთხა ჩარჩოშია მოქცეული. ქვემოთ გამოსახული არიან ეკლესიის მამები. წმინდანთა გამოსახულებებს თაღნარი აქვს შემოვლებული. სატრაპეზო ქვის თავზე გაირჩევა მაცხოვრის შარავანდი. ქვემოთ, ქვის ორივე მხარეს დატოვებული მცირე მონაკვეთები შემკულია პრიმიტიული გეომეტრიული ორნამენტით (ტეხილი ხაზებით). საკურთხევლის სარკმლის წირთხლებზე გამოსახულია ორი წმინდანი. სამხრეთ მხარეს მოთავსებული წმინდანის (წმ. დავითი) შარავანდზე ასომთავრული წარწერაა. დარბაზის მოხატულობა უფრო მეტადაა დაზიანებული. კამარის აღმოსავლეთ ნაწილში გაირჩევა მაცხოვარი და საყდარნი. ქვემოთ, ჩრდილოეთ კედლის ამავე მონაკვეთზე დარჩენილია ცხენზე მჯდომი მეომრის ფრაგმენტი, ფიგურებს თან ახლავს დაზიანებული ასომთავრული წარწერები. მოხატულობის შესრულების მანერა სქემატურია. წმინდანთა ტანსაცმელი დამუშავებულია უხეში შავი და თეთრი ხაზებით. სახეების მოყვითალო-ყავისფერი სარჩული დაფარულია სქელ ფენად დატანილ თეთრად გაღიაფერებით, რომელთაგანაც მკვეთრად გამოიყოფა მუქი ჩრდილის ვიწრო ზოლი. მოხატულობის კოლორიტში გაბატონებულია მღვრიე, მუქი ფერები (მონაცრისფრო-თეთრი, ყვითელი, ლურჯი, შავი, მონაცრისფრო-ცისფერი).

აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადები ზევითკენ საგრძნობლად შევიწროებულია. ამის გამო შენობა უფრო მაღალი და აზიდული ჩანს. აღმოსავლეთ ფასადზე სარკმლის ზემოთ ჩასმულია ოთხკუთხა ქვა (0,65X0,45 მ) ხსენებული ასომთავრული წარწერით. ნაგებობას აქვს ერთადერთი სამკაული – მწვანედ მოჭიქული მოზრდილი რიყის ქვა.

ეკლესიისთვის მოგვიანებით დასავლეთიდან მიუშენებიათ სათავსი (5,04X5,1 მ), რომელიც ნაგებია მცირე ზომის ქვებით, გამოყენებულია აგურიც. თავდაპირველად მინაშენი ოთხივე მხრიდან ოდნავ შეისრული ფართო თაღებით გახსნილი კარიბჭე ყოფილა; შემდეგში ჩრდილოეთით და დასავლეთით თაღები ამოუშენებიათ. კარიბჭე დასრულებულია შეისრული გუმბათით. კვადრატიდან გუმბათის წრეზე გადასვლა განხორციელებულია აგურის ტრომპებით. თაღებს ზემოთ კუთხოვანი ჩარჩოა, რაც თავისებურ დეკორატიულ მორთულობას წარმოადგენს. კარიბჭის აშენების დროს ეკლესია შეუკეთებიათ და მისთვის აგურის ლავგარდანი შემოუვლიათ.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები