საქართველოს დამფუძნებელი კრების ცენტრალური საპარლამენტო საარჩევნო კომისია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დამფუძნებელი კრების ცენტრალური საპარლამენტო საარჩევნო კომისია — შეიქმნა საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ 1918 წლის ზაფხულში. კომისია თვეების განმავლობაში აქტიურ საქმიანობას ეწეოდა არჩევნების შესახებ კანონმდებლობისა და რეგლამენტის შესამუშავებლად.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობა სხვადასხვა დროს იცვლებოდა, მასში წარმოდგენილი იყო ეროვნულ საბჭოში (1918 წლის შემოდგომიდან - პარლამენტში) შემავალი ყველა პოლიტიკური სუბიექტი, კომისიაში ჭარბობდნენ სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის წევრები. საარჩევნო კომისია 21 კაცისაგან შედგებოდა, მას თავმჯდომარეობდა სოციალ-დემოკრატი ალექსანდრე ლომთათიძე, კომისიის მდივნის ფუნქციებს ანა (ოლა) სოლოღაშვილი ასრულებდა. კომისიაში შედიოდნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერები, სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან - სილიბისტრო ჯიბლაძე, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიიდან - გიორგი გვაზავა, სოციალ-ფედერალისტებიდან - თედო ღლონტი, ნაციონალისტური პარტიიდან - გრიგოლ ვეშაპელი, სოციალ-რევოლუციონერთა პარტიიდან - იოსებ გობეჩია, რადიკალ-დემოკრატებიდან - ალექსანდრე (სანდრო) ახმეტელი, დაშნაკცუითუნიდან - დავით დავითხანიანი, უპარტიოთა ბლოკიდან - კოტე მაყაშვილი.

კომისიაში ოპოზიციურ პარტიებს საკმაო გავლენა გააჩნდათ და ერთ-ერთი მთავარი თანამდებობა კომისიის ხაზინადარს, გიორგი გვაზავას ეკავა. საარჩევნო კომისია, მიუხედავად მცირე ფინანსური რესურსისა, ცდილობდა, საარჩევნო პროცესების კარგად ორგანიზებისათვის, კომისიებში მოეზიდა კვალიფიციური კადრები და უზრუნველეყო მათი გადამზადება. 1918 წლის 27 ნოემბერს კომისიამ მიიღო დადგენილება, რომელიც ქუთაისსა და თბილისში საქალაქო, სამაზრო და საუბნო კომისიის წევრთათვის სწავლებას გულისხმობდა. 1918 წლის 31 დეკემბერს კომისიამ, შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილის ინიციატივით, საგარეო პოლიტიკური ფაქტორების გამო, არჩევნების თარიღებად 1919 წლის 14-15-16 თებერვალი განსაზღვრა, 1919 წლის 10 იანვარს კი პარლამენტმა საბოლოო სამართლებრივი აქტი გამოსცა არჩევნების თარიღთან დაკავშირებით. 1919 წლის 2 იანვარს კომისიამ საუბნო და სამაზრო საარჩევნო კომისიებისაგან მოითხოვა ამომრჩეველთა სიების დაზუსტება. საარჩევნო კომისია გაზეთების საშუალებით მოუწოდებდა ამომრჩევლებს, საარჩევნო სიებში გადაემოწმებინათ თავიანთი თავი და აეღოთ პიროვნების დამადასტურებელი მოწმობები, რომელიც არჩევნებში მონაწილეობისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენდა.

არჩევნების მოსამზადებელ პერიოდში საარჩევნო კომისია აქტიურად თანამშრომლობდა ადგილობრივ ერობებთან და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. 1919 წლის 22-26 იანვარს საარჩევნო კომისიამ განიხილა არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიათა საკანდიდატო სიები და დაამტკიცა 15 საარჩევნო სუბიექტი. სხვადასხვა სიაში აღმოჩნდა კანონთან შეუსაბამო ფაქტები, ხშირ შემთხვევებში ხარვეზები დაკავშირებული იყო საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირთა სიაში შეყვანის საკითხთან და წარმოდგენილი კანდიდატის თანხმობის ბარათის არქონასთან. 1919 წლის 30 იანვარს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მთავრობის ოფიციალურ ორგანოს - გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკას“ - შემდეგ ნომერში დასაბეჭდად გაუგზავნა საარჩევნო საკანდიდატო სიები. 1 თებერვალს საკანდიდატო სიები დაიბეჭდა გაზეთის გვერდებზე. კომისიის გადაწყვეტილებით, საარჩევნო ბიულეტენები დაიბეჭდებოდა ქართულ, რუსულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. ბიულეტენების ბეჭდვის უფლება ეძლეოდათ საარჩევნო სუბიექტებსაც. კომისიის გადაწყვეტილებით, საარჩევნო უბნებზე განთავსდა არჩევნების წესები. დამფუძნებელი კრების არჩევნების დასრულების შემდეგ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ინტენსიური მუშაობა დაიწყო შედეგების დათვლისა და შეჯამებისათვის. 1919 წლის 9 მარტს კომისიამ გამოსცა საბოლოო შემაჯამებელი ოქმი, ამით კომისიამ ძირითად არჩევნებზე მუშაობა დაასრულა.

დამფუძნებელი კრების ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 1919 წლის აგვისტოსა და 1920 წლის მარტში დაეკისრა დამფუძნებელი კრების ორი დამატებითი არჩევნების ორგანიზება, რომელიც წარმატებით შეასრულა.

ირაკლი ირემაძე

ლიტერატურა

  • ი. ირემაძე, ს. ჭანტურიძე, „პირველი საყოველთაო დემოკრატიული არჩევნები დამოუკიდებელ საქართველოში“, თსუ, ცესკო, IFES, 2017;
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართლებრივი აქტების კრებული, 1918-21, თბ., 1990;
  • . ცინაძე, „საქართველოს დამფუძნებელი კრების 1919 წლის არჩევნები“, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები, IV, 2011;
  • სცსა, ფ. 1834, აღწ. 1, საქ. 19.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები