საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა

დროშა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა - 1918-1921 წლებში არსებული ქართული სახელმწიფოებრივი სიმბოლიკის ერთ-ერთი ძირითადი ატრიბუტი.

რუსეთის იმპერიის დანგრევის (1917 წლის მარტი) შემდეგ, დროებითი მთავრობის სახელმწიფო დროშის პარალელურად, საქართველოში გამოიყენებოდა ასევე წითელი დროშა (როგორც რევოლუციის სიმბოლო), რომელსაც ოქტომბერში მომხდარი გადატრიალების შემდეგ დაემატა სამფეროვანი დროშა - წითელი, თეთრი და შავი ფერის ჰორიზონტალური ზოლებით (ქვემოდან ზემოთ).

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის (1918 წლის 26 მაისი) შემდეგ, კარგა ხანს მიმდინარეობდა მსჯელობა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო რესპუბლიკის სახელმწიფო დროშა. მთავრობის მიერ შექმნილმა ხელოვნების კომისიამ (თავმჯდომარე - კონსტანტინე მაყაშვილი) ეროვნულ საბჭოს წარუდგინა კანონპროექტი „საქართველოს რესპუბლიკის დროშისა“. ამ საკანონმდებლო ორგანოს 6 სექტემბრის სხდომაზე გამოსვლისას კ. მაყაშვილმა განაცხადა: „საქართველოს უძველესი დროიდანვე ჰქონდა დროშები, რომლის აღწერილობა არსებობს ბერძნულ, ლათინურ და სხვა ენებზე. შარშან, წინანდელმა ეროვნულმა საბჭომ მოიწვია სპეციალისტები და მცოდნე პირები და მათ მიიღეს საქართველოს დროშად სამფეროვანი დროშა: წითელი, თეთრი და შავი. კომისიამაც ეს სამფეროვანი დროშა მიიღო... რა თქმა უნდა, ეს დროშა არის ერთგვარი კომპოზიცია, მაგრამ რადგან ეს დროშა იყო გაშლილი შარშან ნოემბერში ეროვნულ ყრილობაზედ, რადგან ამ დროშის ქვეშ გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა და, გარდა ამისა, ეს დროშა უკვე მოინათლა ბრძოლის ცეცხლში, ამგვარად იგი იქცა ისტორიად და მე მგონია, ახლა ჩვენ ვალდებულნი ვართ, რომ კანონით დავადასტუროთ მისი არსებობა“.

ხელოვნების კომისიის მიერ წარდგენილი კანონპროექტის საფუძველზე, 1918 წლის 10 სექტემბერს, ეროვნულმა საბჭომ მიიღო კანონი „საქართველოს რესპუბლიკის დროშისა“, რომელშიც აღნიშნული იყო:

„1) საქართველოს რესპუბლიკას აქვს თავისი დროშა სამფეროვანი: წითელის (შვინდის ფერის), შავის და თეთრის ფერისა; 2) დროშას შეადგენს: თეთრი ბუნი თავში ბირთვითა და შუბის წვერით, ალამი წითელი (შინდის ელფერისა) შავი და თეთრი თანასწორი ზოლებით ზემო კუთხეში ბუნთან; შავი და თეთრი ზოლები შეადგენს ალამის განის ნახევარს და სიგრძის ორ მეხუთედს“.

იმავე წლის 4 ოქტომბერს ეროვნულმა საბჭომ მიიღო კანონი „საქართველოს რესპუბლიკის დროშის პროექტის შედგენის ხარჯისა“, რომელშიც ვკითხულობთ: „მიეცეს სახელმწიფოს ხაზინიდგან მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძეს საქართველოს დროშის პროექტის შედგენისათვის გასამრჯელოდ სამი ათასი (3,000) მანეთი“.

საგულისხმოა, რომ საქართველოს სახელმწიფო დროშის პარალელურად ზოგჯერ მაინც გამოიყენებდნენ წითელ დროშას. საქართველოს პარლამენტის ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქციის წევრი რევაზ გაბაშვილი აღნიშნავდა: „სახელმწიფო დროშის საკითხი უფრო ადვილად გადაწყდა. ალბათ იმიტომ, რომ ეროვნული დროშის „ფონი“ (ფართობი) თითქმის არ განსხვავდებოდა მარქსისტული სიწითლისაგან და მხოლოდ წინა კუთხეში დარჩა პატარა თეთრი და შავი ზოლი... წითელი მენშევიკურ ბოლშევიკური ჩვარი კიდევ დიდხანს ფრიალებდა ქართული დროშის გვერდით“.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების მიერ 1921 წლის 21 თებერვალს მიღებული რესპუბლიკის კონსტიტუციის მიხედვით, „საქართველოს რესპუბლიკის დროშა არის - შვინდისფერი ფერი ალამი შავი და თეთრი ზოლითა“.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო დროშა უცვლელი სახით აღადგინა 1990 წლის შემოდგომაზე საქართველოში გამართული მრავალპარტიული არჩევნების შედეგად არჩეულმა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომ - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ. დროშის ეს ვარიანტი შემდგომი თითქმის 14 წლის განმავლობაში გამოიყენებოდა, როგორც საქართველოს სახელმწიფო დროშა. 2004 წლის 4 იანვარს დამტკიცდა საქართველოს ახალი სახელმწიფო დროშა - თეთრ ფონზე გამოსახული მეწამული ჯვარი ოთხი მცირე ჯვრით.

ნიკო ჯავახიშვილი

ლიტერატურა

  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია, მიღებული 1921 წლის 21 თებერვალს, წგნ.: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართლებრივი აქტების კრებული (1918-1921), შემდგენელი ვ. გურგენიძე, სპეცრედაქტორი ვ. შარაშენიძე, თბ., 1990;
  • რ. გაბაშვილი, რაც მახსოვს, წიგნ.: ქართული ემიგრანტული ლიტერატურა „დაბრუნება“, მრავალტომეული, გ. შარაძის საერთო რედაქციით, ტ. III, თბ., 1992;
  • დ. კლდიაშვილი, თანამედროვე საქართველოს ჰერალდიკა, თბ., 2008.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები