საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია საბჭოთა რუსეთის მიერ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია საბჭოთა რუსეთის მიერ - საბჭოთა რუსეთის მიერ აზერბაიჯანისა (1920 წლის 28 აპრილი) და სომხეთის (1920 წლის 29 ნოემბერი) გასაბჭოების შემდეგ საქართველო რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ქვეყნის ხელისუფლება მტრის დასახვედრად მომზადებაში განსაკუთრებულ როლს დასავლეთ ევროპის სახელმწიფოების მხრიდან დახმარებაში ხედავდა. ევროპის ქვეყნებისგან საქართველოს მთავრობისადმი მიცემული დაპირებების (ეკონომიკური, სამხედრო) შეუსრულებლობამ და ინგლისის მთავრობის მხრიდან ამიერკავკასიით დაუინტერესებლობის ოფიციალურად აღიარებამ, საბჭოთა რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ მოქმედების თავისუფლების პირობები შეუქმნა. მეორე მხრივ, რუსეთის შესაბამისი უწყებისათვის ცნობილი იყო, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები რუსული საბრძოლო მასალის ნაკლებობას განიცდიდა.

პოლონეთთან გამარჯვებამ (1920 წლის 12 ოქტომბერი) და ვრანგელის დამარცხებამ (1920 წლის ნოემბერი) საბჭოთა რუსეთს იზოლაციაში დარჩენილი საქართველოს წინააღმდეგ საომარი მოქმედების დაწყების შესაძლებლობა მისცა. საქართველოს გასაბჭოება სამხედრო ჩარევის გზით უშუალოდ გადაწყდა რკპ (ბ) ცკ-ის პლენუმის 1921 წლის 26 იანვრის დადგენილებით. მისი პრაქტიკული განხორციელების პროცესში განსაკუთრებით აქტიურობდნენ ი. სტალინი და ს. ორჯონიკიძე. გადაწყდა, რომ საბჭოთა რუსეთის XI წითელი არმია საქართველოში უნდა შემოჭრილიყო ვითომ ბორჩალოს მაზრის ლორეს რაიონში აჯანყებული მშრომელების დასახმარებლად.

1921 წლის 11-12 თებერვლის ღამით ლორეს სასაზღვრო რუსულ-სომხურ სოფლებში მართლაც დაიწყო ინსპირირებული „აჯანყება“, რომლის მონაწილე „მშრომელების“ დასახმარებლად XI არმიის საზღვართან განლაგებული ნაწილები თავს დაესხნენ საქართველოს. ქართული არმიის ნაწილები დამარცხდნენ და უკან დახევა დაიწყეს, ხოლო ბევრი ტყვედ ჩავარდა. XI წითელი არმიის ძირითადი ნაწილები აზერბაიჯანის მხრიდან 15 თებერვალს შემოიჭრნენ რესპუბლიკის ტერიტორიაზე. საქართველოზე თავდასხმიდან მეექვსე დღეს, 16 თებერვალს, აჯანყებულებმა და სოფ. შულავერში შექმნილმა ე. წ. საქართველოს რევოლუციურმა კომიტეტმა „ინტერნაციონალური დახმარება“ სთხოვეს საბჭოთა რუსეთის მეთაურს, ვ. ლენინს. განსაკუთრებით სასტიკი ბრძოლები გაიმართა თბილისის მისადგომებთან. მიუხედავად იმისა, რომ 1921 წლის 20, 21, 22, 23 თებერვლის საბრძოლო მოქმედებები ქართული ჯარის გამარჯვებით დამთავრდა, მთავარსარდალ გ. კვინიტაძის №131-ე ბრძანების თანახმად, ქართულმა ჯარმა უკან დაიხია და თბილისი დატოვა. 25 თებერვალს XI არმია თბილისში შემოვიდა. ს. ორჯონიკიძემ ვ. ლენინს და სტალინს დეპეშით აცნობა: „თბილისზე ფრიალებს საბჭოთა ხელისუფლების წითელი დროშა. გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოს!“

საბჭოთა რუსეთის VIII, IX და XIII არმიების ნაწილები კიდევ რამდენიმე მიმართულებიდან შემოიჭრა ქვეყანაში: 25 თებერვალს მამისონის უღელტეხილიდან (33-ე სამთო მსროლელი დივიზიის 38-ე ბრიგადა); სოჭი-სოხუმის მიმართულებით (სამი ქვეითი და ერთი ცხენოსანი დივიზია). გარდა ამისა, სამხრეთიდან საბრძოლო მოქმედებები დაიწყო ოსმალეთის ჯარებმა, რომლებმაც ართვინი და ბათუმი დაიკავეს. 1921 წლის 17 მარტს, ქუთაისში ხელმოწერილი შეთანხმებით, ქართულმა მხარემ საბრძოლო მოქმედებები შეწყვიტა და მთელი ძალისხმევა ოსმალო ასკერებისაგან ბათუმის გასანთავისუფლებლად მიმართა.

20 მარტს გენერალ გ. მაზნიაშვილმა შეძლო ბათუმიდან ოსმალების განდევნა, რაშიც მას რუსული ჯარის ნაწილებიც დაეხმარა. 17-18 მარტის ღამით საქართველოს ტერიტორია დატოვა პირველი რესპუბლიკის ხელისუფლებამ და საფრანგეთში გაიხიზნა ისე, რომ საბჭოთა ხელისუფლების წინაშე კაპიტულაცია არ გამოუცხადებია. ამ გარემოებამ ყოველგვარი ფორმალურ-სამართლებრივი გამართლების საფუძველი გამოაცალა 1921 წლის თებერვალ-მარტის საქართველო-რუსეთის ომს და აქცია საბჭოთა რუსული იმპერიის მიერ განხორციელებული, სუვერენული ქვეყნის ერთ-ერთი პირველი დაპყრობის მაგალითად.

საბჭოთა რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ 1921 წლის თებერვალ-მარტში განხორციელებული მოვლენების შეფასების შესახებ სპეციალურად იმსჯელა საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს 1989 წლის 18 ნოემბრის სესიამ. ამ დოკუმენტში ხაზგასმითაა მითითებული, რომ საბჭოთა რუსეთმა დაარღვია საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან 1920 წლის 7 მაისს დადებული ხელშეკრულება. მის მიერ საქართველოში ჯარების შემოყვანა და მთელი ტერიტორიის დაკავება „სამართლებრივი თვალსაზრისით წარმოადგენდა სამხედრო ჩარევას (ინტერვენციას) და ოკუპაციას არსებული პოლიტიკური წყობილების შეცვლის მიზნით. ეს აქცია... პოლიტიკური თვალსაზრისით უნდა შეფასდეს, როგორც ფაქტობრივი ანექსია“.

შოთა ვადაჭკორია

ლიტერატურა

  • ლ. თოიძე, ინტერვენციაც, ოკუპაციაც, ძალდატანებითი გასაბჭოებაც, ფაქტობრივი ანექსიაც, თბ., 1991;
  • შ. ვადაჭკორია, ეროვნული სახელმწიფოებრივი საკითხი ქართულ პოლიტიკურ აზროვნებაში (1921- 1923 წწ. ), თბ., 1998.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის დროს მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები