საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო ფორმა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამხედრო უნიფორმა და თანამდებობათა გასარჩევი ნიშნები - საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები პირველ ხანებში მეფის რუსეთის დროინდელ ძველ ფორმებში იყვნენ გამოწყობილი. მთავრობის 1918 წლის 12 სექტემბრის დადგენილებით, სამხრეებისა და საერთოდ რაიმე განმასხვავებელი ნიშნის ტარება მხრებზე უნდა მოსპობილიყო ქართულ ჯარში. 1918 წლის 24 სექტემბერს მთავრობამ ნება დართო სამხედრო სამინისტროს, ჯარში შემოეღო კოკარდა ქუდისათვის ეროვნული დროშის ფერებში. ოფიცერთა სამხრეებზე კი დაეწერათ ინიციალები ქ. ლ. ანუ ქართული ლაშქარი. 1919 წლის 30 იანვარს სამხედრო მინისტრმა ახალი ბრძანებით დაამატა, რომ თუ ოფიცერთა სამხრეებზე დაიწერებოდა ინიციალები ქ. ლ., ჯარისკაცთა სამხრეებზე დაწერილიყო პოლკის ნომერი და „ქარ” ანუ ქართული.

დამფუძნებელმა კრებამ 1919 წლის 29 ივლისს დაამტკიცა ჯარისკაცთა და ოფიცერთა ტანისამოსის ფორმა და ნაწილებისა და თანამდებობების გასარჩევი ნიშნები. შეიქმნა ოფიცერთა და ჯარისკაცთა ჩვეულებრივი, სადარაჯო და საველე ფორმები. ოფიცრებს ფორმის საყელოსა და ყოშებზე ანუ სამაჯეზე მიეკერებოდა სხვადასხვა ფერის, ხარისხისა და რაოდენობის ზონრები ანუ ლენტები.

  • შტაბოფიცრებისა და ობეროფიცრებისათვის ზონარი უნდა ყოფილიყო ნაქსოვი აბრეშუმისაგან,
  • გენერალთათვის კი ოქრომკედით.
  • ქვეითი ჯარის ზონარი უნდა ყოფილიყო შინდისფერი,
  • ცხენოსანი ჯარის - ცისფერი,
  • სპეციალური დარგის (ტექნიკური ძალები) ჯარებისა და გენერალური შტაბის ოფიცერთათვის - შავი,
  • შტაბების ოფიცრებისა და ტოპოგრაფთათვის - მუქი ყვითელი,
  • სანაპირო ჯარებისათვის - მწვანე,
  • სამხედრო სკოლისათვის - წითელი.
  • უმცროს ოფიცრებს ზონარი საყელოსა და სამაჯეზე თითო ზოლად მოევლებოდა;
  • გუნდის უფროს ოფიცერსა და მის თანასწორ პირთ საყელოზე ერთ ზოლად, ხოლო სამაჯეზე ორ ზოლად;
  • გუნდის უფროსთ და მის თანასწორ პირთ - საყელოზე ერთ ზოლად, სამაჯეზე სამ ზოლად;
  • ათასეულის უფროსის თანაშემწეს და მის თანასწორ პირთ - საყელოზე ხვეულებით ერთ ზოლად, ხოლო სამაჯეზე ხვეულებით სამ ზოლად;
  • ბრიგადის უფროსის თანაშემწეს, ცალკეული ათასეულის მეთაურს და მათ თანასწორ პირთ - საყელოზე ხვეულებით ორ ზოლად, სამაჯეზე ხვეულებით ორ ზოლად;
  • ბრიგადის უფროსს და მათ თანასწორ პირთ - ცალ ზოლად ოქრომკედის ზონარი როგორც საყელოზე, ისე სამაჯეზე;
  • სამხედრო მინისტრის თანაშემწეს, ჯარის სარდალსა და სამხედრო საბჭოს წევრთ - ორ-ორ ზოლად ოქრომკედის სირმა, საყელოსა და სამაჯეზე. ბოხოხსა და თუშურ ქუდს ზედა მხარეს უნდა ჰქონოდა ისეთივე ზონარი შემოვლებული როგორც საყელოზე, მხოლოდ უხვეულოდ.
  • ქვეითი ჯარის გასარჩევ სიმბოლოდ მიღებული იქნა ორი გადაჯვარედინებული თოფი;
  • არტილერიის - ორი გადაჯვარედინებული ზარბაზანი, შუაში ალიანი ყუმბარით შავი ფერისა;
  • ცხენოსან ჯარში - ორი გადაჯვარედინებული ხმალი;
  • მესანგრეთათვის - გადაჯვარედინებული წერაქვი და ნიჩაბი,
  • საავტომობილო ნაწილში - ავტომობილი;
  • საავიაციოში - აეროპლანი;
  • ტოპოგრაფისტებისათვის - ფარგალი და სამკუთხედი.

აქსელბანტების ტარება შეეძლოთ ადიუტანტებს და გენერალური შტაბის ოფიცრებს. დეზები უნდა ეტარებინათ იმათ, ვისაც გადაეცემოდა ცხენები; სამხედრო უწყების მოხელეებს და ექიმებს უნდა ეტარებინათ ოფიცერთა მსგავსი ფრენჩი და ხალათი. ექიმების გასარჩევი ნიშანი იქნებოდა საყელოს ორსავ მხარეს მინანქრის წითელი ჯვარი, ხოლო ბეითლებისათვის ლურჯი.

გენერლებსა და ოფიცრებს ეძლეოდათ უფლება, სამსახურს გარეთ ევლოთ სამოქალაქო ფორმით. ახალი ფორმის დამტკიცებიდან მალევე აღმოჩნდა, რომ ფორმაზე თანამდებობათა გასარჩევი ზონრები ძალზე უხერხული სახმარი იყო, რადგანაც ხშირად იკეცებოდა; ასევე საზაფხულო ხალათები გარეცხვისთანავე ხუნდებოდა.

1920 წლის 20 აპრილს დამფუძნებელი კრების მიერ მიღებულმა კანონმა ცვლილება შეიტანა ფორმასა და თანამდებობის გასარჩევ ნიშნებში. თანამდებობის გასარჩევი ნიშნები ამიერიდან უნდა დატანილიყო მხოლოდ ხალათის, ფრენჩის და პალტოს საყელოზე და ზონრების ნაცვლად უნდა დამაგრებულიყო ფერადი ნაჭრები იგივე „პეტლიცები”:

  • ლეიტენანტთათვის - კუთხე ერთი ვარსკვლავით;
  • უფროს ლეიტენანტთათვის - კუთხე ორი ვარსკვლავით;
  • კაპიტანთათვის - კუთხე სამი ვარსკვლავით;
  • მაიორთათვის - ორი კუთხე ორი ვარსკვლავით;
  • პოლკოვნიკთათვის - ორი კუთხე სამი ვარსკვლავით;
  • გენერალთათვის - კუთხე ზიგზაგებით და ერთი ვარსკვლავით;
  • სამხედრო მინისტრის თანაშემწის, ჯარის სარდლის და სამხედრო საბჭოს წევრთათვის კი - კუთხე ზიგზაგებითა და ორი ვარსკვლავით. კუთხეები უნდა ყოფილიყო ვერცხლის, ვარსკვლავები კი ოქროსი.

ჯარისკაცთაგან, თავმდეგს უნდა გაეკეთებინა ერთი ლითონის ვარსკვლავი პალტოსა და ხალათის საყელოზე;

  • უმცროს ნაცვალს - ორი ვარსკვლავი;
  • უფროს ნაცვალს - სამი ვარსკვლავი;
  • ზემდეგს - 1 ზონარი და სამი ვარსკვლავი;
  • ზედმეტ მსახურს - ზემდეგის მსგავსად პლიუს საყელოზე კუთხე წვეტით ქვემოთ.

სამხრეულებზე დაემატა რამდენიმე ახალი ლიტერი ყვითელი ფერის ლითონისაგან:

  • სამხედრო სკოლა -„სკ”;
  • საარმიო არტილერის დივიზიონი - „არმ”;
  • სადარაჯო ათასეული - „დ”;
  • სამხედრო სამინისტროს განყოფილება -„სმმ”;
  • სანაპირო ჯარის სამმართველო - „სნპ”;
  • გენერალური შტაბის ოფიცერთათვის კი სახელმწიფო გერბი.

სამხედრო უწყების მოხელეებს, წინა წლისაგან განსხვავებით, ფორმაზე უნდა ეტარებინათ ყვითელი ფერის ერთი ვარსკვლავი.

1919 წლის 27 სექტემბერს სახალხო გვარდიის მთავარმა შტაბმა დაამტკიცა გვარდიელთა ფორმებზე განმასხვავებელი ნიშნები.

უნტეროფიცერთათვის:

ცალკეული ნაწილის უნტეროფიცერი - ერთი სამკუთხა ზოლი; ოცეულის უნტერ-ოფიცერი - ორი სამკუთხა ზოლი; ფელდფებელი ან ვახმისტრი - სამი სამკუთხა ზოლი.

ოფიცერთათვის:

  • უმცროსი ოფიცერი - ერთი სამკუთხა ზოლი და ერთი ვარსკვლავი;
  • უფროსი ოფიცერი - ორი სამკუთხა ზოლი და ერთი ვარსკვლავი;
  • ასეულის და ბატარეის მეთაური ოფიცერი - სამი სამკუთხა ზოლი და ერთი ვარსკვლავი;
  • ცალკეული შენაერთის მეთაურის მოადგილე ოფიცერი - ორი სამკუთხა ზოლი და ორი ვარსკვლავი;
  • ცალკეული შენაერთის მეთაური - სამი სამკუთხა ზოლი და ორი ვარსკვლავი.

დიმიტრი სილაქაძე

ლიტერატურა

  • სცსა, ფ. 1861, აღწ. 3, საქ. 2;
  • სცსა, ფ. 1969, აღწ. 2, საქ. 59,
  • სცსა, ფ. 1970, აღწ. 3. საქ. 12;
  • ჟურ. ”რესპუბლიკის ჯარი”, 1919, №11;
  • ბრძანება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობისა სამხედრო უწყების მიმართ, თბ., 1 აგვისტო 1919, №162;
  • საქართველოს დამფუძნებელი კრება, სტენოგრაფიული ანგარიში, 1920 წლის 20 აპრილის სხდომა, გვ. 4-8.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები