საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენლობა ოსმალეთში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენლობა ოსმალეთში (ანგორაში) - ოსმალეთის ხელისუფლების მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის იურიდიული ცნობის შემდეგ (1918 წ-ის 3 ივნისი), ჩამოყალიბდა რესპუბლიკის წამრომადგენლობა ოსმალეთში, რომელსაც სოციალისტ-ფედერალისტი გრიგოლ რცხილაძე ხელმძღვანელობდა. შემდგომში მუსტაფა-ქემალის მიერ ანგორაში ახალი სახელმწიფოს ფორმირების დროს, საქართველომ დიპლომატიურ წამრომადგენლად სოციალ-ფედერალისტი სვიმონ მდივანი მოავლინა. იგი პირველი ელჩი იყო, რომელმაც საქარიის ველებზე ახალ ოსმალეთს თავისუფლება მიულოცა და საქართველოს ხელისუფლებისგან მისი ცნობა აუწყა, რითაც შემდეგში იგი სამართლიანად ამაყობდა.

ოსმალეთში საქართველოს მაშინდელი მისიის საგანგებო დავალებათა ოფიცრის - დიმიტრი შალიკაშვილის ცნობით ირკვევა, რომ ანკარაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის შემადგენლობაში სიმონ მდივანთან ერთად ყოფილან: გენერალი ალექსანდრე ერისთავი - სამხედრო მრჩეველი; არისტო ჭუმბაძე - საქმეთა მწარმოებელი; მელიტონ (ოსმან-ბეი) ქარცივაძე - ატაშე; ზია-ბეგ აბაშიძე - ატაშე; ამათ გარდა ორი ოფიცერი დავალებათათვის - ემუხვარი და ლეიტენანტი დიმიტრი შალიკაშვილი, ასევე ორი ჯარისკაცი შიკრიკად, მათ შორის ერთი გვარად მახიაშვილი.

საარქივო დოკუმენტებიდან ნათლად ჩანს ს. მდივნის პოლიტიკურ-დიპლომატიური გამჭრიახობა და მოქნილობა ქემალისტურ ოსმალეთთან ურთიერთობისას. კერძოდ კი, მის ახალ მეთაურთან - მუსტაფა ქემალ ფაშასთან მოლაპარაკებების დროს საქართველოს ინტერესების დაცვა. 1921 წლის თებერვალში საქართველოზე რუსეთის თავდასხმამ და ქემალისტურ ოსმალეთთან ლენინის მთავრობის გარიგებამ საქართველოს დამოუკიდებლობა დააკარგვინა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩი - ს. მდივანი იძულებული გახდა, ანკარიდან ჯერ კონსტანტინოპოლში წასულიყო, ხოლო შემდეგ საქართველოს ეროვნულ მთავრობასთან და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის წევრებთან ერთად საფრანგეთში სამუდამო ემიგრაციაში დარჩენილიყო.

ლელა სარალიძე

ლიტერატურა

  • სცსა, ფ. 1861, აღწ. 3, საქ. 230;
  • დ. შალიკაშვილი, დღიურები, ვ. ნოზაძის თარგმანი, ჟურ. „კავკასიონი“, XVI-XVII, პარიზი, 1972/1973;
  • გ. შარაძე, ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია, ტომი IV, თბ., 2003.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები