საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენლობა სკანდინავიის ქვეყნებში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენლობა სკანდინავიის ქვეყნებში - შვედეთის სამეფოში (1918-1920). საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნებისთანავე მისი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის, დე ფაქტო და დე იურე აღიარება იყო. ამ თვალსაზრისით, სასურველი იყო საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების გახსნა მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში. საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიური წარმომადგენლობა შვედეთისა და ნორვეგიის სამეფოებში დაეფუძნებინა. საელჩოს გახსნასთან დაკავშირებით, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აკაკი ჩხენკელმა, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, იოჰანეს ჰელნორეს, წერილობით მიმართა. ა. ჩხენკელმა საქართველოს მთავრობის სახელით შვედეთის მთავრობას წარუდგინა შვედეთში საქართველოს წარმომადგენლის თანამდებობაზე მიხეილ (მიხაკო) წერეთელის კანდიდატურა და გამოხატა მისი უდიდებულესობის მთავრობის მხარდაჭერის იმედი. შვედეთის მთავრობის მხრიდან თანხმობის მიღების შემდეგ, 1918 წლის 19 ოქტომბერს, მიხაკო წერეთელი ოფიციალურად ჩავიდა სტოკჰოლმში რწმუნებათა სიგელების გადასაცემად მის უდიდებულესობისთვის - გუსტავ V-სთვის და დიპლომატიურ საქმიანობას შეუდგა. დასაწყისში საელჩო დროებით ფუნქციონირებდა სასტუმრო ”რეგინაში”, ხოლო მოგვიანებით (1919 წლის 16 იანვრისთვის) საქართველოს საელჩო დაფუძნდა ქალაქ სტოკჰოლმის ცენტრში „ტეგნერლუნდენ 3“-ში.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის სახელით 1918 წლის 26 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, აკაკი ჩხენკელმა, შვედეთის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელს, იოჰანეს ჰელნორს, ბერლინიდან წერილი გაუგზავნა იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო მიხაკო წერეთელის სხვა თანამდებობაზე დანიშვნის გადაწყვეტილება. საქართველოს დამოუკიდებლობის განმტკიცების და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირ-ურთიერთობების გაღრმავებისა და განვითარების კუთხით შესაფერის კანდიდატურად საქართველოს მთავრობამ შვედეთის საგარეო უწყებას არისტო ჭუმბაძე (1880-1971 წწ.) წარუდგინა. წერილში ა. ჩხენკელი საქართველოს მთავრობის სახელით გამოხატავდა მადლიერებას აღმოჩენილი დახმარებისთვის, რომელიც მათ ყოფილ ელჩს გაუწიეს და გამოთქვამდა იმედს, რომ მომავალშიც შვედეთის მხარე ახლად დანიშნულ წარმომადგენელს სათანადო დახმარებას აღმოუჩენდა. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰანეს ჰელნორმა, წერილობით უპასუხა მიხაკო წერეთელს (1919 წლის 21 იანვარი), სადაც იგი გამოხატავდა თანხმობას ა. ჭუმბაძის შვედეთში საქართველოს წარმომადგენლად დანიშვნის თაობაზე საქართველოს წარმომადგენლობა სტოკჰოლმში ფარავდა ნორვეგიის სამეფოსაც, სადაც არისტო ჭუმბაძე აკრედიტებული იყო საქართველოს წარმომადგენლად. რაც შეეხება საელჩოს სტოკჰოლმში, მას იმ დროისათვის საკმაოდ მოკრძალებული საშუალებები ჰქონდა და მცირერიცხოვანი იყო. შვედეთში არ არსებობდა ქართული დიასპორა, აქედან გამომდინარე, დიპლომატიური მისია მხოლოდ საკუთარ ძალებს ეყრდნობოდა. შვედეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს მთავარი ამოცანა იყო ოფიციალურ სტოკჰოლმთან და ოსლოსთან აქტიური მუშაობა ვერსალის საზავო კონფერენციაზე, კერძოდ, საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობისათვის აღნიშნული ქვეყნების წარმომადგენლების მხარდაჭერის მოპოვება. ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, გამოიხატა იმაში, რომ 1920 წელს ერთა ლიგაში შეიქმნა საქართველოს გაწევრიანების საკითხზე სამდივნო, რომლის აქტიური წევრებიც იყვნენ შვედი დეპუტატი თეოდორ ადელსვორდი (Theodor Adelsward ფინანსთა მინისტრი 1911-1917 წლებში) და ცნობილი ნორვეგიელი პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს საკითხზე მომხსენებელი და მთავარი მხარდამჭერი ფრიტიოფ ნანსენი (Fritiof Nansen). სწორედ მათი, აგრეთვე სხვა ქვეყნების დელეგაციების აქტიური მუშაობით, მოხდა 1921 წლის თებერვალში საქართველოს დე იურედ აღიარება.

ამის გარდა, შვედეთში საქართველოს საელჩოს საქმიანობის პრიორიტეტი იყო საქართველოს, როგორც დემოკრატიული რესპუბლიკის, ევროპულ ფასეულობებზე დაფუძნებული სახელმწიფოს გაცნობა და წარმოჩენა ადგილსამყოფელ ქვეყანაში, საქართველოში მრეწველობისა და სატრანსპორტო საშუალებების განვითარების მიზნით, შვედური კაპიტალის მოზიდვა. სამწუხაროდ, საქართველოს საელჩომ შვედეთის სამეფოში, ფინანსური სიდუხჭირის გამო, დიდხანს ვერ იფუნქციონირა. 1920 წლის ივნისში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენელი - არისტო ჭუმბაძე იძულებული გახდა წარმომადგენლობა დაეხურა. 1920 წლის 14 ივნისს არისტო ჭუმბაძემ წერილობით მიმართა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს და საგარეო უწყებას სხვა თანამდებობაზე გადასვლის შესახებ აცნობა. მან საქართველოს სახელით მადლობა გადაუხადა შვედეთის მთავრობას სტუმართმოყვარეობისთვის, ასევე მთავრობისა და საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერისთვის, რომელიც მათ ერთი წლის განმავლობაში გაუწიეს. კერძოდ, თავის წერილში არისტო ჭუმბაძე აღნიშნავდა: „მაქვს პატივი გაცნობოთ, რომ ჩემი ქვეყნის მთავრობის მოთხოვნით, უნდა გადავიდე სხვა თანამდებობაზე. ერთ წელიწადზე მეტია, ვსარგებლობ კეთილშობილი შვედი ხალხის სტუმართმოყვარეობით. ამ ხნის განმავლობაში ვგრძნობდი უდიდეს მხარდაჭერას, როგორც შვედეთის მთავრობის, ასევე საზოგადოების მხრიდან ჩემი ქვეყნის ინტერესებისათვის მუშაობის პერიოდში. ქართველი ხალხი არასოდეს დაივიწყებს იმ მორალურ თანადგომას, რაც შვედეთმა გამოიჩინა საქართველოსთვის ყველაზე კრიტიკულ წუთებში. ეს მხარდაჭერა გამოხატული იყო საქართველოს, როგორც დემოკრატიული, ახალგაზრდა რესპუბლიკის ფაქტიური აღიარებით. ორივე ქვეყნის ინტერესები მოითხოვს ჩვენს კულტურულად და ეკონომიკურად უფრო მეტად დაახლოებას. ამ მიზეზით, მე იმედს ვიტოვებ, რომ თქვენი აღმატებულება არ მოაკლებს თქვენს გავლენიან მხარდაჭერას ამ მნიშვნელოვანი დავალების განხორციელებას“. საქართველოს წარმომადგენელი აცნობებდა შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს იმის თაობაზე, რომ სტოკჰოლმში მისი შემცვლელის ჩასვლამდე, დროებით მოვალეობას შეასრულებდა საქართველოს წარმომადგენელი ბერლინში, დოქტორი ვლადიმერ ახმეტელი.

ლელა სარალიძე

ლიტერატურა

  • საქართველოს ეროვნული არქივის ცენტრალური საისტორიო არქივი, ჰარვარდის უნივ. მიკროფ. ასლები, საქ. 708;
  • გ. შარაძე, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა და საგარეო პოლიტიკა, თბ., 2003

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები