საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის კონსტიტუცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის კონსტიტუცია - საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ 1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი კონსტიტუცია მიიღო. იგი ქართული კონსტიტუციონალიზმის თავფურცელია. საქართველოს პირველი კონსტიტუციის ტექსტი დაეფუძნა კონსტიტუციონალიზმის იმ ფუძემდებლურ პრინციპებს, რომლებიც ასეთ პრინციპებად აღიარებული იყო პროექტის შემუშავებისა და მიღების პერიოდში დასავლურ კონსტიტუციონალიზმში. ესენია: ხელისუფლების ფუნქციონალური განაწილების (კონსტიტუციაში ცალკე თავი ეთმობა პარლამენტს, აღმასრულებელ ხელისუფლებას და სასამართლოს); მმართველობის ფორმის უცვლელობის; პარლამენტის უზენაესობისა და სუვერენობის; პარლამენტის უწყვეტობის; სახალხო სუვერენიტეტის; რესპუბლიკური მართვა-გამგეობის; უშუალო დემოკრატიის (რეფერენდუმი); კოლეგიალური მართვა-გამგეობის; აღმასრულებელი ხელისუფლების პოლიტიკური პასუხისმგებლობის; აღმასრულებელ ხელისუფლებაზე საპარლამენტო კონტროლის პრინციპები.

კონსტიტუცია დაეფუძნა საქართველოს 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს, რომელიც შემდგომში ამ კონსტიტუციის პრეამბულად ითვლებოდა. კონსტიტუციამ მმართველობის ფორმად საპარლამენტო რესპუბლიკა დაამკვიდრა ერთი განსაკუთრებული თავისებურების გათვალისიწნებით - სახელმწიფოს მეთაურის - პრეზიდენტის ინსტიტუტის გარეშე, რაც მათი მხრიდან მონარქიის შიშით იყო გამოწვეული. სოციალ-დემოკრატები პრეზიდენტს მონარქთან აიგივებდნენ.

კონსტიტუცია შედგება 17 თავისა და 149 მუხლისაგან.

სარჩევი

ზოგადი დებულებები

პირველი თავი ეთმობა ზოგად დებულებებს, რომელთა მიხედვით, საქართველო არის დამოუკიდებელი, თავისუფალი და განუყოფელი სახელმწიფო, მისი დედაქალაქია თბილისი, ხოლო სახელმწიფო ენა - ქართული ენა. იქვეა განმტკიცებული სახელმწიფო სიმბოლოები, საქართველოს ტერიტორიის მთლიანობის და კონსტიტუციის უზენაესობის პრინციპები.

ადამიანის უფლებები

კონსტიტუციის მეორე (საქართველოს მოქალაქეობა), მესამე (მოქალაქის უფლებანი), მეთორმეტე (სწავლა-განათლება და სკოლა), მეცამეტე (სოციალ-ეკონომიკური უფლებანი), მეთოთხმეტე (ეროვნულ უმცირესობათა უფლებანი) და მეთხუთმეტე (სახელმწიფო მოხელენი) თავები ადამიანის ძირითად უფლებებს ეხება. აქ წარმოდგენილია უფლებათა სამივე კატეგორია: პირადი, სოციალ-ეკონომიკური და პოლიტიკური. ასევე განმტკიცებულია ამ უფლებათა დაცვის კონსტიტუციურსამართლებრივი გარანტიები.

საქართველოს პარლამენტი

მეოთხე თავი ეთმობა საქართველოს პარლამენტს, რომელიც ირჩეოდა პირდაპირი, თანასწორი, საყოველთაო და ფარული არჩევნების პრინციპის საფუძველზე პროპორციული წესით სამი წლის ვადით. მოცემულია პარლამენტის კომპეტენციები, ასევე პარლამენტის წევრის სამართლებრივი მდგომარეობა. კონსტიტუციის მიხედვით, ხელმწიფება ეკუთვნის ერს, თუმცა ამ ხელმწიფებას კონსტიტუციის ფარგლებში ახორციელებს პარლამენტი. აქედან გამომდინარე, კონსტიტუციამ პარ- ლამენტის უზენაესობის პრინციპი დაადგინა.

აღმასრულებელი ხელისუფლება

მეხუთე თავი ეძღვნება ხელისუფლების მეორე შტოს - აღმასრულებელ ხელისუფლებას. კონსტიტუციის ამ თავის შინაარსიდან გამომდინარე, ფაქტობრივად, სახელმწიფოს მეთაური იყო კოლეგიალური ორგანო - მთავრობა. კონსტიტუციამ დაადგინა მთავრობის პოლიტიკური და იურიდიული პასუხისმგებლობის პრინციპი პარლამენტის წინაშე. მთავრობა წარმოადგენდა აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს ორგანოს. მთავრობას საკანონმდებლო ინიციატივისა და პარლამენტში ბიუჯეტის შესახებ კანონის წარდგენის უფლბამოსილება მიენიჭა. მთავრობა იყო თავდაცვის სფეროშიც უმაღლესი ორგანო.

სასამართლო ხელისუფლება

მეექვსე თავი ეთმობა სასამართლო ხელისუფლებას. გათვალისიწნებულია უმაღლესი სასამართლოს - სენატის არსებობა. აღნიშნული თავი განამტკიცებს სასამართლოს დამოუკიდებლობის ფუნდამენტურ პრინციპებს. გათვალისიწინებულ იქნა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო.

სახელმწიფო ბიუჯეტი

მეშვიდე თავი ეხება გადასახადებსა და სახელმწიფო ბიუჯეტს. დადგინდა გადასახადების კანონით შემოღების პრინციპი. კონსტიტუციის თანახმად, თუ პარლამენტმა ბიუჯეტის დამტკიცება ვერ მოასწრო საანგარიშო წლის დადგომამდე, მთავრობას, პარლამენტის ნებართვით, უფლება ეძლევა, სახელმწიფო ხარჯები ახალი ბიუჯეტის დამტკიცებამდე წინა წლის ბიუჯეტის მიხედვით დაფაროს.

სახელმწიფო კონტროლი

მერვე თავი განსაზღვრავს სახელმწიფო კონტროლის, როგორც უწყების კონსტიტუციურსამართლებრივ სტატუსს. სახელმწიფო კონტროლიორს ირჩევდა პარლამენტი და ის მის წინაშე იყო პასუხისმგებელი. კონტროლიორის ფუნქციები იყო: სახელმწიფო ბიუჯეტის სისწორით ასრულება; სახელმწიფოს ყოველნაირი შემოსავალი და გასავალი; მთავრობისა და სხვადასხვა უწყების ხარჯთაღრიცხვა და ანგარიში; ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსები.

სახელმწიფო თავდაცვა

მეცხრე თავში განისაზღვრა სახელმწიფო თავდაცვა და მასთან დაკავშირებული უმნიშველოვანესი საკითხები, აგრეთვე სამხედრო სამსახურის მოხდის ვალდებულება. კონსტიტუციაში ნათქვამია, რომ სამხედრო ძალების დანიშნულებაა რესპუბლიკისა და მისი ტერიტორიის დაცვა. გასაწვევთა რაოდენობას პარლამენტი ამტკიცებდა.

ადგილობრივი თვითმმართველობა

მეათე თავი მიეძღვნა ადგილობრივ თვითმმართველობას. ადგილობრივი თვითმმართველობას ირჩევდნენ საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი, ფარული და პროპორციული საარჩევნო წესით. ადგილობრივი თვითმმართველობა მართვა-გამგეობის საქმეში ემორჩილებოდა მთვარობის ცენტრალურ ორგანოებს. მთავრობის ცენტრალურ ორგანოებს უფლება ჰქონდათ, შეეჩერებინათ ადგილობრივი თვითმმართველობის დადგენილება და განკარგულება, თუ იგი ეწინააღმდეგებოდა კანონს.

ავტონომიურ მმართველობა

მეთერთმეტე თავი ეხება ავტონომიურ მმართველობას, რომელთა მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკის განუყოფელ ნაწილებს - აფხაზეთს (სოხუმის ოლქი), სამუსლიმანო საქართველოსა (ბათუმის მხარე) და ზაქათალას (ზაქათალის ოლქი) მიენიჭათ ადგილობრივი ავტონომიური მმართველობა.

სახელმწიფო და ეკლესია

მეთექვსმეტე თავის მიხედვით, სახელმწიფო და ეკლესია განცალკევებული და დამოუკიდებულია. არცერთ სარწმუნოებას არ აქვს უპირატესობა. ხარჯის გაღება სახელმწიფოს ხაზინიდან და ადგილობრივ თვითმართველობათა თანხიდან სარწმუნოებრივ საქმეთა საჭიროებისათვის აკრძალულია.

კონსტიტუციის გადასინჯვა

კონსტიტუციის ბოლო, მეჩვიდმეტე თავი, როგორც წესი, კონსტიტუციის ზოგად ან ნაწილობრივ გადასინჯვას ეხება. კონსტიტუციამ ცვლილებებისა და დამატებების რთული წესი დაამკვიდრა. კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის ინიციატივის უფლება ჰქონდა არანაკლებ პარლამენტის წევრთა ნახევარს და ორმოცდაათი ათას ამომრჩეველს. კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის პროექტი მიღებულ უნდა ყოფილიყო პარლამენტის წევრთა ორი მესამედის უმრავლესობით. იგი ძალაში შედიოდა მხოლოდ რეფერენდუმზე ხალხის თანხმობის შემთხვევაში. კონსტიტუციით აიკრძალა კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა რესპუბლიკური მართვა-გამგეობის გაუქმების მიზნით.

ბექა ქანთარია

ლიტერატურა

  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართლებრივი აქტების კრებული (1918-1921), 1990;
  • ბ. ქანთარია, კონსტიტუციონალიზმის ფუნდამენტური პრინციპები და მმართველობის ფორმის სამართლებრივი ბუნება პირველ ქართულ კონსტიტუციაში, 2013; * მ. მაცაბერიძე, საქართველოს 1921 წ. კონსტიტუციის პოლიტიკური კონცეფცია, 1993.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები