საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია - რუსეთის ყოფილ იმპერიაში ბაპტისტურ ეკლესიას, ბალტიისპირეთის შემდეგ, პირველად საქართველოში, თბილისში 1867 წლის 20 აგვისტოს დაედო სათავე. ამ დროს ერთმანეთს შეხვდნენ გერმანელი ბაპტისტი მარტინ კოლვეიტი და თბილისის მალაკანთა თემის წინამძღვარი ნ.ი. ვორონინი, რომელმაც წყლით ნათლობის აუცილებლობა აღიარა, მოინათლა და ძველი თანამორწმუნეების დიდი ნაწილი გაიყოლია. ამდენად, თბილისის ბაპტისტთა ეკლესია რუსეთიდან გადმოსახლებული მალაკნების ბაზაზე შეიქმნა. მოგვიანებით ბაპტისტთა ოსური და სომხური თემებიც ჩამოყალიბდა. ამ თემში დროდადრო ქართველებიც წევრიანდებოდნენ, მაგრამ მათი რაოდენობა იმდენად მცირე იყო, რომ ქადაგება მხოლოდ რუსულ ენაზე მიმდინარეობდა. 1919 წელს ვითარება შეიცვალა და შესაძლებელი გახდა ქართულენოვანი ეკლესიის დაარსება. ეს მისია სამხედრო სამსახურიდან ახლადდაბრუნებულმა ილია კანდელაკმა იკისრა.

სარჩევი

ისტორია

საბჭოთა ეპოქაში ბაპტისტებს დევნიდნენ და ავიწროვებდნენ ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა აღმსარებლობის ადამიანებს. საქართველოდან გადაასახლეს არაერთი ბაპტისტი ღვთისმსახური. ბოლშევიკებმა 1927 წელს მოკლეს ილია კანდელაკი, როდესაც იგი ქადაგებიდან შინ ბრუნდებოდა. დახურეს ბაპტისტური ეკლესიები. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქართულენოვანი მსახურების უფლება ეკლესიას მხოლოდ თბილისში დაუტოვეს, ამიტომაც მორწმუნეები მხოლოდ დედაქალაქში იყრიდნენ თავს.

1944 წელს თბილისის ბაპტისტთა თემს „სახარებისეული ქრისტიანები“ შეუერთდნენ. დღეისათვის ეს ორი მიმართულება (ბაპტისტები და ევანგელისტები, რადგან მათ შორის არსობრივი სხვაობა არაა) გაერთიანებულია და ეწოდება საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია (სებე).

რამდენადაც საბჭოთა პერიოდის საქართველოში რელიგიურ ასპარეზზე, სხვა კონფესიებთან შედარებით, ყველაზე აქტიურად მართლმადიდებელი და ბაპტისტური ეკლესიები იღწვოდნენ, ამ ეკლესიებს შორის მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობა ჩამოყალიბდა. 1970-80იან წლებში ბაპტისტების ლიდერი გიორგი ბოლღაშვილი, საქართველოს საპატრიარქოს თხოვნით, რეგულარულად ქადაგებდა სიონის საკათედრო ტაძარში. 1980-იან წლებში ახალგაზრდა ბიბლიოლოგი მალხაზ სონღულაშვილი (ამჟამად ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მთავარეპისკოპოსი) კათალიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ბიბლიის მთარგმნელობით კომისიაში მიიწვია. 1990-იანი წლებიდან კი, ქვეყანაში რელიგიური ნაციონალიზმის გაძლიერებისთანავე, ეკლესიების ურთიერთობა გაცივდა, ხოლო შემდეგ თითქმის მთლიანად დაირღვა. 1991 წელს ქვეყნის პირველმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქართველი ბაპტისტები არ არიან ნამდვილი ქართველები, ხოლო მოგვიანებით ბაპტისტების მიმართ მსგავსი დამოკიდებულება მართლმადიდებელმა ეკლესიამაც გამოამჟღავნა. 1997-2003 წლებში დეკანოზი ბასილ მკალავიშვილი და მისი მიმდევრები პერიოდულად ანადგურებდნენ სებეს ეგიდით გამოცემულ ბიბლიურ წიგნებს, არბევდნენ სებეს მიერ ორგანიზებულ ეკუმენურ მსახურებებს. 2002 წელს დაუდგენელმა პირებმა გადაწვეს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის შენობა სოფელ ახალსოფელში (აღდგენილია 2005 წ. კახეთი) და სხვ.

ამჟამად სებეს ცენტრი ბეთელის კერაა თბილისში, რომლის გახსნის ცერემონიალში (2005 წ.) მონაწილეობა მიიღეს თბილის მერმა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა და მცხეთა-თიანეთის გუბერნატორმა. ცენტრის დაარსების ისტორია ჩეჩენ ლტოლვილებთანაა დაკავშირებული, რომლებმაც ჩეჩნეთში მიმდინარე ომის დროს (1996-97 წწ.) საქართველოს შეაფარეს თავი. ევანგელურ-ბაპტისტურმა ეკლესიამ მათ თანადგომა გაუწია, რაც ლტოლვილების სამედიცინო მომსახურებას, ტანსაცმლით უზრუნველყოფას, იურიდიულ კონსულტაციას, ბავშვთა სამხატვრო სკოლისა და დასასვენებელი ბანაკების მოწყობას მოიცავდა. თავდაპირველად ბაპტისტი მორწმუნეები ჩეჩენ ლტოლვილებს თავიანთ სახლებში მასპინძლობდნენ, მაგრამ რამდენიმე სახლი ამისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა და ბეთელის კერის შექმნის იდეა დაიბადა.

ეკლესია აქტიურ საქველმოქმედო, კულტურულ და საზოგადოებრივ საქმიანობას ეწევა. იგი კოორდინაციას უწევს საქართველოს ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტისა და საქართველოს ბიბლიური საზოგადოების მუშაობას, რომლის მხარდაჭერით, უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში, საქართველოში ბიბლიისა და ბიბლიოლოგიური ლიტერატურის არაერთი გამოცემა განხორციელდა.

1990-იანი წლების ბოლოს სებე ერთ-ერთი ინიციატორი იყო საქართველოში ქრისტიანული ეკლესიების სამუშაო ჯგუფის შექმნისა, რომელშიც გაერთიანებულია ოთხი ეკლესია: ევანგელურ-ლუთერანული ეკლესია საქართველოში, საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქია და კათოლიკე ეკლესია საქართველოში.

დღესდღეობით (2008 წ.) საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის (მონათლულ წევრთა რიცხვი დაახლ. 5000-ს უდრის, თანამდგომთა და თანამგრძნობთა ჩათვლით 17 000-ს. ისინი საქართველოს ყველა რეგიონში ცხოვრობენ. მათ შორის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთშიც, რომლებთანაც კავშირი ცენტრს შენარჩუნებული აქვს.

ორგანიზაცია

სებე ორგანიზაციული კუთხით დემოკრატიულ პრინციპზეა აგებული. მისი უმაღლესი მმართველობითი ორგანოა საეკლესიო კრება, რომელშიც მონაწილეობენ როგორც სასულიერო, ისე საერო პირები. კრება ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება და ფარული კენჭისყრით ირჩევს მთავარეპისკოპოსს, რომელიც მოიაზრება პირველ მწყემსად თანასწორთა შორის. კრება ასევე ირჩევს ეპისკოპოს-პრეზიდენტს. იგი თაოსნობს ეკლესიის ადმინისტრაციას და პარალელურად ეკლესიის სინოდის თავმჯდომარეცაა. ეპისკოპოს-პრეზიდენტი ნიშნავს ეკლესიის გენერალურ მდივანსაც. სინოდი წარმართავს ეკლესიის ცხოვრებას და ანგარიშვალდებულია კრების წინაშე. ცალკეულ ადგილობრივ ეკლესიებს ჰყავს ხუცესები, დიაკვნები, მქადაგებლები, მაგრამ ისინი ერთმანეთთან იერარქიულად არ არიან დაკავშირებულნი. რეგიონალური პრონციპით სებე ოთხადაა გაყოფილი (კახეთი, თბილისი, ქართლი, დასავლეთ საქართველო). თითოეულ რეგიონს ეპისკოპოსი ან მთავარხუცესი მეთვალყურეობს. ეკლესიაში დაშვებულია ქალთა ხელდასხმა.

ამჟამად ეკლესიის მეთაური მთავარეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილია, ხოლო ეპისკოპოსპრეზიდენტია მერაბ გაფრინდაშვილი. სებეში მოღვაწეობს კიდევ სამი ეპისკოპოსი, რომელთა შორის ერთ-ერთი ქალია (რუსუდან გოცირიძე).

სებეს ეკლესიები მართვა-გამგებლობის საკითხებში ავტონომიურნი არიან. ამიტომ სხვადასხვა ეკლესიაში სხვადასხვა წესისა და სტილის მსახურება იმართება.

დღესდღეობით სებე მკაფიოდ გამოხატული ეკუმენური ორიენტაციის ეკლესიაა. მას მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებს ევროპის და საერთოდ, მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ერთმორწმუნეებთან. იგი ერთადერთი ქრისტიანული ეკლესიაა საქართველოდან, რომელიც ოფიციალური წევრია საერთოევროპული ეკუმენური მოძრაობისა - ევროპის ეკლესიათა კონფერენციისა. სებე აქტიურად მონაწილეობს მსოფლიო ეკუმენურ მოძრაობაშიც. მას განსაკუთრებით მჭიდრო ურთიერთობები აქვს ანგლიკანურ ეკლესიასთან, რომლის მეთაურმა, კენტერბერიის მთავარეპისკოპოსმა 2005 წელს ლამბეტის სასახლის ჯვრით დააჯილდოვა მთავარეპისკოპოსი მალხაზ სოღულაშვილი. იგი მსოფლიო მართლმადიდებელი პატრიარქის, ბართოლომეოს I-ის მიერაცაა დაჯილდოვებული მოოქროვილი ჯვრით.

სებე მიიჩნევს, რომ ის არის მემკვიდრე, ერთი მხრივ, ევროპული რეფორმაციისა, ხოლო მეორე მხრივ, საქართველოს მართლმადიდებლური სულიერებისა. მართლმადიდებლური მემკვიდრეობის გამო, ამ ეკლესიაში მკაფიოდაა წარმოდგენილი მოძღვრება სამებისა და ქრისტეს ბუნების შესახებ, ურთიერშერწყმულია ევქარისტიისა და ლიტურგიკული პრაქტიკის ტრადიციული და თანამედროვე ფორმები. სხვა ბაპტისტური ეკლესიებისგან განსხვავებით, საქართველოში არსებობს ქართული ხატწერის ტრადიციებზე დამყარებული იკონოგრაფიის ორიგინალური სკოლა. 2004 წელს ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტისა და საქართველოს ბიბლიური საზოგადოების მიერ ერთობლივად გამოიცა ახალი აღთქმის ძველი ქართული ტექსტი, რომელიც საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს მიეძღნა.

სებეს წევრები მიიჩნევენ, რომ მსოფლიო ქრისტიანული ეკლესიის ნაწილს წარმოადგენენ და ერთადერთ ეკლესიად (სადაც სულის ხსნა არის შესაძლებელი) თავს არ მოიაზრებენ. ისინი აცხადებენ, რომ ყველა ქრისტიანულ ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი, არსებობს ხსნის შესაძლებლობა. საქართველოს ბაპტისტების რწმენით, ამისათვის საკმარისია ადამიანის ღრმა სურვილი, გახდეს ქრისტიანი.

სოციალური მსახურება

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიას სწამს, რომ სოციალური საქმიანობა, სახარების გავრცელებასთან ერთად, ეკლესიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ამიტომ ბაპტისტები სოციალური პროგრამების განხორციელებას საგანგებო ყურადღებას უთმობენ: ეხმარებიან უპოვართ, იძულებით გადაადგილებულებს, მზრუნველობამოკლებულ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს, მიუსაფარ მოხუცებს. სებეს ეგიდით მოქმედებს წმინდა ნინოს ორდენი, რომელშიც გაერთიანებულნი არიან დიაკონისები (მსახური დები). მთელ საქართველოში წმ. ნინოს დები 400-მდე ადამიანს (რელიგიური მრწამსისა და ეთნიკური წარმომავლობის განურჩევლად) უვლიან.

ეკლესიის სოციალური საქმიანობის ცენტრსაც ბეთელის კერა წარმოადგენს. ამჟამად ამ სახლში 25 მოხუცებული ცხოვრობს. აქვე განთავსებულია წმინდა ნინოს ორდენის შტაბბინაც. გარდა ამისა, ცენტრში იმართება კონფერენციები, კონსულტაციები, შეხვედრები, იკითხება გაძლიერებული კურსი თეოლოგიაში, რომელსაც გადის ყველა, ვინც ღვთისმსახურებისთვის ემზადება. მოქმედებს რამდენიმე სკოლა, რომლებიც სხვადასხვა საკითხის შესწავლაზეა ორიენტირებული, ესენია: ქრისტიანული ლიტურგია, მონოთეისტური რელიგიების თავისებურებები და მათი ჰარმონიული თანაარსებობის გზები და ა.შ. გახსნილია ენებისა და კომპიუტერის შემსწავლელი კურსები.

ბეთელის ცენტრის გარდა, ბაპტისტური ეკლესიის წიაღში არსებობს ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარიც - „კეთილი სამარიტელის სახლი“. რეაბილიტაცია აქ უკვე ათეულობით ადამიანმა გაიარა. საქართველოს ევანგელურბაპტისტური ეკლესია მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე ეკლესიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საზრუნავი, სოციალური სამართლიანობის სხვა ასპექტებთან ერთად, სწორედ გენდერული თანასწორობაა - როგორც საზოგადოებაში, ისე ეკლესიაში.

სებე რეგულარულად უწევს თანადგომას მზრუნველობამოკლებული ბავშვების რამდენიმე ცენტრს. მართავს ინტერრელიგიურ, საზაფხულო, საგანმანათლებლო, ახალგაზრდულ ბანაკებსა და სხვ.

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიაში დიდმარხვის კვირები თემატურადაა დაყოფილი. ერთი კვირა პატიმრებისაა, მეორე - სნეულთა, მესამე - ეკოლოგიის, მეოთხე - ბავშვების, მეხუთე - მოხუცებულთა.

წყარო

რელიგიები საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები