საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
2018 წლის 22 იანვარს სოკ-ის პრეზიდენტმა თომას ბახმა სეოკ-ის პრეზიდენტს ლერი ხაბელოვს სეოკ-ის აღიარების სერთიფიკატი გადასცა. ლოზანა

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი - ორგანიზაცია, რომელიც წარმოადგენს საქართველოს საერთაშორისო ოლიმპიურ მოძრაობაში.

1989 წელს საქართველოს სპორტის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის, ნუგზარ ენდელაძის მხარდაჭერით შეიქმნა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დაფუძნების საინიციატივო ჯგუფი, რომელსაც სათავეში ჩაუდგა გაზეთ „ლელოს“ რედაქტორი თენგიზ გაჩეჩილაძე.

საინიციატივო ჯგუფის პირველი სამუშაო სხდომა 1989 წლის 28 ივლისს გაიმართა, მოგვიანებით კი, საორგანიზაციო კომიტეტის სტატუსით გააგრძელა საქმიანობა, რაც იმავე წლის 6 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დაფუძნებით დასრულდა. ამ საქმეში, გარდა თენგიზ გაჩეჩილაძისა, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს დავით კინწურაშვილმა, ნოდარ გუგუშვილმა, პაატა ნაცვლიშვილმა, ემზარ ზენაიშვილმა, ავთანდილ ციბაძემ, ივანე ყიფიანმა, ვაჟა კაჭარავამ, დავით კაკაბაძემ, დავით კილასონიამ და საინიციატივო-­საორგანიზაციო კომიტეტის სხვა აქტიურმა წევრებმა.

სეოკ-­ი შეიქმნა 1989 წლის 6 ოქტომბერს თბილისში, ჭადრაკის სასახლეში გამართულ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დამფუძნებელ კონფერენციაზე, რომელსაც ესწრებოდა 377 დელეგატი. კონფერენციამ ერთხმად მიიღო დადგენილება სეოკ­ის დაფუძნების შესახებ, დაამტკიცა მისი წესდება და დეკლარაციის ტექსტი. დამფუძნებელ კონფერენციაზე სეოკ­-ის პირველ პრეზიდენტად აირჩიეს ნონა გაფრინდაშვილი. მომდევნო წლებში სეოკ­ის პრეზიდენტები იყვნენ ჯანსუღ (ჯანო) ბაგრატიონი, ბადრი პატარკაციშვილი, გია ნაცვლიშვილი. 2012 წლიდან სეოკ­ის პრეზიდენტია ლერი ხაბელოვი.

წესდების მიხედვით, სეოკ­ი მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით და მოწოდებულია ხელი შეუწყოს ოლიმპიური მოძრაობისა და სპორტის განვითარებას საქართველოში. სეოკ­-ს აქვს განსაკუთრებული უფლება, წარადგინოს საქართველო ოლიმპიურ თამაშებზე, სხვა ოლიმპიურ შეჯიბრებებზე. იგი ადგენს და ხელმძღვანელობს საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციებს, ნიშნავს თავის წარმომადგენელს სოკ-­ში. სეოკ­ი იცავს თავის ავტონომიურ უფლებებს და არ ექცევა არავითარი პოლიტიკური, რელიგიური თუ ეკონომიკური ზეგავლენის ქვეშ, რასაც შეუძლია შეაფერხოს ოლიმპიური ქარტიის მოთხოვნათა შესრულება.

წესდების თანახმად, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური მოძრაობა საერთაშორისო ოლიმპიური მოძრაობის შემადგენელი ნაწილია და კისრულობს პასუხისმგებლობას ოლიმპიური ქარტიისა და ოლიმპიური მოძრაობის დებულებათა დაცვაზე, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისგადაწყვეტილებების შესრულებაზე.

სეოკ­-ი შეიმუშავებს და ახორციელებს მიზნობრივ ოლიმპიურ პროგრამებს, სოციალურ დახმარებას უწევს მოქმედ და ვეტერან სპორტსმენებს, მონაწილეობს ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამებში, აწყობს სპორტში ძალადობისა და დოპინგის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებს, ოლიმპიურ ფესტივალებს, ოლიმპიურ დღეს და კვირეულს, ლიტერატურულ კონკურსებს, ნორჩ მხატვართა გამოფენას, გამოსცემს ჟურნალ „ოლიმპიელს“, სპორტულ წიგნებს, ქმნის დოკუმენტურ ფილმებს და ა. შ.

სეოკ­-ს დაწესებული აქვს ორდენები, მედლები და სხვა ჯილდოები.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტები

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები