საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
1991 წლის 31 მარტი

საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმი - საქართველოში 1991 წლის 31 მარტს ჩატარებულმა რეფერენდუმმა მხარი დაუჭირა ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას, რაც იმავე წლის 9 აპრილს მიღებული შესაბამისი საკანონმდებლო აქტით გაფორმდა.

სარჩევი

წინაპირობა

1990 წლის გაზაფხულიდან საბჭოთა იმპერია დეზინტეგრაციის გზას დაადგა. საქართველოს უზენაესი საბჭო, როგორც ქართველი ხალხის ნების გამომხატველი ლეგიტიმური უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, უფრო მიზანმიმართულად შეუდგა საქართველოს ეროვნული მისწრაფების - სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას.

საქართველოს უზენაესი საბჭოს პრიორიტეტულ ამოცანებს საბჭოთა ინსტიტუტების გაუქმება და სანაცვლოდ ეროვნულ-სახელმწიფოებრივი, დემოკრატიული სტრუქტურების ფორმირება წარმოადგენდა.

საბჭოთა იმპერიის შენარჩუნების მიზნით კრემლში ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულება შეიმუშავეს. საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი სუვენერული საბჭოთა რესპუბლიკების კავშირად - ახალ ნებაყოფიოლობით, დემოკრატიულ ფედერატიულ სახელმწიფოდ უნდა გარდაქმნილიყო პრინციპით - „ძლიერი ცენტრი - ძლიერი რესპუბლიკები“. საქართველოს ხელისუფლებამ გადაჭრით განაცხადა, რომ ამ ხელშეკრულებაზე ხელს არ მოაწერდა. სამოკავშირეო ხელშეკრულების კონცეფციას ზოგიერთო სხვა რესპუბლიკაც დაუპირისპირდა. შექმნილ ვითარებაში, საკავშირო სახელმწიფოს გადარჩენის ბოლო საშუალებად მიჩნეულ იქნა მოსახლეობის პლებისციტი – რეფერენდუმი, რომლის ჩატარება 1991 წლის 17 მარტისთვის დაინიშნა.

რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალა საკავშირო რეფერენდუმი და მის საპირისპიროდ ეროვნული რეფერენდუმის ჩატარების დადგენილება მიიღო.

სარეფერენდუმო კითხვა

1991 წლის 31 მარტს საქართველოს მასშტაბით მოეწყო მოსახლეობის საერთო-სახალხო გამოკითხვა. მის მონაწილეებს უნდა ეპასუხათ კითხვაზე: „თანახმა ხართ თუ არა აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?“

31 მარტის რეფერენდუმის შედეგები

საქართველოს რესპუბლიკის ცენტრალური სარეფერენდუმო კომისიის მონაცემებით რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო 3.334.282 ადამიანმა, რაც ამომარჩეველთ საერთო რიცხვის 90,79%-ს შეადგენდა.

სარეფერენდუმოდ გამოტანილ კითხვას დადებითი პასუხი გასცა 3.295.493 ამომარჩეველმა, რაც კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვის 99,08 %-ს შეადგენდა.

სარეფერენდუმოდ გამოტანილ კითხვას უარყოფითი პასუხი გასცა 16.917 ამომარჩველმა, რაც კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვის 0,51 %-ს შეადგენდა.

ბათილად ცნობილი ბიულეტენების რაოდენობა იყო 13.690, რაც კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვის 0,41%-ს შეადგენდა.

„რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხი მიღებულად ჩაითვალა.

31 მარტის რეფერენდუმის მნიშვნელობა

რეფერენდუმის შედეგებმა ქვეყნის ხელისუფლებას მეტი საფუძველი მისცა საქართველოს პოლიტიკური ბედის გადასაწყვეტად. დაეყრდნო რა 31 მარტის რეფერენდუმით გამოხატულ რესპუბლიკის მოსახლეობის ერთსულოვან ნებას, საქართველოს უზენაესმა საბჭომ 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

იხილეთ აგრეთვე

გაზეთი "საქართველოს რესპუბლიკა" 1991 წლის 5 აპრილი: საქართველოს რესპუბლიკის ცენტრალური სარეფერენდუმო კომისიისაგან

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები