საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი - საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი, მიღებულ იქნა 1991 წლის 9 აპრილს, 12 საათსა და 30 წუთზე, თბილისში, მთავრობის სასახლეში.

სარჩევი

ვითარება საქართველოში

1990 წლის გაზაფხულიდან საბჭოთა იმპერია დეზინტეგრაციის გზას დაადგა. ლატვიამ, ლიტვამ, ესტონეტმა და სხვა „მოკავშირე რესპუბლიკებმა“, მათ შორის რუსეთის ფედერაციამაც, დამოუკიდებლობის დეკლარაციები გამოაცხადეს.

1990 წლის 9 მარტს საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს სესიამ მიიღო დადგენილება „საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვის გარანტიების შესახებ“. იმპერიის შემადგენლობაში საქართველოს ყოფნა უკანონოდ იქნა აღიარებული თვით კომუნისტური მმართველობის მიერ. სესიამ დაგმო 1921 წლის 25 თებერვლის გასაბჭოების აქტი, როგორც ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართელოს ინტერვენცია და ოკუპაცია. საქართველოს მიმართ უკანონოდ იქნა ცნობილი 1922 წლის 30 დეკემბრის ხელშეკრულება, რომლითაც საფუძველი ჩაეყარა სსრ კავშირს.

საქართველოს უზენაესი საბჭო, როგორც ქართველი ხალხის ნების გამომხატველი ლეგიტიმური უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, უფრო მიზანმიმართულად შეუდგა საქართველოს ეროვნული მისწრაფების - სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას.

სსრ კავშირის პრეზიდენტად არჩეულ მიხეილ გორბაჩოვს არ დაუმალავს, რომ თუ საქართველო შეეცდებოდა „ძმური კავშირიდან“ გამოყოფას, მას პრობლემები შეექმნებოდა საკუთარ ტერიტორიაზე არსებულ ავტონომიურ ერთეულებში. მოსკოვის ფარული თუ აშკარა მხარდაჭერით, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მართლაც იმძლავრა ანტიქართულმა განწყობამ. აფხაზეთის სეპარატისტული ორგანიზაცია „აიდგილარა“ აფხაზეთის მოკავშირე რესპუბლიკად გარდაქმნას და საქართველოდან ჩამოშორებას, ოს სეპარატისტთა გაერთიანება „ადამონ ნიხასი“ კი სამხრეთ ოსეთის ჩრდილოეთ ოსეთთან შეერთებას მოითხოვდა. როგორც ერთი, ისე მეორე დაჯგუფება იმავდროულად კრემლისავე ხელშეწყობით იარაღს იმარაგებდა და სახედრო კონფრონტაციისთვის ემზადებოდა.

საქართელოს ეროვნულ ხელისუფლებას მძიმე მემკვიდრეობა დახვდა. პოლიტიკური პრობლემების გარდა, თავი იჩინა ეკონომიკური, სოციალური და სხვა ხასიათის სირთულეებმა, რომლებიც ცენტრთან დაპირისპირების პარალელურად კიდევ უფრო მწვავდებოდა.

საქართველოს უზენაესი საბჭოს პრიორიტეტულ ამოცანებს საბჭოთა ინსტიტუტების გაუქმება და სანაცვლოდ ეროვნულ-სახელმწიფოებრივი, დემოკრატიული სტრუქტურების ფორმირება წარმოადგენდა. შეწყდა საბჭოების უფლებამოსილება, დაიწყო კოლმეურნეობების და საბჭოთა მეურნეობების დაშლა, წვრილი საწარმოებისა და ობიექტების პრივატიზაცია, ჩაისახა თვისუფალი მეწარმეობა, გაჩნდა კერძო ბანკები, მომრავლდა დამოუკიდებელი ჟურნალ-გაზეთები, გამოიკვეთა სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების პირველი ნიშნები. უზენაესმა საბჭომ ქვეყნის ტერიტორიაზე შეაჩერა სსრ კავშირის კანონები და კანონქვემდებარე აქტები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ საქართველოს რესპუბლიკის კანონებსა და ინტერესებს. შეიცვალა ახალგაზრდების სამხედრო სამსახურში გაწვევის წესი. შეიქმნა შინაგანი ჯარი - ეროვნული გვარდია]. 1991 წლის მარტში ჩატარდა ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების - საკრებულოების დეპუტატთა არჩევნები და სხვ.

ყოველ საკანონმდებლო სიახლეს მოსკოვიდან მყისიერი სამართლებრივი უარყოფა მოსდევდა. გაჩაღდა „კანონთა ომში“ კრემლი კვლავ სსრ კავშირის კონსტიტუციას ემყარებოდა, საქართველოში კი ამ დოკუმენტს უკვე ანგარიში აღარ ეწეოდა. საქართველოს საბჭოურ კონსტიტუციაში ფუნდამენტური ცვლილებები და დამატებები შედიოდა. ამოქმედდა კანონი გარდამავალი პერიოდის შესახებ. ქვეყანაში მიმდინარეობდა მზადება რეალური სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის.

იმპერიის შესანარჩუნებლად კრემლში ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულება შეიმუშავეს. საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი სუვენერული საბჭოთა რესპუბლიკების კავშირად - ახალ ნებაყოფიოლობით, დემოკრატიულ ფედერატიულ სახელმწიფოდ უნდა გარდაქმნილიყო პრინციპით - „ძლიერი ცენტრი - ძლიერი რესპუბლიკები“. საქართველოს ხელისუფლებამ გადაჭრით განაცხადა, რომ ამ ხელშეკრულებაზე ხელს არ მოაწერდა. სამოკავშირეო ხელშეკრულების კონცეფციას ზოგიერთო სხვა რესპუბლიკაც დაუპირისპირდა. შექმნილ ვითრებაში, საკავშირო სახელმწიფოს გადარჩენის ბოლო საშუალებად მიჩნეულ იქნა მოსახლეობის პლებისციტი - რეფერენდუმი, რომლის ჩატარება 1991 წლის 17 მარტისთვის დაინიშნა.

რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალა საკავშირო რეფერენდუმი და მის საპირისპიროდ ეროვნული რეფერენდუმის ჩატარების დადგენილება მიიღო.

რეფერენდუმი

1991 წლის 31 მარტს საქართველოს მასშტაბით მოეწყო მოსახლეობის საერთო-სახალხო გამოკითხვა. მის მონაწილეებს უნდა ეპასუხათ კითხვაზე: „თანახმა ხართ თუ არა აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?“ რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო 3 მილიონ სამასიათასზე მეტმა ამომრჩეველმა. გამოკითხულთა 98%-მა შეკითხვას დადებილი პასუხი გასცა. საქართველოს დამოუკიდებლობის იდეას მხარი დაუჭირა რესპუბლიკის არაქართველი მოსახლეობის უმეტესობამაც.

დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღება

რეფერენდუმის შედეგებმა ქვეყნის ხელისუფლებას მეტი საფუძველი მისცა საქართველოს პოლიტიკური ბედის გადასაწყვეტად. დაეყრდნო რა 31 მარტის რეფერენდუმით გამოხატულ რესპუბლიკის მოსახლეობის ერთსულოვან ნებას, უზენაესმა საბჭომ 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

იხილე აგრეთვე

საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები