საქართველოს 2003 წლის 2 ნოემბრის რეფერენდუმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საქართველოს 2003 წლის 2 ნოემბრის რეფერენდუმი - 2003 წლის 2 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნების პარალელურად ჩატარებულმა რეფერენდუმმა, მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტში დეპუტატთა რაოდენობის შემცირებას, რომელიც განისაზღვრა 150 დეპუტატით.

სარჩევი

დავა სამართლებრივ საკითხებზე

2003 წლის პარლამენტის არჩევნების წინ, ფართოდ განიხილებოდა საკითხი მომავალი პარლამენტის წევრთა რაოდენობის განსაზღვრის თაობაზე. მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, გამოიკვეთა საკითხი დეპუტატთა რიცხვის შემცირების შესახებ. კერძოდ, 253 დეპუტატის ნაცვლად ქვეყნისათვის სრულიად რეალური იქნებოდა 150-მდე დეპუტატიანი პარლამენტი. ამ წინადადებას მხარს უჭერენ არასამთავრობო ორგანიზაციები და მისი განხორციელების მიზნით რეფერენდუმის ჩატარებას მოითხოვენ.

საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ 2003 წლის 2 სექტემბრის ბრძანებულებით დააკმაყოფილა 218 000 ამამრჩევლის თხოვნა და დანიშნა რეფერენდუმი.

ამ გადაწყვეტილებას, საზოგადოების უმრავლესობისგან განსხვავებით, აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა იურისტთა შორის. ერთი ნაწილი მისი ჩატარების კონსტიტუციურობას ეჭვქვეშ აყენებდა და მიუთითებდა, რომ რეფერენდუმის შედეგებს შეეძლო არასასურველი, არასამართლებრივი პრობლემების შექმნა, მეორე ნაწილს კი კონსტიტუციურად მიაჩნდა რეფერენდუმის ჩატარება. ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ მოსახლეობა რეფერენდუმზე გამოტანილ კითხვას დადებით პასუხს გასცემდა.

დავას რამოდენიმე საკითხი იწვევდა. რეფერენდუმის შედეგები კონსტიტუციაში ცვლილებებს მოითხოვდა, ხოლო კონსტიტუციის 74-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად „არ შეიძლება რეფერენდუმის მოწყობა კანონის მისაღებად ან გასაუქმებლად“.

სადაო იყო რეფერენდუმის შედეგების ძალაში შესვლის საკითხი. ვინაიდან შედეგები არ გავრცელდებოდა 2003 წლის მოწვევის პარლამენტის წევრებზე და იგი შეეხება მხოლოდ 2007 წლის მოწვევის პარლამენტს.

რეფერენდუმის ჩატარების კანონიერებას ეჭვქვეშ აყენებს კიდევ ის გარემოება, რომ საქართველოს იურისდიქცია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არ ვრცელდებოდა, ხოლო ორგანული კანონის 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვდა, რეფერენდუმის ქვეყნის მთლ ტერიტორიაზე მოწყობას. („რეფერენდუმი იმართება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე“).

იურისტები გამოსავალს პლებისციტის ჩატარებაში ხედავდნენ, რომელის შედეგებსაც ხელისუფლებისათვის სარეკომენდაციო და არა სავალდებულო ხასიათი ექნებოდა როგორც ეს რეფერენდუმის შემთხვევაშია.

სარეფერენდუმო კითხვა

2003 წლის 2 ნოემბერის რეფერენდუმის მონაწილეებს პასუხი უნდა გაეცათ კითხვაზე: „თანახმა ხართ თუ არა, რომ საქართველოს პარლამენტის წევრთა რაოდენობა შემცირდეს და განისაზღვროს არა უმეტეს 150 დეპუტატით“

რეფერენდუმის შედეგები

  • ამომრჩევეთა საერთო რაოდენობა – 3. 178.593
  • რეფერენდუმის მონაწილეთა საერთო რაოდენობა – 2. 031.057
  • კენჭისყრის მონაწილეთა საერთო რაოდენობა - 1. 904.105
  • იმ ამომრჩეველთა რიცხვი, რომლებმაც ხმა მისცეს დადებითად – 1. 590. 309
  • იმ ამომრჩეველთა რიცხვი, რომლებმაც ხმა წინააღმდეგ მისცეს – 184. 209
  • ბათილად ცნობილი ბიულეტენების რაოდენობა - 123. 466

სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხი – თანახმა ხართ თუ არა, რომ საქართველოს პარლამენტის წევრთა რაოდენობა შემცირდეს და განისაზღვროს არა უმეტეს 150 დეპუტატით – ჩაითვალა მიღებულად, ანუ არსებული შედეგით რეფერენდუმი შედგა.

რეფერენდუმის ძალაში შესვლის საკითხი ახლადარჩეულ პარლამენტს უნდა გადაეწყვიტა.

2005 წლის 10 თებერვალს პრეზიდენტმა სააკაშვილმა პარლამენტში თავის გამოსვლის დროს განაცხადა „2.300 000 ამომრჩეველმა განაცხადა რომ დეპუტატთა რიცხვი არ უნდა აღემატებოდეს 150-ს, და თუ ჩვენ ამას ვერ შევასრულებთ, ეს იქნება იმ ამორჩეველთა დამცირება“.

2005 წლის 23 თებერვალს პარლამენტმა ცვლილება შეიტანა კონსტიტუციაში და დეპუტატთა რაოდენობა 150–მდე შეამცირა.

რეფერენდუმის ჩატარებიდან 8 წლის შემდეგ

რეფერენდუმის ჩატარებიდან შვიდნახევარი წლის გასვლის შემდეგ მისი კონსტიტუციურობა ისევ ეჭვქვეშ დადგა.

დეპუტატების ერთი ნაწილი მიიჩნევდა, რომ 2003 წლის რეფერენდუმი იყო უკანონო, ვინაიდან იგი არ ჩატარებულა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, რეფერენდუმის შედეგებმა გამოიწვია ცვლილებები კანონმდებლობაში და რეფერენდუმის შედეგები მისი მიღებიდან ერთი თვის განმავლობაში არ ასახულა.

2008 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მმართველი პარტიამ, ქრისტიან-დემოკრატებმა და ახალმა მემარჯვენეებმა გააფორმეს შეთანხმება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის პარლამენტში დეპუტატების რაოდენობის გაზრდის შესახებ.

სამოქალაქო სექტორის არც ერთ წარმომადგენელს პოზიტიური მოსაზრება არ გამოუთქვამს დეპუტატთა რაოდენობის გაზრდის ინიციატივის მიმართ.

აშშ–ის ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, რესპოტენტთა 60% წინააღმდეგი იყო პარლამენტში დეპუტატების 190 წევრამდე გაზრდისა.

უარყოფითი საზოგადოებრივი აზრის არსებობის გამო, მმართველი პარტია და ზოგიერთი ოპოზიციური პარტია შეთანხმდნენ პარლამენტში დეპუტატების საერთო რაოდენობის გაზრდის გეგმაზე უარი ეთქვათ.

წყარო

  • გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“, 2003 წელი, 4 ივნისი, გვ.2. სტატია: „150 დეპუტატი ბევრი ხომ არ არის?
  • გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“, 2003 წლის 4 სექტემბერი, გვ.1 „საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება“.
  • გაზეთი „24 საათი“, 2003 წლის 26 სექტემბერი, გვ. A1, A3 სტატია: „სადავო რეფერენდუმი თუ უდავო პლებისციტი“
  • გაზეთი „ახალი თაობა“, 2003 წლის 21 ნოემბერი, გვ. 4 სტატია: „ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები შეაჯამა“.
  • Civil.Ge ახალი ამბები საქართველოდან
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები