საქართველო-აზერბაიჯანის ხელშეკრულება 1919

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საქართველო-აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკების ხელშეკრულება - 1919 წლის 16 ივნისს დამოუკიდებელ სახელმწიფოებს - საქართველოს და აზერბაიჯანს - შორის ერთობლივ თავდაცვით ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. მასში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ამ ორმა მეზობელმა სახელმწიფომ ერთმანეთს სამხედრო დახმარება უნდა აღმოუჩინოს მხოლოდ მტრის შემოსევის დროს, ხოლო თუ რომელიმე მათგანი თავად მოიწადინებს შეტევითი ომის დაწყებას ვინმეს წინააღმდეგ, მეორე მხარე მოვალე არ არის, მას მხარი დაუჭიროს. ხელშეკრულების მიხედვით, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლება და აზერბაიჯანის მთავრობა იღებენ სამხედრო ურთიერთდახმარების ვალდებულებას მესამე მხრიდან აგრესიის შემთხვევაში; თანხმდებიან ტერიტორიული დავების მოლაპარაკებისა და არბიტრაჟის გზით გადაწყვეტაზე.

ორივე რესპუბლიკის ხელისუფლებამ სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შესთავაზა აღნიშნულ ხელშეკრულებას შეერთებოდა. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს თბილისში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მხრიდან - ე. გეგეჭკორმა (საგარეო საქმეთა მინისტრი), ნ. რამიშვილმა (შინაგან საქმეთა მინისტრი), გენერალი-მაიორმა ალ. გედევანიშვილმა (თავდაცვის მინისტრის მოადგილე), გენერალმა ი. ოდიშელიძე (სამხედრო საბჭოს წევრი); აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხრიდან - მამად ჯაფაროვმა (საგარეო საქმეთა მინისტრი), გენერალმა სამედბეკ მეხმანდაროვმა (თავდაცვის მინისტრი), გენერალ-ლეიტენანტმა სულეიმანბეკ სულკევიჩმა (გენერალური შტაბის უფროსი).

ხელშეკრულების ზოგიერთ მუხლში ვკითხულობთ:

1. „შეთანხმების შემკვრელი ორივე სახელმწიფო მოვალე არის მთელი შეიარაღებული ძალებით და სამხედრო საშუალებით გაილაშქროს ყველა თავდასხმის წინააღმდეგ, რომელიც კი ორივე ან ერთ-ერთ შეთანხმებულ რესპუბლიკის დამოუკიდებლობას ან ტერიტორიულ ხელშეუხებლობას საფრთხეს უქადის.

შენიშვნა: ეს მუხლი არ ეხება იმ უთანხმოებებს, რომელსაც გამოიწვევს საზღვრების საკითხი ამიერკავკასიის რესპუბლიკათა ტერიტორიული გამიჯვნის დაუმთავრებლობის ნიადაგზე.

3.ეს შეთანხმება განსაკუთრებით თავდაცვითი ხასიათისაა და თუ რომელიმე მხარემ წინასწარ შეუთანხმებლად ომი გამოუცხადა ან საომარი მოქმედება დაიწყო, შეთანხმების მონაწილე მეორე მხარე მოვალე არ არის მონაწილეობა მიიღოს ამ საომარ მოქმედებაში.

4. ხელშეკრულების მონაწილენი მოვალენი არიან ყოველგვარი დავა, რომელიც კი მათ შორის მოხდება საზღვრების საკითხის გამო, გადაწყვიტონ შეთანხმებით ან არბიტრაჟით, რომლის გადაწყვეტილებაც უნდა იქნეს აღიარებული, როგორც საბოლოო და ორივე მხარისთვის სავალდებულო.

5. ეს შეთანხმება შეიკრას 3 წლის ვადით. ხელშეკრულების თითოეულ მონაწილეს უფლება ეძლევა, ამ ვადის გასვლამდე ერთი წლით ადრე განაცხადოს სურვილი მისი ახალი ვადით განახლების ან მისი უარყოფის შესახებ. უკანასკნელ შემთხვევაში ხელშეკრულება მხოლოდ ვადის გასვლის შემდეგ კარგავს ძალას.

7. პირველ და მეორე მუხლებში აღნიშნული პირობების შექმნის დროს ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოები მოვალენი არიან სეპარატიული ზავი არ შეკრან.

10. ამიერკავკასიის მესამე რესპუბლიკას - სომხეთს უფლება ენიჭება ამ ხელშეკრულების ოფიციალურად გადაცემის დღიდან 2 კვირის განმავლობაში განაცხადოს, რომ თანახმაა შემოუერთდეს ამ შეთანხმებას”.

საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის პრობლემატური იყო ზაქათალის ოლქის კუთვნილების საკითხი, ასევე აზერბაიჯანის მხარდაჭერა სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის რესპუბლიკის მიმართ, თუმცა შეიარაღებულ დაპირისპირებამდე საქმე არ მისულა. საქართველოს დამფუძნებელ კრებაში დოკუმენტი ერთხმად იქნა რატიფიცირებული, აზერბაიჯანის პარლამენტში კი მისი დამტკიცების წინააღმდეგ მხოლოდ ბოლშევიკები გამოვიდნენ. მიუხედავად ასეთი ხელშეკრულებისა, ორივე სახელმწიფო 1920-1921 წლებში ბოლშევიკური რუსეთის აგრესიის მსხვერპლი გახდა.

1920 წლის 28 აპრილს, ბოლშევიკების მიერ აზერბაიჯანის გასაბჭოების შემდეგ, იქაური პოლიტიკური ელიტის ნაწილი თბილისში გადმოვიდა, მაგრამ 1921 წლის თებერვალ-მარტის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ საბჭოთა რუსეთმა საქართველოც დაიპყრო. წითელი არმიის ინტერვენციისთვის აზერბაიჯანის რესპუბლიკის ხელისუფლებას დიდი წინააღმდეგობა არ გაუწევია. ბოლშევიკური პარტიისათვის ქვეყნის მმართველობის გადაცემას აზერბაიჯანის პარლამენტის წევრთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. ასეთ ვითარებაში საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას აზერბაიჯანთან თავდაცვითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დაცვა აღარ მოეთხოვებოდა. ქართული სამხედრო შენაერთების აზერბაიჯანში გაგზავნისაგან საქართველოს მთავრობამ თავი შეიკავა. თბილისმა პოლიტიკური თავშესაფარი მისცა ბოლშევიკთაგან დევნილი აზერბაიჯანის დამხობილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, მაგრამ ვერ შეძლო დაეცვა საკუთარი მოქალაქეები გასაბჭოებულ ბაქოში. აზერბაიჯანის რევკომის განკარგულებით, თითქმის სრული შემადგენლობით დააპატიმრეს საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელობა, დახვრიტეს აზერბაიჯანის არმიაში მომსახურე რამდენიმე ქართველი ოფიცერი, მათ შორის გენერალი ბ. მაყაშვილი და სხვ.

ლელა სარალიძე

ლიტერატურა

  • მ. ბახტაძე, საქართველო-აზერბაიჯანის 1919 წლის თავდაცვითი ხელშეკრულება, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები I, თბ., 2011;
  • სცსა. ფ. 1864, აღწ. 2;
  • გაზ. „ერთობა“, 1919, №134.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები