საქართველო-რუსეთის 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საქართველო-რუსეთის 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულება - დამოუკიდებლობის გამოცხადების მეორე წელსაც დასავლეთის წამყვანი სახელმწიფოები კვლავ არ ჩქარობდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის დე იურე აღიარებას. თავშეკავება რუსეთის ფაქტორით იყო განპირობებული; სამოქალაქო ომის პერიოდში დასავლეთი მხარს უჭერდა რუსეთის იმპერიის მთლიანობას.

ომში საბჭოთა რუსეთის გამარჯვების შემდეგ ანტანტის სახელმწიფოებმა ცნეს საქართველოს დე ფაქტო დამოუკიდებლობა (1920 წლის 12 იანვარი). ანტანტის ქვეყნების დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შეიცვალა საქართველოს მიმართ, მაგრამ მიუხედავად ამისა, დასავლეთი ანგარიშს უწევდა საბჭოთა რუსეთის ოფიციალური პოზიციის გარკვევას დამოუკიდებელი საქართველოს მიმართ. ამგვარ ვითარებაში საქართველოს მთავრობამ საბჭოთა რუსეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებისათვის გაგზავნა ცნობილი სოციალ-დემოკრატი, დამფუძნებელი კრების წევრი, გრიგოლ ურატაძე. ქართული მხარის მიზანი იყო, საბჭოთა რუსეთს ეცნო საქართველოს დე იურე დამოუკიდებლობა და ქვეყნის ტერიტორიული საზღვრები. საბჭოთა რუსეთის მხრიდან მოლაპარაკებებს აწარმოებდა საგარეო საქმეთა კომისრის (მინისტრის) მოადგილე ლევ კარახანი (ლეონ კარახანიანი). მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. 1920 წლის 7 მაისს გრ. ურატაძემ და ლ. კარახანმა ხელი მოაწერეს საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და რუსეთის საბჭოთა ფედერაციულ სოციალისტურ რესპუბლიკას შორის ხელშეკრულებას.

დოკუმენტი შედგება პრეამბულის, 16 მუხლისა და ორი საიდუმლო დანართისაგან. ხელშეკრულების პირველი და მეორე მუხლით, რუსეთი უსიტყვოდ ცნობდა საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობას და მის სუვერენიტეტს. რუსეთი უარს აცხადებდა ყოველგვარი სახის პრეტენზიაზე ქართველი ხალხისა და საქართველოს ტერიტორიის მიმართ; უარს ამბობდა საქართველოს შინაურ საქმეებში ჩარევაზე.

ხელშეკრულების IV მუხლის მიხედვით, რუსეთი საქართველოს შემადგენლობაში უსიტყვოდ ცნობდა ყოფილი იმპერიის თბილისისა და ქუთაისის გუბერნიებში შემავალ მაზრებს; ბათუმის, ზაქათალისა და სოხუმის ოლქებს.

ხელშეკრულების VI მუხლით, რუსეთი ვალდებულებას იღებდა, თავის ტერიტორიაზე არ დაეშვა საქართველოს მთავრობის მტრულად განწყობილი მოქმედი ჯგუფები და ორგანიზაციები.

ხელშეკრულების XII, XIII და XV მუხლები საქართველო-რუსეთს შორის სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურული ურთიერთობების საკითხებს ითვალისწინებდა.

დადებით მხარეებთან ერთად, იმავე ხელშეკრულების III, V, X მუხლები და დამატებითი შეთანხმების ზოგიერთი ნაწილი საქართველოს ხელისუფლების წინაშე მძიმე მოთხოვნებს აყენებდა. III მუხლის მეორე ნაწილით, რუსეთ-საქართველოს შორის სახელმწიფო საზღვრის დამდგენი კომისიის დასკვნამდე, 1922 წლის პირველ იანვრამდე, სასაზღვრო უღელტეხილები საზღვრიდან 5 ვერსის მანძილზე ნეიტრალურად ცხადდებოდა. უღელტეხილების გამაგრება ან დაკავება ამ პერიოდში ორივე მხარეს ეკრძალებოდა. ჩრდილოეთი საზღვრის სტრატეგიული უღელტეხილები წლისა და 7 თვის განმავლობაში დაუცველი რჩებოდა. X მუხლის V და VI პარაგრაფები ქართული ჯარის შემადგენლობაში არშემავალი უცხო ქვეყნის სამხედრო შენაერთების საქართველოდან გაყვანას მოითხოვდა. ამ შემთხვევაში საქართველოში მყოფი ბრიტანეთის სამხედრო შენაერთები იყო ნაგულისხმევი.

როგორც აღვნიშნეთ, ხელშეკრულების II მუხლით, რუსეთი საქართველოს საქმეებში ჩაურევლობის გარანტიას იძლეოდა, მაგრამ X და სპეციალური დანართის პირველი მუხლი ქართულ მხარეს ავალდებულებდა:

1) ყველა იმ პირების განთავისუფლებას, რომლებიც საბჭოთა რუსეთის ან კომუნისტური პარტიის სასარგებლოდ გაწეული საქმიანობის გამო იყვნენ დასჯილნი;
2) საქართველოს ტერიტორიაზე კომუნისტური ორგანიზაციებისათვის თავისუფალი არსებობის და აგიტაცია-პროპაგანდის ნებართვის მიცემას.

1920 წლის 7 მაისის რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულებას საპროტესტო ნოტებით შეხვდა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა უწყებები.

1) სომხური მხარე ბორჩალოსა და ახალქალაქის მაზრების საქართველოსათვის გადაცემას აპროტესტებდა, იმავდროულად, ბათუმის ოლქში ჭოროხის რაიონით დაკმაყოფილებას მოითხოვდა;
2) რაც შეეხება გასაბჭოებულ აზერბაიჯანს, იგი ზაქათალას ოკრუგის საქართველოს საზღვრებში შეტანას აპროტესტებდა.

ამ ფაქტს უკავშირდება 1920 წ-ის 12 მაისს ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელიც ძირითადი ხელშეკრულების დამატებითი ნაწილის სახითაა ცნობილი. ძირითადი ხელშეკრულების და დამატებითი შეთანხმების პირველ პარაგრაფს შორის განსხვავება შემდეგია:

1) ხელშეკრულების IV მუხლი ზაქათალას ოკრუგს ყოველგვარი საზღვრების შესწორების გარეშე საქართველოს შემადგენელ ნაწილად აცხადებდა;
2) ხელშეკრულების დამატებითი შეთანხმების I მუხლით, საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარზე და თვით ზაქათალას ოკრუგში მდებარე სადავო ადგილების (პუნქტების) კუთვნილების გადაწყვეტის საკითხი შერეული კომისიის კომპეტენციად იყო მიჩნეული.

ხელშეკრულების დამატებითი I ნაწილი ძირითადი ხელშეკრულების IV მუხლს არ არღვევდა, რადგან იგი ზაქათალას ოკრუგის კუთვნილებას კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებდა. საკითხი ეხებოდა მხოლოდ ოკრუგის შიგნით სადავო ადგილის - პუნქტის საზღვრის მოსალოდნელ კოსმეტიკურ ცვლილებას და არა ოკრუგის აზერბაიჯანისთვის გადაცემას. საკითხი სადავო ადგილების შესახებ, რომელიც მდებარეობდა საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარზე და ზაქათალას ოკრუგში, გადასაწყვეტად მომავალში გადაეცემოდა შერეულ კომისიას.

ხელშეკრულებაში სასიკეთო და საზიანო მუხლების მიუხედავად, ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ ეს დოკუმენტი დადებითად შეაფასა. რუსეთ-საქართველოს 1920 წ-ის 7 მაისის ხელშეკრულებამ გარკვეული სტიმულატორის ფუნქცია შეასრულა ევროპის სახელმწიფოებისათვის, რათა მათ ეღიარებინათ საქართველოს დე იურე დამოუკიდებლობა.

შოთა ვადაჭკორია

ლიტერატურა

  • შ. ვადაჭკორია, საქართველო-რუსეთის 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულება და ქართული პოლიტიკური აზრი, ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შრომები, X, თბ., 2009;
  • ლ. თოიძე, ინტერვენციაც, უკუპაციაც, ძალდატანებითი გასაბჭოებაც, ფაქტობრივი ანექსიაც, თბ., 1991.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები