საქართველო-საბჭოთა აზერბაიჯანის სავაჭრო ხელშეკრულება 1920

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საქართველო-საბჭოთა აზერბაიჯანის სავაჭრო ხელშეკრულება - 1920 წლის 12 ივნისს სამშვიდობო ხელშეკრულება აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკასა და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის დაიდო. ზავი აღსტაფაში გაფორმდა.

იმავე დღეს ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო ხელშეკრულების დამატებითი, 4 მუხლისგან შემდგარი მორიგება დაიდო. ხელშეკრულების დამდები მხარეებია: ერთი მხრივ, აზერბაიჯანის სსრ-ს რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარე, საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი მირზა დაუთ ჰუსეინოვი და, მეორე მხრივ, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი გრ. ლორთქიფანიძე, დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილე ს. მდივანი და ალ. ანდრონიკაშვილი.

ხელშეკრულება 18 მუხლისგან შედგება. პირველი მუხლის მიხედვით: „აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკასა და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის ისპობა ყოველივე საომარი მოქმედება და ორივე მხარე სამშვიდობო და სამეგობრო ურთიერთობებს იწყებს, ომის დროს ტყვედ ჩავარდნილებს ორივე მხარე ერთმანეთს უბრუნებს“.

აღსტაფის ხელშეკრულების თანახმად, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი ცარიზმის დროინდელ თბილისისა და განჯის გუბერნიების გამყოფ საადმინისტრაციო ხაზზე დადასტურდა, მაგრამ მხარეები კვლავ ვერ შეთანხმდნენ ზაქათალის ოლქზე. საკითხის გადაწყვეტა საარბიტრაჟო კომისიას მიენდო. საზავო ხელშეკრულება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ დაადასტურა.

ზავთან დაკავშირებით ქართული მხარე თვლიდა, რომ აზერბაიჯანისა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი ცხოვრება და ხალხის მშვიდობიანი და ნორმალური განვითარება შესაძლებელი იყო მხოლოდ ამიერკავკასიის სრული მშვიდობიანობის დროს. საქართველოს მხარე აცხადებდა აუცილებელ საჭიროებად, რათა ყველა კონფლიქტი, რომელიც აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს შორის მოხდებოდა, მშვიდობიანი გზით გადაჭრილიყო. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებული სადავო საკითხების გადაჭრა იარაღით ემუქრებოდა საერთო ზავს, ამიერკავკასიის წონასწორობას და შეეძლო შეერყია ის დებულებანი, რომლებიც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დაიდო. რესპუბლიკის მთავრობა იმედს გამოთქვამდა, რომ აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური მთავრობა, თავის მხრივ, სომხეთ-აზერბაიჯანის სადავო საკითხების გადასაწყვეტად ყველაფერს გააკეთებდა. აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ასევე სავაჭრო ხელშეკრულება უნდა გაფორმებულიყო, რომლის შესაბამისად აზერბაიჯანი საქართველოს ნავთობპროდუქტებით მოამარაგებდა.

აღნიშნულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, საბჭოთა რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენელი საქართველოში, სერგეი კიროვი (ნამდვილი გვარი კოსტრიკოვი), რსფსრ საგარეო საქმეთა სახალხო კომისარს, გიორგი ჩიჩერინს, წერდა: „უკიდურესი ზომების მიღება დამჭირდა, რათა ეს მოლაპარაკება ჩამეშალა და ხელშეკრულება, რომელიც სრულიად მზად იყო, დარჩა ხელმოუწერელი“.

საქართველოს-აზერბაიჯანის ხელშეკრულების დასადებად, წინასწარი შეთანხმების თანახმად, ორივე დელეგაციის შეხვედრა აღსტაფაში, 31 მაისს უნდა გამართულიყო. 30 მაისს გავიდნენ თბილისიდან და საღამოს 6 საათზე იყვნენ ფოილოს ხიდთან საქართველოს დელეგაციის თავმჯდომარე, სამხედრო მინისტრი გრ. ლორთქიფანიძე და დელეგაციის წევრები: დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილე ს. მდივანი და გენერალი ანდრონიკაშვილი; მდივნები: დ. მდივანი და შ. ვადაჭკორია. განჯის ამბების გამო, აზერბაიჯანის დელეგაცია აღსტაფაში დანიშნულ დროს ვერ მივიდა. საქართველოს დელეგაციამ აზერბაიჯანის დელეგაციის თავმჯდომარის - სულთანოვისგან ცნობა მიიღო, რომ აღსტაფაში მისვლა მას მხოლოდ 3 ივნისს შეეძლო და ამიტომ სთხოვა დროებითი ზავის დადება გადადებულიყო. საქართველოს დელეგაცია თბილისში დაბრუნდა და 2 ივნისს ისევ უკან წავიდა. ფოილოს ხიდთან მიახლოებისას დელეგაცია მდინარე მტკვარზე გაკეთებულ ბონდზე გადავიდა. მეორე მხარეს დელეგაციას აზერბაიჯანის მატარებელი უცდიდა, რომლითაც საქართველოს დელეგაცია აღსტაფაში დილის 9 საათზე მივიდა. დელეგაციას დახვდნენ აზერბაიჯანში მყოფი საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლები გ. კ. ალშიბაიას მეთაურობით და აზერბაიჯანის საზავო დელეგაცია თავმჯდომარესთან ერთად. საზავო კონფერენციის პირველი სხდომა დილის 11 საათზე გაიხსნა. მოხდა მანდატების გაცვლა-გამოცვლა. აღიარეს ხელისმომწერ სახელმწიფოთა სუვერენობა და დამოუკიდებლობა. მიიღეს შემდეგი დღის წესრიგი:

  • 1. პოლიტიკური საკითხები;
  • 2. ტერიტორიული;
  • 3. სამხედრო;
  • 4. ეკონომიკური.

ზემოაღნიშნული საკითხები განიხილეს 3, 4 და 5 ივნისს. უთანხმოების გამო, მოლაპარაკება დროებით შეწყდა. 6 ივნისს აზერბაიჯანის დელეგაციამ განაცხადა, რომ საკუთარ მთავრობას უნდა მოლაპარაკებოდა და დროებითი ზავის გაგრძელების გადადება კიდევ ერთი კვირით მოითხოვა, მაგრამ საქართველოს დელეგაციის წინააღმდეგობის გამო, შეხვედრა მხოლოდ 4 დღით - 9 ივნისის საღამოს 5 საათამდე გადაიდო. 8 ივნისს დილით 11 სათზე საქართველოს დელეგაცია აღსტაფაში გაემგზავრა და 9 ივნისს დილის 8 საათზე მას აზერბაიჯანის დელეგაცია შეხვდა, რომლის მეთაური უკვე მეორე თავმჯდომარე, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი მირზა-დაუთ ხუსეინოვი იყო. საზავო დელეგაციამ მატერიალურ და ეკონომიკურ საკითხებზე მოლაპარაკება გამართა. დიდი კამათი გამოიწვია ტერიტორიულმა და საზღვრების საკითხებმა. კამათის შემდეგ ყველა საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს. აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის დადებულ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს 12 ივნისს, საღამოს 10 საათზე, რომლის შემდეგ, იმავე დღეს, დელეგაციები ერთმანეთს დაემშვიდობნენ.


ლელა სარალიძე

ლიტერატურა

  • სცსა, ფ. 1864, აღწ. 2, საქ. 76;
  • გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 1920, №131;
  • С. Киров, Статьи, речи, документы, т. I, М., 1936.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები