საღვინის მოლარე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საღვინის მოლარე - „ხელმწიფის კარის გარიგების“ თანახმად, საღვინის მოლარე ეკუთვნოდა მეღვინეთუხუცესის (ან მეჭურჭლეთუხუცესის) უწყებას და საქმიანობდა საღვინეში. საღვინის მოლარე ითვლებოდა საღვინის ქონების მცველად - ებარა ძვირფასი სამეჯლისო ჭურჭელი, რომელიც ცალკე ინახებოდა, ასევე, ყოველდღიურად სახმარი საღვინის ჭურჭელი. სავარაუდოდ, მასვე ებარა მეღვინეთუხუცესის (ტექსტში „მეღვინეთ“ გადახაზულია და წერია „მეჭურჭლეთ-უხუცესი“) ბეჭედი. მეღვინეებთან ერთად მის ფუნქციაში შედიოდა მეფის მომსახურება საწოლში და პურობის დროს. ამ დროს იგი, ზარდახნისა და საწოლის მწიგნობრებთან ერთად, იღლიაში საწერელით, საგამგებოს მუქიფის „პირისპირ“ უნდა მდგარიყო.

საღვინის მოლარის სარგო იყო მეზვრისაგან აღებული ღვინის ულუფა, რომლის ოდენობა ზვრის სიდიდეზე იყო დამოკიდებული. როგორც უშუალოდ მეფის მომსახურე პირი, საღვინის მოლარე საღვინის უწყებაში საპატიო ადგილს იკავებდა. „ხელმწიფის კარის გარიგების“ მიხედვით, საღვინის მოლარე იგივე საჭურჭლის ნაცვალიც უნდა ყოფილიყო. მეღვინეთუხუცესთან ერთად იგი მეფის პირის მწდედ ითვლებოდა. საღვინის მოლარე მეფის მაღალი ნდობით სარგებლობდა, ამიტომ მეფისაგან საგანგებო დავალებაც შეიძლებოდა მიეღო. მაგ. 1487 წ. კონსტანტინე მეფემ ურდოში გაწეული სამსახურის სანაცვლოდ საღვინის მოლარე ახალციხელ ქავთარისძე და მისი ძმები გარდაცვლილი მიარიანისძის მამულზე დასვა და უბოძა ბოროს ციხე, ღომარეთის საყდარი, ბოლოთა, ქვენა ფლასი, სკრაში ვენახი და სხვ.


წყაროები და ლიტერატურა

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები