საყეინო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საყეინოფშავ-ხევსურეთში ასეთი ჩვეულებაა: დღესასწაულის ბოლოს, მას შემდეგ, რაც ხევისბრები ხალხს დაამწყალობებენ, გამოდგამენ ლუდით სავსე სპილენძის დიდ თასს, რომელიც ერთი ამოსუნთქვით უნდა შეისვას; თასის ხელშეუხებლად უნდა დაეწაფოს შემსმელი ლუდს და ბოლომდე ისე უნდა დასცალოს, რომ ბაგე არ მოსწყვიტოს, ამ დროს ირგვლივ შემოკრებილი ხალხი გასამხნევებლად იძახის: შეიშრო, შეიშრო! (ანუ ისე დასცალა, რომ მშრალი ფსკერი გამოაჩინაო).

ერთხელ ყველას მოულოდნელად გამოცხადდა ხახმატის ჯვარი და საყეინო თასის პირზე მტრედის სახით დაჯდა, ამ დროს ერთი ფშაველი იყო დაწაფებული თასს და, ის იყო, უნდა „შეეშრო“, რომ ლუდი პირისახეზე შეეღვარა. ფშაველმა თქვა, საყეინოს ღირსი არ ვყოფილვარ. წმიდად არ ვიყავი და აი, ასეთი მოვედი ჯვარში და საყეინოსაც ასეთი ვსვამდი. წავიდა და მოიყვანა ერთი დიდი ვერძი და სამონანულოდ (ცოდვის მოსანანიებლად) დაკლა.

საყეინო ლაშარის ჯვარის პიროფლიანთა ხსოვნისადმია მიძღვნილი. სანამ ყმა საყეინო თასის შესასმელად დაიხრებოდა, ხმამაღლა წარმოთქვამდა პიროფლიანთა შესანდობარს, მერე მუხლს მოიყრიდა. თასში ვერცხლის ფულს ჩააგდება და ორად მოხრილი დაეწაფებოდა ლუდს ან ღვინოს.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები