საწოლის მწიგნობარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საწოლის მწიგნობარი/საწოლისა და საჭურჭლის მწიგნობარი - ცენტრალური აპარატის მოხელე ერთიანობის ხანის ქართულ მონარქიაში. საწოლის მწიგნობარი მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის უწყებაში შედიოდა და დიდი უფლებებით სარგებლობდა სამეფო კარზე. იგი იყო „საწოლის“ ანუ მეფის კაბინეტის გამგებელი და მეფის პირადი მდივანი, ამავე დროს მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის თანაშემწე. მწიგნობართუხუცესი მისი მეშვეობით მართავდა მეფის საწოლს. იგი, როგორც მეფის კარის მაღალი მოხელე, ახორციელებდა ცენტრალური აპარატის ყველა უწყების კონტროლს და, სათანადო სანქციის მიღების შემთხვევაში, მეფის სახელით ატარებდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებებს (ი.ანთელავა). მისი საშუალებით სასახლის ორი დიდმნიშვნელოვანი დაწესებულება - საწოლი (მეფის კაბინეტი) და სააჯო კარი (მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდლის განსაგებელი) კოორდინირებულად საქმიანობდა. მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი მის მოხსენებათა საფუძველზე არჩევდა სააჯო კარის საქმეებს.

საწოლის მწიგნობარის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ხაზს უსვამს „ხელმწიფის კარის გარიგების“ ცნობა, რომ მას მუდამ თან ახლდა („მართებდა“) „ზედამდგომელი მეჭურჭლე“, რომელიც, როგორც ჩანს, მის დავალებებს ასრულებდა. იმავე ძეგლის ცნობით, მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელთან ერთად საწოლის მწიგნობარს ებარა სამეფო ეკლესია-მონასტრებზე ზრუნვა და მათი ზედამხედველობა (გარდა გელათისა). საწოლის მწიგნობარი ადგენდა უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო დოკუმენტებს, რისთვისაც მას ყოველდღიურად სამი საწერი ფურცელი ეძლეოდა (მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელს ხუთი ეძლეოდა, ზარდახნის მწიგნობარს - ორი, თითო-თითო დანარჩენ მწიგნობრებს). შეწყალებული პირის მიერ სიგელისათვის გადახდილი გასამრჯელოდან („ქრთამი“) წილები ყველა დიდმოხელეზე ნაწილდებოდა, ამათგან „უფროსი წილი“ მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელს და საწოლის მწიგნობარს ეკუთვნოდათ. „კარის გარიგების“ ერთი ჩანართის თანახმად, მეფე [ნარინ დავითის] დროიდან „ოთხთა მონაზონთა და სამთა ვაზირთა“ მიწვევა სამეფო კარის დარბაზობაზე საწოლის მწიგნობარის საპატიო მოვალეობად ქცეულა, მანამდე კი ეს მოვალეობა ამირეჯიბს ჰქონია დაკისრებული. სასახლეში „პურობის“ დროს საწოლის მწიგნობარი და ზარდახანის მწიგნობარი ერთად იდგნენ. მათ პირისპირ იღლიაში საწერლით საგამგეოსა და საღვინის მუქიფები უნდა მდგარიყვნენ; სხვა ოცდაოთხი მწიგნობარი, ასევე საწერელებით ჭყონდიდელის მხარეს მწკრივდებოდა. მწიგნობართაგან საწოლის მწიგნობარი ერთადერთი იყო, ვისაც უფლება ჰქონდა ვაზირთა სხდომებს დასწრებოდა. აქ იგი თავისი სამოხელეო ინსიგნიით (საწერლით) ჭყონდიდლის გასწვრივ, კედელთან უნდა მდგარიყო.

XII-XIII სს-ის ისტორიული საბუთების მიხედვით, ხშირად საწოლის მწიგნობარი და საჭურჭლის მწიგნობარი ერთი და იგივე პირები იყვნენ. ეს ფაქტი დამატებით მიანიშნებს იმაზე, რომ საწოლი და სალარო ერთი სამოხელეო უწყება იყო.

საწოლის მწიგნობრები ფეოდალური არისტოკრატიის წარმომადგენლები, სამეფო ოჯახთან დაახლოვებული და მაღალი ნდობით ღჭურვილი პირები იყვნენ.

საწოლის მწიგნობრები. XII-XV სს.

  • არსენი სამძივარი - თამარ მეფის საჭურჭლისა და საწოლის მწიგნობარი 1187 წ. (ქისკ 1984: 79).
  • ანტონ გოდობრელი - ერისთავთ-ერისთავთა შვილი, გელათის დიდი მონასტრის მოძღვართ-მოძღვარი. იერუსალიმური ქართული ხელნაწერის მინაწერის თანახმად, იგი ადრე (XII ს. პირველი მეოთხედი) დავით აღმაშენებლის საწოლის მწიგნობარი ყოფილა (მარი 1955: 49).
  • ანტონი იშხნელ-ყოფილი - საწოლის და საჭურჭლის მწიგნობარი 1241/42 წ. (ქისკ 1984: 120);
  • ნიკოლოზ ინასარიძე - საწოლისა და საჭურჭლის მწიგნობარი 1271/72 წ. (ქისკ 1984: 176).
  • ეგანისძე გიორგი - დავით IX-ის საწოლის მწიგნობარი 1355 წ. (ქისკ 2013: 47).
  • ცნოდისძე დავით - საწოლის მწიგნობარი 1410 წ. (ქისკ 2013: 284).
  • სვიმონ - საწოლის მწიგნობარი XV ს. (პალ 2007: 166).

წყაროები და ლიტერატურა

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები