საწურავი (ვაზის ჯიში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საწურავი – აჭარის წითელყურძნიანი აბორიგენული ჯიში

საწურავიაჭარის წითელყურძნიანი აბორიგენული ჯიშია. მისი პროდუქცია განკუთვნილია ადგილობრივი მოხმარების ორდინარული ტიპის ღვინის დასაყენებლად.

აჭარული საწურავის წარმოშობისა და გავრცელების შესახებ არავითარი წერილობითი მასალა არ მოგვეპოვება, მაგრამ მრავალი წლის განმავლობაში წარმოებულ დაკვირვებათა საფუძველზე იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ იგი უდავოდ ვაზის წარმოქმნის კოლხეთის კერის ტიპიური წარმომადგენელია და, კერძოდ, აჭარის ენდემურ ვაზის ჯიშთა ჯგუფს მიეკუთვნება. ამის დამადასტურებელია, ჯერ ერთი, ვაზის ბოტანიკური ნიშნები (ფოთლის მორფოლოგიური აღნაგობა-მოყვანილობა, სისქე, შებუსვა, ყუნწის ამონაკვეთი, დაკბილვა, ყვავილის ტიპი, მტევნის აღნაგობა და მარცვლის კონსისტენცია), აგრეთვე ბიოლოგიური თვისებები (ვაზის ზრდის სიძლიერე, სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლიობა, ცალკეული ბიოლოგიური ფაზების მსვლელობა) კოლხეთის ვაზის ჯიშთათვის დამახასიათებელი.

ამ მოსაზრების დამადასტურებელია აგრეთვე თვით ჯიშის წმინდა ქართული სახელწოდება „საწურავი“ და „საწური“. აღნიშნული ტერმინი ნათლად ასახავს ჯიშის შინაარსს, რადგან იგი, როგორც წვენის უხვგამოსავლიანი ჯიში, დასაწურად შეიძლება იქნეს გამოყენებული. მსგავს ტერმინს ვხვდებით სამცხე-ჯავახეთშიაც, სადაც ვაზის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ჯიშს „საღვინეს“ უწოდებენ. ამრიგად, სახელწოდებანი „საწურავი“, „საღვინე“, რომელიც ჯიშის სამეურნეო მიმართულების მაჩვენებელია, ქართველ მეურნეს მხოლოდ ხანგრძლივი და შეგნებული მუშაობის შედეგად შეიძლებოდა შეექმნა და იმ აურაცხელ ვაზის ჯიშებისგან, რომლითაც მდიდარია ჩვენი ქვეყანა, შეეძლო გამოეყო საღვინე, საყურძნე, საბადაგო, სამაჭრე, საჩურჩხელე და მრავალი სხვა დანიშნულების ვაზის ჯიში.

გადმოცემით დასტურდება, რომ XVII საუკუნემდე საწურავი ფართოდ გავრცელებული ვაზის ჯიში ყოფილა აჭარის რაიონებში. მის პროდუქციას ადგილობრივი მოსახლეობა იყენებდა ადგილობრივი მოხმარების საოჯახო ღვინისა და ყურძნის წვენის დასამზადებლად. თურქეთის მიერ XVII საუკუნის დასაწყისში ამ მხარის დაპყრობისა და მოსახლეობის გამაჰმადიანების გამო, ღვინის სმის აკრძალვასთან დაკავშირებით, საწურავის გავრცელების არეალი სხვა საღვინე ჯიშებთან ერთად მნიშვნელოვნად შემცირდა. ამას ხელი შეუწყო აგრეთვე შემდგომში სოკოვან ავადმყოფობათა და ფილოქსერის გავრცელებამ და დღემდე მხოლოდ ერთეული ძირები შემორჩა ქედისა და ხულოს რაიონში მაღლარის სახით (სოფ. ვაიო, ზვარე, ფურთიო, ჩაო, ალმე).

საწურავს როგორც უხვმოსავლიან ჯიშს, ამ უკანასკნელ დროს მიექცა ყურადღება, პირველად იგი ჩვენ მიერ გამოსაცდელად დარგულ იქნა ქედის საკოლექციო ნაკვეთზე 1935 წელს. დაბლარად ფორმირებულმა ვაზმა სათანადო მოვლისას ცხადყო ამ ჯიშის პერსპექტიულობა, როგორც მოსავლის სიუხვით, ისე წვენის დიდი გამოსავლიანობით, რის გამოც აჭარაში დაბლარი მევენახეობის განვითარებისას იგი ფართოდ გავრცელდა კოლმეურნეობათა ვენახებში და კოლმეურნეთა საკარმიდამო ნაკვეთებზე.

1956 წლის ვენახების აღწერის მასალების მიხედვით საწურავის საერთო ფრთობი აჭარაში 50,52 ჰექტარს აღწევს. აქედან ქედის რაიონში იგი გაშენებულია 48,45 ჰექტარზე, ხოლო შუახევის რაიონში 2,07 ჰექტარზე. 0,07 ჰექტარზე საწურავი გაშენებულია აგრეთვე ჩოხატაურის რაიონში. საქართველოს დანარჩენ რაიონებში იგი მხოლოდ კოლექციებშია წარმოდგენილი.

მაღლარად საწურავი ერთეული ძირების სახით გვხვდება ქედისა და ხულოს რაიონებში, რომელთა მოსავლიანობა, მხოლოდ ხელისშემწყობ ამინდის პირობებზეა დამოკიდებული.

სარჩევი

ბოტანიკური აღწერა

საწურავი აღწერილია ქედის რაიონის სოფ. ვაიოში, ხოლო შესადარებლად იგი აღწერილ იქნა აგრეთვე სოფ. ქედაში ვაზის საკოლექციო ნაკვეთზე. ვაზები დამყნობილია რიპარიაXრუპესტრის 3306-ზე, დაყრდნობილია სარზე და ფორმირებულია ქართული წესით 1-2 სანაყოფეზე.

ახალგაზრდა ყლორტი

კვირტების გაშლის პერიოდში მოთეთრო-მოწითალოა. ზრდის კონუსი ქეჩისმაგვარად არის დაფარული თეთრი-მონაცრისფრო ბეწვისებრი ბუსუსით. ახლად გაშლილი პირველი ფოთოლი ზედა მხრიდან მომწვანოა, ხოლო კბილებთან გასდევს ღია წითელი ფერი და ქეჩისებრი მონაცრისფრო ბუსუსითაა დაფარული. ქვედა მხრიდან ქეჩისებრ შებუსვილია. ბუსუსი მონაცრისფრო-თეთრია და პერიფერიებისაკენ მოწითალო ელფერი ახლავს. ფოთლის ყუნწი ცალ მხარეზე ოდნავ მოწითალო-იისფერია, მოწითალო ელფერით და საკმაოდაა დაფარული ბუსუსით. ქვედა მხრიდან შებუსვა ქეჩისებრია.

ახალგაზრდა ყლორტი მრგვალია, ცალ მხარეზე ღია მწვანეა, ხოლო მეორე მხარეზე მოწითალო იისფერი გადაჰკრავს და მცირედაა დაფარული მონაცრისფრო თეთრი ბუსუსით. ყლორტის წვერისაკენ შებუსვა მატულობს.

ერთწლიანი რქა

შემოსული რქა საშუალო სიმსხოსია, ხოლო ზოგჯერ საშუალოზე მსხვილიც გვხვდება. ფერად ღია ყავისფერია, მუხლთშორისის სიგრძე 7-13 სმ აღწევს.

ფოთოლი

ზრდადამთავრებული ფოთოლი საშუალო ან საშუალოზე დიდია. მისი სიგრძე 19,9 სმ, ხოლო სიგანე 17,3 სმ აღწევს. ფორმით ოვალურია და ღრმად დანაკვთული, იშვიათად კი საშუალოდ დანაკვთულიც გვხვდება.

ფოთლის ყუნწის ამონაკვეთი ღია და ჩანგისებრი მოყვანილობისაა. ზოგ შემთხვევაში ამონაკვეთის ფუძეზე განვითარებულია ერთი უბრალო კბილი. ბუნებრივ მდგომარეობაში ყუნწის ამონაკვეთის ნაკვთები ურთიერთს მცირედ ეხება და სამი, იშვიათად ოთხი ძარღვისაგან შედგება.

ზედა ამონაკვეთი ღრმადაა ჩაჭრილი და მეტწილად დახურულია. ამონაკვეთი ხშირად კვერცხისებრი მოყვანილობისაა. გვხვდება ჩანგისებრი ფორმის, პარალელურგვერდებიანი და მომრგვალებული ფუძიანი ამონაკვეთებიც. ამონაკვეთის ფუძეზე ზოგ შემთხვევაში ერთი უბრალო კბილია განვითარებული. ქვედა ამონაკვეთი ღრმად ჩაჭრილია და ფორმით ჩანგისებრია, მეტწილად მომრგვალებული ფუძე აქვს. გვხვდება გაშლილნაპირებიანი და მახვილფუძიანი მცირედ ჩაჭრილი ამონაკვეთებიც.

ფოთოლი უფრო ხშირად ხუთნაკვთიანია. წვერის ნაკვთი ფოთლის ფირფიტასთან ბლაგვ კუთხეს ქმნის, იშვიათად სწორს.

ნაკვთების წვერის კბილები სამკუთხედისებრი და მახვილწვერიანია. ან ხერხკბილა სამკუთხედისებრია და წამახვილებული და მოკაუჭებული წვერი აქვს. მეორეული კბილები სამკუთხედისებრი და ამოზნექილგვერდებიანია, მომრგვალებული ან მახვილი წვერით. იშვიათად ხერხკბილა სამკუთხედისებრიც გვხვდება. ფირფიტის ნაპირები კბილებითურთ მასობრივად შეფერილია მოწითალო-ჟანგისფრად.

ფოთლის ქვედა მხარე ქეჩისებრ დაფარულია მონაცრისფრო ბეწვისმაგვარი ბუსუსით, მისი ზედა მხარე გლუვია ან ბადისებრ დანაოჭებული. ფირფიტა ძაბრმაგვარ ღარისებრ არის მოხრილი. მთავარი ძარღვები საკმაოდაა შებუსვილი ნაცრისფერი ბუსუსით და ღია მწვანე ფერისაა, ხოლო ფუძესთან მოწითალო-ღვინისფერია.

ფოთლის ყუნწის შეფარდება შუა მთავარ ძარღვთან 0,8-1,0 უდრის. იგი შიშველია და მოწითალო-ღვინისფერი.

ყვავილი

ყვავილი ორსქესიანია. ბუტკო და მტვრიანები ნორმალურადაა განვითარებული. ყვავილში ხუთი მტვრიანაა; გვხვდება, მხოლოდ იშვიათად, ოთხი და ექვსი მტვრიანაც. ყვავილედში ყვავილების რიცხვი 700-მდე აღწევს.

მტევანი

მტევნის ყუნწის სიგრძე 3,5-6,5 სმ აღწევს. მტევნის სიგრძე 14-26 სმ, სიგანე 9,5-17 სმ უდრის.

მტევანი ფორმით ცილინდრულ-კონუსისებრი ან ცილინდრულია. მტევანი ძლიერ კუმსია, გვხვდება საშუალო სიმკვრივის მტევნებიც. ხშირად მტევნის ყუნწის მუხლიდან განვითარებულ განშტოებაზე 3-6 მარცვალია. მტევანს მასობრივად 2, იშვიათად 3 ფრთა აქვს. მტევნის ყუნწი მუხლის შუამდე გახევებულია და რქის ფერისაა. კლერტი ბალახმაგვარია და ღია მწვანე.

მარცვალი

მარცვალი მუქი წითელია, საშუალოზე მსხვილი. მისი საშუალო სიგრძე 16,4 მმ, ხოლო სიგანე 15,5 მმ აღწევს. იგი ოდნავ ოვალურია, ხოლო უფრო იშვიათად მომრგვალო, შუა წელში უფრო განიერია, ბოლო მომრგვალებული აქვს და სიმეტრიულია; თხელკანიანია, მეტად წვნიანი (თქვლაფა) და მცირეხორციანი, უბრალო მოტკბო გემო აქვს. ცვილით მარცვლის კანი საკმაოდ დაფარულია.

მარცვლის ყუნწის სიგრძე საჯდომი ბალიშითურთ 5-7 მმ აღწევს. იგი ღია მწვანეა. ბალიში მოყავისფრო, დამეჭეჭებული და განიერი კონუსისებრია. მარცვალი სუსტადაა მიმაგრებული საჯდომ ბალიშზე.

წიპწა

მარცვალში 1-4 წიპწაა. ჭარბობს ორწიპწიანი მარცვლები. წიპწის სიგრძე 7-8 მმ, სიგანე 4-5 მმ აღწევს. წიპწა მოწაბლისფროა ან ყავისფერი, მუცლის მხრიდან ღარებში კი მოყვითალოა. ქალაძა მოთავსებულია ზურგის შუა ნაწილში და მომრგვალო ან ოდნავ ოვალური ფორმისაა. ნისკარტი მოყვითალოა, მისი სიგრძე 1,5-2 მმ აღწევს.

აგრობიოლოგიური დახასიათება

საწურავის ბიოლოგიური ფაზების მსვლელობაზე ფენოლოგიური დაკვირვებანი ტარდებოდა სოფ. ვაიოში (ქედის რ-ნი) და ქედის საკოლექციო ნაკვეთზე.

სოფ. ვაიოსა და ქედას (საკოლექციო ნაკვეთი) ზონებს შორის საწურავის სავეგეტაციო ფაზების მსვლელობის მხრივ უმნიშვნელო განსხვავებაა, რაც აიხსნება აღნიშნული მიკრორაიონების ეკოლოგიურ პირობათა ერთგვარობით. ასეთივე სურათია საერთოდ შუა აჭარის იმ მიკრორაიონებში, რომლებიც აჭარისწყლის ხეობაშია მოქცეული. ვაზის გამოღვიძება იწყება აპრილის დასაწყისიდან. ნორმალური ამინდის დროს ყვავილობა იწყება მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში (2-3.VI) და მთავრდება 13-14 ივნისამდე. ყურძნის შეთვალება იწყება აგვისტოს მეორე ნახევრიდან, ხოლო მასობრივად იგი მწიფდება ოქტომბრის მეორე ნახევრიდან. ფოთოლცვენა ჩვეულებრივ იწყება ნოემბრის დამდეგს და დეკემბრის პირველ რიცხვებში მთავრდება. ხელის შემწყობი ამინდისა და სათანადო მოვლის შედეგად ვაზის ვეგეტატიური ნაწილები რქების სახით მომწიფებას კარგად ასწრებს ყურძნის სრული მწიფობის პერიოდისათვის და ამ დროისათვის რქები ჯიშისათვის დამახასიათებელ ელფერს იღებს.

ზრდა-განვითარების მხრივ საწურავი მიეკუთვნება ძლიერ მოზარდ ვაზის ჯიშთა ჯგუფს. სავეგეტაციო პერიოდის დასასრულისათვის ცალკეული რქების სიგრძე ზოგჯერ 4 მ აღწევს.

მოსავლიანობა

მოსავლის პირველ ნიშანს საწურავი დარგვიდან მეორე, უფრო ხშირად მესამე წელს იძლევა., ხოლო სრულ მოსავალს მე-4, მე-5 წლიდან. იგი უხვმოსავლიანი ჯიშია.

ხუთი წლის საშუალო მონაცემების მიხედვით, ქართული წესით ფორმირებისას საწურავის ვაზზე მოსავლიანი ყლორტები 78-80% შეადგენს. მოსავლიანობის კოეფიციენტი მერყეობს 1,6-დან 1,8-მდე. რქაზე ხშირად ორი მტევანია განვითარებული. მტევნის საშუალო წონა 288 გ უდრის. ერთი ძირი დაბლარი ვაზის მოსავალი 12-16 კვირტის დატოვების შემთხვევაში 3-3,5 კგ, ხოლო ზოგჯერ 5 კგ აღწევს. ერთი ჰექტარის მოსავალი მერყეობს 120-დან130 ცენტნერამდე. სწორედ საწურავის ნაკვეთებზე აჭარაში მომუშავე სოფლის მეურნეობის მუშაკებს, რომლებმაც ვენახების კარგი მოვლის შედეგად უხვი მოსავალი მიიღეს, 1948 წ. მიენიჭათ სოციალისტური შრომის გმირის წოდება და საბჭოთა კავშირის ორდენები.

რადგანაც ვაზი ძლიერ იზრდება. მისი დატვირთვა მასობრივად უნდა წარმოებდეს 2 სანაყოფეზე (20-22 კვირტის დატოვებით). ამ შემთხვევაში, როგორც ამას მრავალი მაგალითი გვიჩვენებს, მოსავალი ჰექტარზე 150-160 ცენტნერამდე შეიძლება გადიდდეს. ჩვენი დაკვირვებით, მოსავლის გადიდება ვაზის დაუსუსტებლად თავისუფლად შეიძლება აგრეთვე ვაზის კორდონისებრი წესით გაფორმებით ორ მხარეზე, თითოეულ მათგანზე ორ-ორი საფორმო რგოლის გამოყვანით. ძველი ნაწილებიდან წარმოქმნილი ყლორტები ჩვეულებრივ უმოსავლოა.

ყვავილცვენა და დაწვრილმარცვლიანება საწურავმა უმნიშვნელო იცის. წვრილი მარცვლები ნორმალურ მარცვლებთან შედარებით თითქმის ორი კვირით ადრე მწიფდება და უმეტეს შემთხვევაში თითო წიპწას შეიცავს.

მარცვლების მომწიფება მტევანში არათანაბრად ხდება, რაც საწურავის დამახასიათებელ თვისებად უნდა ჩაითვალოს.

სოკოვან ავადმყოფობების მიმართ საწურავი კარგი გამძლეა. განსაკუთრებით მატულობს მისი გამძლეობა სამხრეთით მიქცეულ და მზით უხვად განათებულ ნაკვეთებზე. აჭარის ტენიან ეკოლოგიურ პირობებში საწურავის დროულად 4-ჯერ შეწამლა ბორდოს ხსნარით სავსებით საკმაოდ უნდა მივიჩნიოთ.

სხვა ადგილობრივი ჯიშების მსგავსად საწურავი ნაკლებად ფილოქსერაგამძლეა. სწორედ ამით აიხსნება მისი მაღლარების მასობრივი გადაშენება.

საწურავის აფინიტეტი ფილოქსერაგამძლე ვაზის საძირეებთან შეუსწავლელია, მაგრამ არსებულ ნარგავებზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ იგი როგორც შეხორცების, ისე ვაზების შემდგომი ზრდა-განვითარების მხრივ ძლიერ კარგ შედეგებს იძლევა რიპარიაXრუპესტრის 3306-სა და 3309-ზე.

ჯიშის დამოკიდებულება გარემო პირობების მიმართ

შუა აჭარის ზონაში ზამთარში ძლიერი ყინვები არ იცის (–8º, –10º), რაც დიდ ზიანს ვერ აყენებს ვაზის საერთო ზრდა-განვითარებას, მით უმეტეს, რომ ზამთარში ვაზი თავისი ერთწლიანი ნაწილებით მთლიანად თოვლით იფარება, ამის შედეგად ვაზის გამოღვიძება დროულად იწყება და მისი შემდგომი განვითარებაც სავსებით ნორმალურად მიმდინარეობს.

საწურავი ეკოლოგიური პირობებისადმი დიდი მოთხოვნილების არაა. იგი ამ მხარეში თითქმის ყველგან ვითარდება და უხვ მოსავალს იძლევა, ხოლო ადგილმდებარეობის შესაბამისად მისი პროდუქცია მეტად განსხვავებულია. დაკვირვება ცხადყოფს, რომ იგი შედარებით მაღალი ღირსების პროდუქციას იძლევა სამხრეთით ან სამხრეთ-აღმოსავლეთით დაქანებულ და მზით უხვად განათებულ ნაკვეთებზე (სოფ. ქედა, ზვარე, ვაიო, ზესოფელი, შუახევი), ამიტომ მომავალში იგი მზვარე ადგილებზე უნდა გაშენდეს.

მოსავლის კიდევ უფრო გადიდებისა და პროდუქციის გაუმჯობესების მიზნით მიზანშეწონილად უნდა ჩაითვალოს საწურავის შპალერზე გადაყვანა და ვაზების თავისუფალი სხვლის ან კორდონისებრი წესით გაფორმება, თითოეულ ვაზზე 3 საფორმო რგოლის შექმნით. გარდა იმისა, რომ მზის სხივებისა და აერაციის უხვი მოქმედების შედეგად შემცირდება სოკოვან ავადმყოფობათა მოქმედება და გაუმჯობესდება ყურძნის ღირსება, ვენახში სამუშაო ოპერაციები იოლად და ხარისხიანად ჩატარდება, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვნად შეამცირებს ხარჯებს.

სამეურნეო-ტექნოლოგიური დახასიათება

ყურძნის მექანიკურ-ქიმიური ანალიზებისათვის საწურავის ნიმუშები აღებული იყო სოფ. ვაიოსა და ქედის საკოლექციო ნაკვეთებიდან (იხ. ცხრ. 1).

მტევნის საშუალო წონა მერყეობს 280-298 გრამს შორის, ხოლო საშუალოდ იგი 288 გ უდრის. მტევანში 120-360 მარცვალია, ხოლო საშუალო მტევანში მარცვლების რაოდენობა 150-მდე აღწევს. საშუალო მტევანში კლერტი 4,5%, კანი 7,4%, წიპწა 4,5%, ხოლო წვენი 82,3% შეადგენს.

დიდი მტევნის წონა 1 კგ და ზოგჯერ 1,5 კგ აღწევს, ხოლო მცირე მტევნისა 200 გ უდრის.

100 მარცვლის წონა 170-179 გ, საშუალო წონა კი 175 გ უდრის. 100 მარცვალში 202 წიპწაა, წონით 8,9 გრამი. ერთწიპწიანი მარცვლები 26%, ორწიპწიანი – 53%, სამწიპწიანი – 14% და ოთხწიპწიანი – 7% შეადგენს.

სრული სიმწიფის პერიოდში ყურძნის შაქრიანობა 18-19%-მდე, ხოლო საერთო მჟავიანობა 10‰–მდე აღწევს.

დასახელებული ღვინის ნიმუშები ალკოჰოლს ნაკლები, ხოლო საერთო მჟავას ოდნავ მეტი რაოდენობით შეიცავს, რის გამოც ვერ აკმაყოფილებს ხარისხოვანი სუფრის ღვინისადმი წაყენებულ მოთხოვნას და თავისი შედგენილობის მიხედვით ტიპიურ ორდინარულ ღვინოს წარმოადგენს. მართლაც, სწორედ ამგვარი ღირსების ღვინოები დგება საწურავისაგან ადგილებზე თითქმის ყოველწლიურად. ამ ღვინოებში მიუხედავად დაგვიანებით მოკრეფისა (10-15X) ალკოჰოლი 9º არ სცილდება. ვფიქრობთ, რომ რთველის ვადის ორიოდე კვირით გადაწევით (ოქტომბრის ბოლო) შესაძლებელი გახდება შაქრის 2-3%-ით გაზრდა და ამის შესაბამისად ალკოჰოლის გადიდება და საერთო მჟავიანობის ცოტა მაინც შემცირება.

მცირე ალკოჰოლიანობისა და საერთოდ მცირე სხეულიანობის გამო საწურავის ღვინო არ ინახება და ტრანსპორტსაც ვერ იტანს. ვაზზე დატოვებული ყურძენი დიდხანს არ სძლებს და ლპება. დაკრეფილიც რამდენიმე დღეში ლპება. რთველის დროსაც კი დაწნულ კალათებში მისი კრეფა ან გადატანა არ შეიძლება, რადგანაც ყურძენი ადვილად იჭყლიტება და წვენი იღვრება. ამიტომ აუცილებელია ყურძნის მოსაკრეფად სპეციალური ლითონის ან ხის ჭურჭლის გამოყენება.

საერთო შეფასება და დარაიონება

აჭარის წითელყურძნიან ვაზის ჯიშებს შორის საწურავი ფრიად საყურადღებოა, როგორც უხმოსავლიანი და წვენის უხვად შემცველი ჯიში, რომლის პროდუქცია განკუთვნილია ორდინარული საოჯახო ღვინოების დასაყენებლად. გარდა ამისა საწურავის პროდუქცია წარმატებით შეიძლება გამოყენებული იქნეს ყურძნის წვენისა და საკონიაკე სპირტის დასამზადებლად. ამიტომ აჭარაში მევენახეობის შემდგომ განვითარებას საფუძვლად უნდა დაედოს საწურავის ფართოდ გავრცელება, განსაკუთრებით ქედის რაიონში – აჭარისწყლისა და მერისის ხეობებში. საწურავის გავრცელება დასაშვებია აგრეთვე შუახევის ზონაში, ქედის რაიონის მოსაზღვრე მიკროუბნებში. ზემო ზონაში (სოფ. ფურთიო, ჩაო, ალმე, ხულო და მომიჯნავე ადგილები) საწურავის გავრცელება კატეგორიულად უნდა აიკრძალოს, რადგან ყურძენი დამწიფებას ვერ ასწრებს.

გარდა აჭარისა საწურავის გავრცელება ამავე დანიშნულებით შეიძლება აგრეთვე მთელ დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით მთისპირა მიკრორაიონებში.

ფილქსერისადმი სუსტი გამძლეობის გამო შემდგომში საწურავი უნდა გაშენდეს მხოლოდ და მხოლოდ ნამყენების სახით, სათანადოდ შერჩეულ ფილოქსერაგამძლე საძირეებზე.


ლიტერატურა

1. კეცხოველი ნ. კულტურულ მცენარეთა ზონები საქართველოში. თბილისი, 1957.
2. ორბელიანი სულხან საბა. ქართული ლექსიკონი, ტფილისი, 1938.
3. რამიშვილი მ. გურიის, სამეგრელოს და აჭარის ვაზის ჯიშები. თბილისი, 1948.
4. ჩოლოყაშვილი ს. მევენახეობის სახელმძღვანელო, წიგნი II, ამპელოგრაფია. თბილისი, 1938.
5. შარდენი ჟ. მოგზაურობა საქართველოში 1672-1673 წ. თბილისი, 1935.
6. ჯავახიშვილი ივ. საქართველოს ეკონომიური ისტორია, წიგნი II, თბილისი, 1934.
7. Дементьев А. Труды лаборатории при Сакарском питомнике америк. лоз, вып. VII, 1914.
8. Мосальский В. Очерк Батумской области (изв, импер. русск. геогр. общества),1886.
9. Тимофеев С. Очерк виноградарства в Батумском и Артвинском округах, Сбор. свед. по виногрд. и винод. на Кавказе, вып. IV, 1886.
10. Шарашидзе Г. Грузинский словарь гурииских, верхне-имеретинскихи лечхумских провинциальных слов, Тбилиси, 1938.

წყარო

საქართველოს ამპელოგრაფია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები