კანონი სახელმწიფო ენის შესახებ 1918-1921

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სახელმწიფო ენის შესახებ კანონი - საკონსტიტუციო კომისიის 1918 წ-ის 14 სექტემბერს კომისიას გადაეცა დ. ჩიქოვანის წინადადება ეროვნულ საბჭოში ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლობისათვის ქართული ენის ცოდნის სავალდებულობის შესახებ. იმავე სხდომაზე პ. საყვარელიძეს დაევალა შესაბამისი კანონპროექტის შემუშავება და შემდგომი სხდომისთვის მისი წარმოდგენა. 1918 წლის 21 სექტემბერს ამ საკითხზე კომისიამ იმსჯელა. საბოლოოდ, ეროვნულმა საბჭომ კანონპროექტი 1918 წლის 1 ოქტომბერს მიიღო.

კანონი შედგება სამი მუხლისაგან და აქვს ორი შენიშვნა. კანონში მკაფიოდ დაფიქსირდა, რომ საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო ენა არის ქართული ენა. საქართველოს ეროვნულ საბჭოში საქმის წარმოება და კამათი მხოლოდ ქართულ ენაზე იყო შესაძლებელი. კანონი მხოლოდ ერვნულ უმცირესობათა წარმომადგენელებს უფლებას აძლევდა, თუ მათ სახელმწიფო ენა არ იცოდნენ, სიტყვა წარმოეთქვათ საკუთარ ენაზე. ეს საკითხი კიდევ უფრო დაზუსტდა საქართველოს ეროვნული საბჭოს 1918 წლის 15 ოქტომბრის კანონში „წესი ენის ხმარებისა“, რომელიც ეროვნული საბჭოს რეგლამენტის დამატებას წარმოადგენდა. ცალკე, 1919 წლის 14 იანვრის კანონით, „ადგილობრივ თვითმმართველობათა ორგანოებში ენის ხმარებისა“, მოწესრიგდა ადგილობრივ ორგანოებში ენის გამოყენების საკითხი. რასაკვირველია, უპირატესობა მიენიჭა ისევ ქართულ ენას, როგორც სახელმწიფო ენას, მაგრამ ეროვნულ უმცირესობებს ასევე შეეძლოთ, ესარგებლათ თავიანთი დედაენით. ქართული ენისადმი განსაკუთრებული მზრუნველობა იმ პერიოდის არაერთ კანონში ჩანს. მაგალითად, 1918 წლის 24 სექტემბრის „მომრიგებელ მოსამართლეთა ინსტიტუტის“ შესახებ კანონის მე-16 მუხლის მიხედვით, სამართალწარმოება მოსამართლეთა ყრილობაზე ქართულად უნდა წარმართულიყო. ამ კანონის თანახმად, ოფიციალურ ტექსტად ითვლებოდა ქართული ტექსტი. „ნაფიც-მსაჯულთა შესახებ“ 1919 წლის 17 იანვრის დებულებით, ნაფიც-მსაჯულს ქართული ენის ცოდნა მოეთხოვებოდა. „რა ენაზე უნდა მოეწყოს სენატში საქმის წარმოება?“ ეს კითხვა 1919 წლის 31 ოქტომბერს დაისვა საქართველოს სენატის საზოგადო კრების სხდომაზე. განხილვის შემდეგ სენატმა ერთხმად დაადგინა:
„სენატის რეზოლუცია და განჩინება დაწერილ უნდა იქნეს ქართულად“. ქართული ენის სახელმწიფოებრივი სტატუსი 1921 კონსტიტუციაში მე-3 მუხლითაა გარანტირებული.

ბექა ქანთარია

ლიტერატურა

  • სცსა, ფ. 1833, საქ. 191, ფ. 1836. საქ. 201, ფ. 1837. საქ. 5;
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართლებრივი აქტების კრებული (1918-1921), 1990.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები