სახელმწიფო კონტროლი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სახელმწიფო კონტროლი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში - საქართველოში დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ დღის წესრიგში დადგა სახელმწიფო კონტროლიორის თანამდებობის შემოღების საკითხი. გათვალისწინებული იყო, რომ მის კონტროლს დაექვემდებარებოდა ბიუჯეტური ორგანიზაციების ფინანსები და მთლიანად ქვეყნის შემოსავლები და ხარჯები. 1918 წლის 3 ივნისს ეროვნული საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო სხდომაზე დასაბუთდა სახელმწიფო კონტროლის სამსახურის დაარსების აუცილებლობის საკითხი.

კანონი „სახელმწიფო კონტროლიორის თანამდებობის დაარსების” შესახებ ერთხმად მიიღო ეროვნულმა საბჭომ 1918 წლის 28 ივნისის სხდომაზე. მისი ხელმძღვანელი - სახელმწიფო კონტროლიორი უნდა აერჩია ეროვნულ საბჭოს. იგი არ უნდა შესულიყო მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში. მთავრობასა და სახელმწიფო კონტროლიორს შორის უთანხმოების საკითხებს წყვეტდა ეროვნული საბჭო. დღის წესრიგში სახელმწიფო კონტროლიორის დანიშვნის საკითხი განიხილებოდა. ამ თანამდებობაზე სოციალისტ-ფედერალისტთა მიერ დასახელდა ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ცნობილი მეცნიერ- ეკონომისტი, პროფესორი). ხმათა დიდი უმრავლესობით სახელმწიფო კონტროლიორის თანამდებობაზე აირჩიეს ფ. გოგიჩაიშვილი.

1918 წლის 6 დეკემბერს ეროვნულმა საბჭომ დაამტკიცა დებულება „სახელმწიფო კონტროლისა და მისი უწყების საგანთათვის” და „რევიზიის წესდება”. დამტკიცებული დებულების მიხედვით: სახელმწიფო კონტროლიორი, მინისტრის უფლებით, მონაწილეობდა საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაში; სახელმწიფო კონტროლიორს საკანონმდებლო ორგანოში ყოველწლიურად 15 დეკემბერს უნდა წარედგინა საანგარიშო მოხსენება ჩატარებული სამუშაოების შესახებ; ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო სახელმწიფო კონტროლიორის წარდგინებით ნიშნავდა და ათავისუფლებდა სახელმწიფო კონტროლიორის მოადგილეს, ხოლო სახელმწიფო კონტროლის სხვა მუშაკებს თანამდებობაზე ნიშნავდა და ათავისუფლებდა თავად სახელმწიფო კონტროლიორი.

სახელმწიფო კონტროლიორის ფუნქციებში ასევე შევიდა: საკანონმდებლო ორგანოში წარდგენამდე ბიუჯეტის პროექტის შედგენის შემოწმება, ზედამხედველობა აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, სახელმწიფო საწარმოებისა და დაწესებულებების ფულადი სახსრების ბრუნვის, მატერიალური ქონების მდგომარეობის შემოწმება, კრედიტების განაწილებაზე კონტროლი. აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ორგანოს ხარჯების შემოწმება სახელმწიფო კონტროლის კომპეტენციაში არ შედიოდა. სახელმწიფო კონტროლის ორგანოში შეიქმნა „საერთო საკრებულო” სახელმწიფო კონტროლიორის თავმჯდომარეობით. „საკრებულოს” უფლება ჰქონდა, მოესმინა საკანონმდებლო ორგანოში წარსადგენი საანგარიშო მოხსენება და განეხილა წინადადებები მოქმედ კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების შესახებ, აგრეთვე მოემზადებინა დასკვნა კონტროლიორის დავალებით გადაცემულ საკითხებზე. სახელმწიფო კონტროლის მიერ ჩატარებული რევიზიების ანგარიშები 3 რიგად ნაწილდებოდა: პირველი რიგის ანგარიშები სამუდამოდ უნდა დაცულიყო, მეორე რიგის ანგარიშები 10 წელი (გახანგრძლივება შეეძლო „საერთო საკრებულოს”) და მესამე რიგის „ადმინისტრაციული საქმეები” 5-10 წლის ვადით. სახელმწიფო კონტროლიორი, შესაბამისი სფეროს მინისტრთან შეთანხმებით, ადგენდა, თუ რომელ რიგს უნდა მიკუთვნებოდა შედგენილი ანგარიში.

სახელმწიფო კონტროლის მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად გამოვლინდა ბევრი ფინანსური დარღვევა. თავის მხრივ, ფ. გოგიჩაიშვილმა, როგორც ქართული ეკონომიკური აზრის მნიშვნელოვანმა წარმომადგენელმა და დამოუკიდებელ საქართველოში პირველმა სახელმწიფო კონტროლიორმა, ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა ქვეყნის ფინანსური კონტროლის სისტემის საფუძვლების შექმნაში. გარკვეული პერიოდის შემდეგ, მან დამფუძნებელ კრებას მიმართა თხოვნით დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ.

სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის ინიციატივით, დამფუძნებელმა კრებამ 1919 წლის 14 მარტს, კენჭისყრის შედეგად, დააკმაყოფილა სახელმწიფო კონტროლიორის, ფ. გოგიჩაიშვილის, თხოვნა დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ, მაგრამ მას დაევალა მოვალეობის შესრულება ახალი სახელმწიფო კონტროლიორის არჩევამდე. 1919 წლის 9 მაისს დ. თოფურიძემ, სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის სახელით, დამფუძნებელ კრებას სახელმწიფო კონტროლიორის თანამდებობაზე ასარჩევად ისევ ფ. გოგიჩაიშვილის კანდიდატურა (სხვა კანდიდატურა არ დასახელებულა) წარუდგინა. ფარული კენჭისყრის შედეგად (მონაწილე 66 კაციდან მომხრე - 61, წინააღმდეგი - 2, თავი შეიკავა - 1, გაუქმებული აღმოჩნდა - 2) სახელმწიფო კონტროლის თანამდებობაზე ხელმეორედ აირჩიეს ფილიპე გოგიჩაიშვილი. ამის შემდეგაც „კონტროლიორის ინსტიტუტმა” ბევრი სასარგებლო საქმე გააკეთა.

თამარ ათანელიშვილი

ლიტერატურა

  • თ. ათანელიშვილი, ეკონომიკური რეფორმები საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, თბ., 2016;
  • T. Atanelishvili, M. Chikviladze, N. Silagadze, About State FInancIal Control, Ecoforumjournal, Vol. 6, 2017, №1.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები