სახლთუხუცესი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სახლთუხუცესი - ცენტრალური ხელისუფლების უმაღლესი მოხელე გვიანდელი შუა საუკუნეების საქართველოში.

ეს სამოხელეო თანამდებობა XV ს-დან მეფეთა სიგელების უწინარეს რეგულარულად გვხვდება კათოლიკოსთა სახელით გაცემულ საბუთებში, ამავე საუკუნის მიწურულიდან - იმერეთისა და კახეთის სამეფო საბუთებშიც. ქართლში სახლთუხუცესი XVI ს-ის დასაწყისიდან იხსენიება. ვახუშტის მიხედვით, სახლთუხუცესი არსებობდა ერთიან საქართველოშიც და იმასვე ნიშნავდა, რასაც აბრამადი. მაგრამ ერთიანობის დროინდელ დოკუმენტებსა და „ხელმწიფის კარის გარიგებაში“ ეს ტერმინი ნახსენები არ არის. ვ. გაბაშვილის დაკვირვებით, ტერმინის ადრე გავრცელებული ფორმა - „სახლისუხუცესი“ მართლაც უნდა მიანიშნებდეს მის სიძველეზე, მაგრამ ამ სახელოს მატარებელი პირები ადრინდელ მეფეთა და მთავართა კარზე „საკუთართა“, ანუ ე.წ. ხელშინაურ მოხელეთა კატეგორიას განეკუთვნებოდნენ და, ამდენად, გვიანდელ შუა საუკუნეებამდე მათი უფლებები კერძო სამართლბრივ ნორმებს არ სცილდებოდა. ამდენად, ქართულ სამეფოებში ცენტრალური მმართველობის მაღალ პოზიციებზე სახლთუხუცესის დაწინაურება გვიანდელი შუა საუკუნეების (XV-XVIII სს) მოვლენაა, რაც ერთიანი მონარქიის დაშლის, სამეფო ხელისუფლების დასუსტების, სამეფო მიწების ფონდის შემცირებისა და მეფის ხელისუფლების საჯარო უფლებების მკვეთრი შეკვეცის შედეგად უნდა მომხდარიყო. სახლთუხუცესს სამეფო კარზე ჩაბარებული ჰქონდა სამეფო სამდივნო (კანცელარია) მდივან-მწიგნობრებითურთ, სასახლის ადმინისტრაციული ხელმძღვანელობა, მეფის „ვაზირობა“ (მრჩევლობა), სამეფო მიწების სამეურნეო და საფინანსო ზედამხედველობა, ანუ, ის ფუნქციები, რომლებსაც ერთიანობის ხანის საქართველოში რამდენიმე სამოხელეო უწყება უძღვებოდა.

მრავალფეროვანი ფუნქციების შესაბამისად, სახლთუხუცესს ექვემდებარებოდნენ სამეფო კანცელარიის მდივნები და მორდრები; სამეურნეო საქმეთა და ფისკის მოხელეები: ნაზირი მოლარე , თავლიდარი და სხვ., აგრეთვე, სამზარეულოსა და სახაბაზოს მსახურნი: თუშმალი, მზარეული, და ა.შ. სასახლის საფარეშოს მოხელეები: ფარეშთუხუცესი და მის დაქვემდებარებაში მყოფი მსახურები. მასვე ეხებოდა ნადირობის სამსახური, საჯინიბოს, საწყობის მომსახურე პერსონალი. სახლთუხუცესის კონტროლს ექვემდებარებოდა გარკვეული ტიპის ადმინისტრაციული აქტების - ყმა-მამულისა და სახელოს ბოძების, ჯამაგირის დანიშვნისა და სხვ. მომზადებაგაცემა. ნაზირთან ერთად სახლთუხუცესი სამეფო მეჯლისის მთავარი განმკარგულებელი იყო. მას უნდა ედევნებინა თვალყური სტუმრების ჯეროვნად მომსახურებისათვის. როცა ყველაფერს გაარიგებდა, მეფის წინ საპატიო ადგილს იკავებდა.

ერეკლე II-ის დროს ქართლ-კახეთის გაერთიანებულ სამეფოში ორი სახლთუხუცესი იყო - ქართლისა და კახეთის. სახლთუხუცესის უწყებას დაუქვემდებარა ერეკლე II-მ სახელმწიფო ფინანსების შემოსავალ-გასავალის კონტროლისათვის შექმნილი ცალკე სამსახურიც.

სახლთუხუცესს ჯამაგირის სახით გადაკვეთილი ჰქონდა წლიურად 25 თუმანი. ამავე დროს იღებდა სარგოს, როგორც სახელმწიფო გადასახადებიდან, ისე სამეფო მიწების შემოსავლებიდან და ქალაქების იჯარა-ბაჟებიდან. ცალკე შემოსავალი შემოსდიოდა მას ელებიდან და, ასევე, მეფის სამდივნოდან. მიუხედავად ამდენი ვალდებულებებისა, სახლთუხუცესი, როგორც ყმა-მამულის პატრონი ფეოდალი, არ იყო გათავისუფლებული სამხედრო ვალდებულებებისაგან. ცნობილია იმერეთის სამეფოს სახლთუხუცესის შემოსავალი XVIII ს-ის მეორე ნახევარში. მას ეკუთვნოდა: აკრეფილი სახელმწიფო გადასახადების მეათედი, მებაჟეთაგან მიღებული ყოველწლიური ძღვენი (ორი-სამი ქესა), ერთი წყვილი ძვირფასი სამოსი, მეფის მიერ ყოველი გაცემული წყალობიდან - თითო კომლზე თითო ხარი.

სახლთუხუცესის თანამდებობაზე მეფეები ნიშნავდნენ მათ მიმართ ყველაზე ლოიალურად განწყობილი ფეოდალური სახლების წარმომადგენლებს, მაგრამ თანამდებობის ხანგრძლივი მემკვიდრეობითობა რომელიმე ერთი საგვარეულოს ფარგლებში ქართლისა და იმერეთის სამეფოებში მაინც ვერ იქნა შენარჩუნნებული. პოლიტიკური რყევები, რომლებსაც ქართული სამეფოები განიცდიდნენ XVI და, განსაკუთრებით XVII-XVIII სს-ებში, გავლენას ახდენდა საკარო თანამდებობათა კონტინგენტის შერჩევაზე. ყოველი ახალი სამეფო კანდიდატურა, რომელიც საგარეო ძალისა თუ ადგილობრივი დაჯგუფებების დახმარებით მოიპოვებდა გამარჯვებას, თავისი მომხრე საგვარეულოების წარმომადგენლებს აწინაურებდა სამეფო კარზე. ამ ვითარების ანარეკლია საგვარეულოთა ხშირი მონაცვლეობა სახლთუხუცესის თანამდებაზე XVII-XVIII სს-ის ქართლსა და იმერეთში. ამ საუკუნეებში ქართლის სამეფო კარზე სახლთუხუცესის თანამდებობაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ სააკაძეები, მუხრანბატონები, ციციშვილები, ბარათაშვილ-ორბელიშვილები და სხვ. კახეთში უპირატესად ჩოლაყაშვილები იკავებდნენ ამ თანამდებობას, თუმცა, პერიოდულად მათ ენაცვლებიან ჯანდიერიშვილები, ხერხეულიძეები, ბებურიშვილები და სხვ. ამასთან კახეთში სახლთუხუცესობა ტრადიციულად სარდლობასთან იყო შეერთებული. ეს თანამდებობა შენარჩუნებულ იქნა კახეთში მეფობის გაუქმებისა და იქ ირანის ხანების მმართველობის პირობებშიც. XVII ს-ის 90-იანი წლების დასაწყისში, ქართლში კახი ბატონიშვილის ერეკლე I-ის (ნაზარალი-ხანი) და ქართლის მეფის გიორგი XI-ის „ორმეფობის“ პირობებში, სახლთუხუცესის თანამდებობაზე ორივე მეფე ნიშნავდა თავის მომხრე თავადებს. გიორგი XI-ის მიერ ქართლის დაბრუნების შემდეგ (1703 წ.) ქართლსა და კახეთში ისევ ადგილობრივმა თავადებმა დაიბრუნეს სახლთუხუცესის თანამდებობა. 1762 წ-დან ქართლ-კახეთის გაერთიანებულ სამეფოში სახლთუხუცესები, კახეთის სამეფოს ტრადიციისამებრ, იმავდროულად სარდლებიც იყვნენ და სახლთუხუცესებად იწოდებოდნენ. იმერეთის სამეფოში სახლთუხუცესის თანამდებობაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ კონკურენტი საგვარეულოები: აბაშიძეები, ჩხეიძეები და წერეთლები.

სარჩევი

სახლთუხუცესები. XVI-XVIII სს.

ქართლი
  • ოლაღაშვილი ივანე - სამეფო კარის სახლთუხუცესი, პალატისუხუცესი და მწიგნობართამთავარი 1512-1530-იანი წწ. (ქისკ 2016: 44, 75, 78, 98, 218).
  • ფანასკერტელ-ციციშვილი ზაზა - სამეფო კარის სახლთუხუცესი 1558 წ. (ქისკ 2016: 238).
  • ფავნელიშვილი გივი - სამეფო კარის სახლთუხუცესი 1569-1578 წწ. (ქისკ 2016: 278).
  • სააკაძე ზურაბ - სამეფო კარის სახლთუხუცესი 1593-1607 წწ. (ქისკ 2016: 429, 451, 456).
  • სააკაძე ბეჟან - ბაგრატ-ხანის (VII) სახლთუხუცესი 1616-1619 წწ. (პალ 2007: 91).
  • [ციციშვილი] ამილღამბარ - სიმონ-ხანის (II) სახლთუხუცესი 1622 წ. (სეა, 1450-35/73).
  • ბარათაშვილი ქაიხოსრო
  • ციციშვილი მანუჩარ - სამეფო კარის სახლთუხუცესი 1642-1651 წწ. (პალ 2015: 262-63).
  • ციციშვილი ყაია - სამეფო კარის სსახლთუხუცესი [1651-1656] წწ. (პალ 2015: 278); ქსის 1955: 267). ბარათაშვილი ყაფლან - სამეფო კარის სახლთუხუცესი, მდივანბეგი. [1656-1658] წწ. (პალ 1991: 451-452).
  • ციციშვილი პაპუნა- სამეფო კარის სახლთუხუცესი 1659-1664 წწ., სარდალი 1650-1664 წწ. (პალ 2015: 266-69).
  • ციციშვილი ზაზა - საბარათიანოს სარდალი 1646 წ., სამეფო კარის სახლთუხუცესი ([1664]-1667 წწ. ვახუშტი 1973: 452, 455; პალ 2015: 257-260).
  • ციციშვილი ციცი („დიდი“) - სამეფო კარის სახლთუხუცესი 1672-1678 წწ. (პალ 2015: 279-281).
  • ბაგრატიონი თეიმურაზ, მუხრანისბატონი - სამეფო კარის (გიორგი XI-ის) სახლთუხუცესი 1678-1684 წწ. (პალ 1991: 315).
  • ციციშვილი ამილღამბარ - სამეფო კარის სახლთუხუცესი 1684 წ. (პალ 2015: 249).
  • ბაგრატიონი პაპუა, მუხრანის ბატონიშვილი - სამეფო კარის (გიორგი XI-ის) სახლთუხუცესი [1685]-1700 წწ. (პალ 1991: 334-335).
  • ბებურისშვილი - ნაზარალი-ხანის სახლთუხუცესი 1688 წ. (პალ 1991: 488-489; ვახუშტი 1973: 464).
  • ციციშვილი ქაიხოსრო - ნაზარალი-ხანის სახლთუხუცესი 1688-[1703] წწ. (პალ 2015: 276).
  • ბარათაშვილი საამ - (გიორგი XI-ის) სახლთუხუცესი 1690 წ.; ფარეშთუხუცესი 1671 წ., ბოქაულთუხუცესი 1670-1690 წწ. (პალ 199: 441-443).
  • ორბელიშვილი ლუარსაბ - სარდალი და სამეფო კარის სახლთუხუცესი 1690-1696 წწ., სარდალ-ყულარაღასი 1696-1699 წწ. ყულარაღასი - 1692-1696 წწ. (პალ 2007: 334).
  • ციციშვილი ედიშერ (ქაიხოსროს ძე) - სამეფო კარის სახლთუხუცესი 1695 წ. (ქსის 1955: 427;).
  • ერისთავისძე აღათანგ - სამეფო კარის სახლთუხუცესი XVIII ს. დასაწყისი (პალ 1993: 139).
  • ნახუცრიშვილი დავით - სამეფო კარის ს. 1724 წ. (გიდ 2008: 306).
  • ორბელიანი ელიზბარ - სამეფო კარის სახლთუხუცესი 1735 წ. (ხეც, Sd-1943).
კახეთის სამეფო
  • ირუბაქისძე [ჩოლაყასშვილი] ბეენა - სამეფო კარის სახლთუხუცესი 1511 წ. (სეა, 1449-1533; პალ, II, 465).
  • ჩოლაყასშვილი გარსევან
  • ჭავჭავაძე იასონ - სამეფო კარის სახლთუხუცესი 1590 წ. (პალ, V, 327; გიდ 208: 42).
  • [ხერხეულიძე] აღათანგ - სამეფო კარის სახლთუხუცესი 1612-1619 წწ. (სეა, 1450: 49/149; 26/5; 28/214).
  • ჯორჯაძე იესე - სამეფო კარის სახლთუხუცესი 1629-1637 წწ. (პალ 1993: 403; ქსოის 19584: 11).
  • ჯანდიერიშვილი დავით - სამეფო კარის სახლთუხუცესი 1637 წ. (პალ 2015: 476).
  • ჩოლაყაშვილი რევაზ - სამეფო კარის სახლთუხუცესი და სარდალი 1643-1648 წწ. (ვახუშტი 1973: 597).
  • ჩოლაყაშვილი ბიძინა - სუფრაჩი 1638-1651 წწ., სამეფო კარის სახლთუხუცესი [1656] წ. (პალ 2015: 219).
  • ჯორჯაძე ნოდარ - სამეფო კარის სახლთუხუცესი არჩილ II-ის (1664-1675) დროს (პალ 2015: 513-14).
  • ონანა - მდივანი 1656-1692 წწ. „კახეთის“ სახლთუხუცესი [1690-1703] წწ. (პალ 2004: 328-329).
  • [ჯორჯაძე] იასე - სამეფო კარის სახლთუხუცესი 1690-1694 წწ. (პალ 1993: 405).
  • ჩოლაყაშვილი დურმიშხან - სამეფო კარის სახლთუხუცესი 1693-1696 წწ. (პალ 2015: 220).
  • ჩოლაყაშვილი რევაზ
  • ჩოლაყაშვილი ოთარ
  • ჩოლაყასშვილი დურმიშხან - სამეფო კარის სახლთუხუცესი 1696 - XVIII ს-ის 10-იანი წწ. (გიდ 2008: 102; გიდ 2011: 735).
  • ჩოლოყაშვილი ედიშერ - სამეფო კარის სახლთუხუცესი XVIII ს-ის 20-იანი წწ. (გიდ 2008: 93, 206, 227, 276).
  • საზვერელი
  • ონანა - მდივანი 1713-1733 წწ., სამეფო კარის სახლთუხუცესი დაახლ. 1724-1733 წწ. (გიდ 2008: 273).
  • ჩოლაყაშვილი გივი - სამეფო კარის სახლთუხუცესი 1738 წ. (ხეც, Ad-714; გიდ 2008: 334, 352).
  • ჩოლაყასშვილი ჯიმშერ - სამეფო კარის სახლთუხუცესი 1740-1741 წწ. (ხეც, Hd-1684; Hd-2529; სეა, 1450-3/ 124).
  • ჩოლაყაშვილი გრიგოლ - სამეფო კარის სახლთუხუცესი 1741-1746 წწ. (დსსი 1940: 405-407; გიდ 2008: 352, 361).
  • [ჯორჯაძე] იესე - სამეფო კარის სახლთუხუცესი 1759 წ. (გიდ 2008: 401).
ქართლ-კახეთის სამეფო
  • ორბელიანი დავით - სამეფო კარის სახლთუხუცესი და სარდალი 1768-[1784] წწ. (გიდ 2008: 436, 447).
  • იოანე მუხრანისბატონი - სამეფო კარის სახლთუხუცესი და სარდალი 1784-1789 წწ. (გიდ 2011: 558, 607, 703).
  • იოანე ორბელიანი - სამეფო კარის სახლთუხუცესი და სარდალი 1798-1800 წწ. (გიდ 2008: 436; მესხია 1948: 6).
იმერეთი

წყაროები და ლიტერატურა

  • ვახუშტი 1973: 843;
  • გაბაშვილი 1943: 166;
  • მესხია 1948: 4, 6-10, 38;
  • შენგელია 1940: 143;
  • სურგულაძე 1952: 175-176, 177, 180.

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები