სახმელეთო ჯარები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სახმელეთო ჯარები – (მთელ რიგ სახელმწიფოებშიარმია, გერმანიაში – სახმელეთო ძალები) – შეიარაღებული ძალების სახეობა, რომლის დანიშნულებაა საომარი მოქმედებების წარმოება უპირატესად ხმელეთზე. მეტწილ სახელმწიფოებში სახმელეთო ჯარები წარმოადგენს შეიარაღებული ძალების ყველაზე მრავალრიცხოვან, შეიარაღების და საბრძოლო მოქმედების ხერხების მიხედვით ყველაზე მრავალფეროვან სახეობას.

საბრძოლო შესაძლებლობებით სახმელეთო ჯარებს შეუძლიათ დამოუკიდებლად და შეიარაღებული ძალების სხვა სახეობებთან ურთიერთქმედებით აწარმოონ შეტევა მოწინააღმდეგის გასანადგურებლად. ასევე მისი ტერიტორიის ხელში ჩასაგდებად, მიაყენონ საცეცხლე დარტყმები დიდ სიღრმეზე, მოიგერიონ მოწინააღმდეგის, მისი მსხვილი საჰაერო და საზღვაო დესანტების შეტევა, მტკიცედ შეინარჩუნონ დაკავებული ტერიტორიები, რაიონები და ზღუდეები. სახმელეთო ჯარების შემადგენლობაში, ჩვეულებრივ, შედის სხვადასხვა გვარეობების ჯარები, სპეციალური ჯარები და სამსახურები.

სახმელეთო ჯარები წარმოიშვა ჯერ კიდევ უძველეს ხანაში. მონათმფლობელური წყობილების ეპოქაში შედგებოდა ორი გვარეობის – ქვეითი და ცხენოსანთა ჯარისაგან ან მხოლოდ ერთერთი მათგანისაგან. ძველ ეგვიპტეში, ასურეთსა და ძველ საბერძნეთში გაჩნდა ქვეითი და ცხენოსანი ჯარის ორგანიზაციული ფორმები, რომლებიც შეესაბამებოდა მათი მოქმედებების ხასიათს (ათეულები, ასეულები და სხვა). სახმელეთო ჯარების ორგანიზაცია მნიშვნელოვნად განვითარდა ძველ რომში, სადაც შეიქმნა ლეგიონები, მანიპულები, ცენტურიები და კოჰორტები.

VIII–XIV საუკუნეების ევროპულ ქვეყნებში სახმელეთო ჯარების მთავარი გვარეობა იყო ცხენოსანი ჯარი, ხოლო ქვეითი ჯარი დამხმარე როლს ასრულებდა. XIV საუკუნეში დაიწყო ქვეითი ჯარის, როგორც სახმელეთო ჯარების ძირთიადი გვარეობის აღორძინება და გაჩნდა არტილერია. სახმელეთო ჯარების ცეცხლსასროლი იარაღით და ზარბაზნებით აღჭურვამ მკვეთრად გაზარდა მათი საბრძოლო ძლიერება, გამოიწვია ცვლილებები ჯარების მოქმედების ტაქტიკასა და ორგანიზაციაში.

XV საუკუნეში სახმელეთო ჯარებში შეიქმნა ასეულები, შემდეგ პოლკები, XVI–XVII საუკუნეებში – ბატალიონები და ბრიგადები.

I მსოფლიო ომის დაწყებისას სახმელეთო ჯარები შეადგენდნენ მოპირისპირე კოალიციების წევრი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ძირითად მასას. ამ დროისათვის სახმელეთო ჯარები აღიჭურვნენ სავაზნეკოლოფიანი ხიშტიანი შაშხანებით, ტყვიამფრქვევებით, სწრაფმსროლი ქვემეხებით, ნაღმსატყორცნებით, ჯავშანავტომობილებით, ხოლო ომის ბოლოს – ტანკებითაც. ჯარების გვარეობების და მათი ორგანიზაციის მიხედვით მსხვილი სახელმწიფოების სახმელეთო ჯარებს დიდი მსგავსება ჰქონდათ. ისინი შედგებოდნენ ქვეითი ჯარისაგან (ჯარების მთავარი გვარეობა), კავალერიისგან, არტილერიისა და სპეციალური (საინჟინრო და კავშირგაბმულობის) ჯარებისაგან. ჯარები გაერთიანებული იყო არმიებად, რომლებიც შედგებოდნენ კორპუსების და დივიზიებისაგან, ხოლო შემდეგ საერთო-საჯარისო შენაერთებად იქცნენ. ომის დროს ახალი სახეობების შეიარაღების და სამხედრო ტექნიკის შექმნამ და ჯარებში მათმა დანერგვამ გამოიწვია სახმელეთო ჯარების სტრუქტურის არსებითი ცვლილებები. მათ შემადგენლობაში გაჩნდა ჯავშანსატანკო, ქიმიური, საავტომობილო და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ჯარები. შეიქმნა დაჯგუფებები და არმიების ჯგუფები.

II მსოფლიო ომის შემდეგ სახმელეთო ჯარების განვითარება მიმდინარეობდა შეძენილი საბრძოლო გამოცდილების ათვისების და მათი ორგანიზაციული სტრუქტურის და შეიარაღების შემდგომი სრულყოფის გზით. ყველაზე არსებითი ცვლილებები სახმელეთო ჯარებში მოხდა XX საუკუნის 60-იან წლებში ბირთვული იარაღის გაჩენასთან დაკავშირებით. შემდგომში სახმელეთო ჯარები ვითარდებოდა უახლესი სამხედრო ტექნიკის და სამხედრო მეცნიერების მიღწევების ბაზაზე.

სახმელეთო ჯარებში შესაბამისი პროპორციებით არის წარმოდგენილი ყველა თანამედროვე გვარეობის ჯარები და სპეციალური ჯარები, რომელთა შეთანხმებული გამოყენებაც უზრუნველყოფს სახმელეთო ჯარებზე დაკისრებული ამოცანების გადაწყვეტას. ნატოს ქვეყნებს შორის რიცხოვნობითა და ტექნიკური აღჭურვილობით გამოირჩევა აშშ-ის სახმელეთო ჯარები (არმია), რომელშიც შედის რეგულარული ჯარები და ორგანიზებული რეზერვი (არმიისა და ეროვნული გვარდიის სახმელეთო ჯარების რეზერვი). ჯარების გვარეობებს განეკუთვნება ქვეითი (მოტოქვეითი) ჯარი, ჯავშანსატანკო ჯარები, საველე და საზენიტო არტილერია და საარმიო ავიაცია. ასევე – საბრძოლო უზრუნველყოფის ნაწილები და ქვედანაყოფები – სამხედრო დაზვერვა და რადიოელექტრონული ბრძოლა, კავშირგაბმულობის ჯარები, საინჟინრო, ქიმიური ჯარები და სამხედრო პოლიცია; სამსახურებს – სამედიცინო, საფინანსო, კვარტირმაისტერული, სამხედრო მღვდლების, სამხედრო-იურიდიული და საარტილერიო-ტექნიკური.

მსგავსი სტრუქტურა აქვთ დიდი ბრიტანეთის სახმელეთო ჯარებს.

გერმანიაში სახმელეთო ძალები შედგება სახმელეთო და ტერიტორიული ჯარებისაგან. ჯარების გვარეობებად ითვლება მართვის ჯარები, საბრძოლო ჯარები, საბრძოლო მხარდაჭერის ჯარები და ჯარების სტაციონარული გვარეობები; მოიცავენ იარაღის გვარეობებს – ქვეითი ჯარის, ტანკების, არტილერიის, საარმიო ავიაციის, ტექნიკური დაზვერვის, რადიოტექნიკურ, სამხედრო პოლიციის და სხვა ქვედანაყოფების.

რუსეთის სახმელეთო ჯარებში შედის მოტომსროლელი, სატანკო, სარაკეტო ჯარები და არტილერია, საჰაერო თავდაცვის ჯარები და ავიაცია, რომლებიც სახმელეთო ჯარების გვარეობებს წარმოადგენენ; ასევე – სპეციალური ჯარების შენაერთები და ნაწილები (სადაზვერვო, კავშირგაბმულობის, რადიოელექტრონული ბრძოლის, საინჟინრო, რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის და სხვა), ზურგის ნაწილები, დაწესებულებები, საწარმოები და ორგანიზაციები.

ორგანიზაციულად შედგება საერთო-საჯარისო (სატანკო) არმიების, საარმიო კორპუსების, მოტომსროლელი (სატანკო), საარტილერიო და სატყვიამფრქვევო, საარტილერიო დივიზიების, გამაგრებული რაიონების ბრიგადების, ცალკეული ნაწილების, გაერთიანებების და შენაერთებისაგან.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები