სეზანი პოლ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პოლ სეზანი. მონ სენ ვიქტუარი, დაახ. 1885-1887; ტილო, ზეთი, 64,8X93,3 სმ. კურტოს გალერეა, ლონდონი. © სამუელ კურტოს ტრასტი

პოლ სეზანი– არც ერთ მხატვარს ისეთი ზეგავლენა არ მოუხდენია მოდერნისტების შემდგომ თაობაზე, როგორიც სეზანს. სამხრეთ საფრანგეთის ქალაქ ექს ან პროვანსში მცხოვრები მდიდარი ბანკირის შვილი, ჯერ მშობლიურ ექსში, შემდეგ კი პარიზში სწავლობდა, სადაც მანეს ირგვლივ შეკრებილ რეალისტ მხატვართა წრეში იყო გაერთიანებული. უმეტესად დრამატულ რომანტიკულ თემებზე შექმნილ, მუქი კოლორიტის მქონე, უხეშად შესრულებულ მის ადრეულ ნამუშევრებს სალონი მუდმივად უარყოფდა. 1870-იანი წლების დასაწყისში, პისაროს გავლენით, სეზანი თავის სტილს ცვლის - სუფთა ფერების პალიტრასა და ინტენსიურ მონასმებს ითვისებს და პეიზაჟების ხატვას იწყებს. 1874- 1877 წლებში იგი იმპრესიონისტების მიერ მოწყობილ გამოფენებში იღებდა მონაწილეობდა; სეზანმა, მათ მსგავსად, თავი ბუნების, როგორც თავად ამბობდა, "შეგრძნებათა" შესწავლას მიუძღვნა. მაგრამ, იმპრესიონისტებისგან განსხვავებით, იგი არ ცდილობდა აღებეჭდა ატომსფეროსა და სინათლის ცვალებად-გარდამავალი ეფექტები. პირიქით, ტილოზე ფერების მეთოდური, თანმიმდევრული დადებით, ნახატის სასურათო სიბრტყეზე დატანისა და გამოსახულების მოდელირების ერთიან პროცესად შერწყმით მან ზედმიწევნით სტრუქტურირებული ფერწერა შექმნა. მისი გაცხადებული მიზანი იყო "იმპრესიონიზმისგან ისეთივე მკვიდრი და მყარი რამ შეექმნა, როგორიც მუზეუმებში დაცული ხელოვნება იყო". სეზანის თავდადებული სწრაფვა დასახული ამოცანის განსახორციელებლად მონ სენ ვიქტუარის მრავალჯერადად შესრულებულ სურათებში ვლინდება. ექსში, მის სახლთან ახლომდებარე მთის ხედი, სეზანმა 1880 წლიდან მოყოლებული სიცოცხლის ბოლომდე, 1906 წლამდე, ასეულობით ჩანახატსა და 30-ზე მეტ ტილოზე აღბეჭდა. სურათი არკის ველის თავზე აღმართულ, სახლებითა და ხეებით მოფენილ მთას წარმოგვიდგენს, რომელიც მარჯვნივ, სიღრმეში რკინიგზის ვიადუკით იკვეთება. სცენას მარცხენა მხრიდან მარადმწვანე ხე აჩარჩოებს, რომლის ტოტების მოყვანილობა მთის ტალღოვან ფორმებს ეხმიანება, რაც სურათის ორი მთავარი ელემენტის ვიზუალურ ერთიანობას ქმნის. თანაბარი განათება, წყნარი ატმოსფერო, ადამიანისა და მისი აქტივობისაგან დაცლილი გარემო ერთგვარი უდროობისა და სიმშვიდის განწყობილებას ქმნის.

პოლ სეზანი. ნატურმორტი ვაშლებიანი კალათით, 1880-1894; ტილო, ზეთი, 62,5X79,5სმ. ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტი. ჰელენ ბერჩ ბართლეთის მემორიული კოლექცია (1926.252)

სეზანის დამოკიდებულება ფერწერის მიმართ გააზრებული და სისტემურია. მისი ფუნჯის მონასმები, რომლებიც ხან მოკლე პარალელური შტრიხებია, ხან - მსუბუქი ხაზები, ხანაც - ფართოდ, ბრტყლად დადებული საღებავის სქელი ფენა, ფერწერის ყველა ელემენტს სურათის ერთიან, სიბრტყესდამორჩილებულ ვიზუალურ სივრცეში ამთლიანებს. სურათის ზედაპირზე ფორმათა აგებულება სიღმეში მიმავალი სივრცის სახვით ეფექტს უპირისპირდება, რაც სურათის საზღვრებში შექმნილი სამი განზომილების ილუზიასა და ორგანზომილებიანი ზედაპირის ფიზიკურად არსებულ რეალობას შორის დაძაბულობას აჩენს. წინა პლანზე გამოსახული ხე სიღრმეში სვლისაკენ გვიბიძგებს - a repossuir (ფრანგულად აღნიშნავს იმას, რაც სიღრმეში, უკან გვიბიძგებს). ხე, ჩვენ თვალს, მის უკან გაშლილი ველისკენ მიმართავს და, ამასთანავე, წინა პლანზე დადებული მკვეთრი ფერების უკანა პლანის უფრო ღია ტონალობებში გადასვლასაც განაპირობებს, რაც ჰაეროვანი პერსპექტივის ეფექტს ქმნის. მაგრამ სიღმისკენ სვლას წინა და უკანა პლანებზე მოცემული სხვა ფერების სიმკვეთრე და ცის ფონზე გაშლილი ხის ტოტები აფერხებს, რომლებიც გადაკვეთების გარეშე იმეორებს რა მთის კონტურების მოყვანილობას, ორივე მათგანს - ხესა და მთას - ერთ სიბრტყეზე წარმოაჩენს. ამ ხედის ფოტო გვიჩვენებს, რომ სეზანი უფრო ჰარმონიულობის საკუთარი შეგრძნების მიხედვით აგებდა კომპოზიციას, ვიდრე თავად პეიზაჟის ზედმიწევნით მიმსგავსებულ სურათს ქმნიდა. მხატვრობისადმი სეზანის დამოკიდებულება, რომელსაც იგი "სხვა რეალობას", არა ბუნების რეპრეზენტაციას, არამედ "ბუნების მიხედვით კონსტრუირებას" უწოდებდა, გადამწყვეტი აღმოჩნდა მოდერნისტული ხელოვნების შემდგომი განვითარებისთვის. სეზანის გვიანი პერიოდის ნატურმორტებზე საგნები ხედვის სხვადასხვა წერტილიდანაა ასახული, რის გამოც ისინი, ერთი შეხედვით, არასწორად აგებული გვეჩვენება, ხოლო სივრცე კი არარეალური და არაერთმნიშვნელოვანი ჩანს. ნატურმორტი ვაშლებიანი კალათით მაგალითად, მაგიდის მარჯვენა მხარე მარცხენაზე უფრო მაღალია, ღვინის ბოთლსაც ორი განსხვავებული სილუეტური ხაზი შემოწერს, მაგიდაზე მის გვერდით გამოსახული პურ-ფუნთუშეული მაყურებლისკენაა "ამოყირავებული", მაშინ, როდესაც ვაშლებს, ფაქტიურად, ზემოდან დავყურებთ. ხედვის წერტილთა ამგვარი ცვალებადობა, ცხადია, სეზანის არაპროფესიონალიზმს არ უნდა მივაწეროთ. პერსპექტივის ტრადიციულ წესებს მხატვარი მიზანმიმართულად უარყოფს. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერული ხაზობრივი პერსპექტივა სცენის მიმართ მხატვრისა და, შესაბამისად, მაყურებლის ხედვის ერთ, უცვლელ წერტილს გულისხმობს, თავის ნატურმორტში სეზანი საგნებს სხვადასხვა წერტილიდან წარმოაჩენს, ისე, თითქოს ჩვენ მათ გარშემო ვუვლიდეთ ან სხვადასხვა მხრიდან ერთბაშად ვუმზერდეთ. კომპოზიცია, როგორც მთლიანობა, რომელიც ხედვის სხვადასხვა რაკურსის გაერთიანებით იგება, კომპლექსური და დინამიკურია. იმის ნაცვლად, რომ ხედვის სტაბილური წერტილიდან სტატიკური საგნები სწორად ასახოს, სეზანი დროსა და სივრცეში ჩვენი მხედველობითი გამოცდილების რეკონსტრუირებას ახდენს. სიცოცხლის ბოლო წლებში, როდესაც სეზანის ნამუშევრები შინაგანად უფრო კომპლექსური ხდება და ხილულ რეალობასაც მეტად სცილდება, მხატვარი გარკვეულ პროფესიულ აღიარებასაც აღწევს.

პოლ სეზანი. დიდი მობანავეები, 1906; ტილო, ზეთი, 2,08X2,49 მ. ფილადელფიის ხელოვნების მუზეუმი. ვ.პ. უილსთაჩის კოლექცია

" დიდი მობანავეები" რომელიც, მან სიცოცხლის ბოლო წლებში დაიწყო და დაუსრულებელი დარჩა, სეზანის ყველაზე დიდი ზომის ნამუშევარია. სურათის არაერთი ნიშანი შეგვახსენებს აკადემიური ისტორიული ფერწერის წესებს: ტილოს დიდი ზომა, მრავალფიგურიანი კომპოზიცია, პეიზაჟში ჩაწერილი შიშველი ფიგურები, გარკვეული მინიშნებებით მითოლოგიურ თემებზე. სურათის ორივე მხარეს ორ პირამიდულ ჯგუფად შეკრული ფიგურები ხეებით შექმნილი ერთგვარი ბალდახინის ქვეშაა მოქცეული, რომლის უკან ხის ვარჯებით მოსაზღვრული სამკუთხა ფორმის მიღმა წყლის, ცისა და პეიზაჟის ხედი მოჩანს. გაშეშებული, ხშირად კლასიკურ პოზებში მოცემული ფიგურები თითქოს საცნაური დროისა და სივრცის მიღმა არსებობენ. თეთრ საფუძველზე დადებული ვარდისფერი, ლურჯი, ოქრა და მწვანე ფერების შეზღუდული პალიტრით, სეზანი სურათს ცივი განათებით ავსებს, რომელიც სცენის რეალობისგან განყენებულობას უფრო მეტად აძლიერებს. კლასიკური ფერწერის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული სახეობის - არკადიული პეიზაჟის მოხმობით, სეზანმა ერთგვარად მოიცვა XIX საუკუნის მხატვრობის სრული ციკლი და, იმავდროულად, ხელოვნების ზოგი ფუნდამენტური ნორმისა და დანიშნულების რადიკალურ გადაფასებას დაუდო სათავე.

წყარო

ხელოვნების ისტორია XVIII საუკუნიდან დღემდე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები