სენტ ლუისის III ოლიმპიური თამაშები (1904)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ამერიკელი მატილდა ჰაუელი, რომელიც გახდა ქალთაგან პირველი სამგზის ჩემპიონი

სენტ ლუისის III ოლიმპიური თამაშები — III ოლიმპიური თამაშები ჩატარდა 1904 წელს აშშ-ში, სენტ ლუისში.

  • მონაწილე ქვეყანა - 12
  • სპორტსმენი - 651 / 6 ქალი / 645 კაცი
  • სპორტის სახეობა - 16
  • მედლების კომპლექტი - 95

ყველაზე მეტი ოქროს მედალი კაცებში:

ანტონ ჰეიდა (ტანვარჯიში, აშშ) 5,1,0
ქალებში: მატილდა ჰაუელი (მშვილდოსნობა, აშშ) 3

ამერიკელი ოლივერ კირკა ოლიმპიური თამაშების ისტორიაში ერთადერთი მოკრივეა, ვინც ერთ თამაშებზე ჩემპიონობა იზეიმა ორ სხვადასხვა წონით კატეგორიაში

თანამედროვე ოლიმპიური თამაშების ფუძემდებლის პიერ დე კუბერტენის ჩანაფიქრით, საბერძნეთისა და საფრანგეთის შემდეგ კარგი იქნებოდა, თუ ოლიმპიურ თამაშებს აშშ უმასპინძლებდა. სენტ ლუისის III ოლიმპიური თამაშები პირველია, რომელიც ოკეანის გაღმა - აშშ-ში ჩატარდა. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ამერიკული ოლიმპიადა, რადგან მონაწილეთა 80 პროცენტს სწორედ მასპინძლები წარმოადგენდნენ. თავდაპირველად ეს თამაშები ჩიკაგოში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ მსოფლიო გამოფენის წყალობით მან სენტ ლუისში გადაინაცვლა.

1904 წელს სენტ ლუისის ოლიმპიურ თამაშებს წინამორბედთან შედარებით ბევრად ნაკლები ქვეყანა ეწვია. განსაკუთრებით ევროპელთა სიმწირე იგრძნობოდა, რაზეც რუსეთ-იაპონიის ომმა და სენტ ლუისში ჩასვლის სირთულემაც იქონია გავლენა. ევროპელთაგან სენტ ლუისში მხოლოდ ავსტრიის, გერმანიის, საბერძნეთის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, უნგრეთისა და შვეიცარიის წარმომადგენლები ჩავიდნენ. აქვე შედგა კანადელთა და სამხრეთაფრიკელთა ოლიმპიური დებიუტი. მათ გარდა თამაშებში მონაწილეობდნენ კუბისა და ავსტრალიის წარმომადგენლები.

საბოლოოდ, სენტ ლუისში 12 ქვეყნის 651 სპორტსმენმა მოიყარა თავი, რომლებმაც 16 სახეობაში მედლების 95 კომპლექტი გაითამაშეს.

წინამორბედისა არ იყოს, სენტ ლუისის ოლიმპიური თამაშებიც მსოფლიოს გამოფენის დღესასწაულში ჩაიკარგა. ამასთან, ამერიკა საფრანგეთიდან ლუიზიანის ტერიტორიის გამოსყიდვას ზეიმობდა და ხალხის ყურადღება აქეთკენ იყო მიმართული.

პარიზის თამაშების მსგავსად, სენტ ლუისის ოლიმპიადაც დროში საკმაოდ გაიწელა. თუმცა, ასპარეზობები აქ ერთმანეთის სიახლოვეს, ძირითადად, ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტის სპორტულ მოედნებზე ჩატარდა.

დიდი გაუგებრობა გამოიწვია მსოფლიო გამოფენის ორგანიზატორების მიერ ჩატარებულმა „ანთროპოლოგიურმა დღეებმა“, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის მკვიდრი აბორიგენები მონაწილეობდნენ, რათა ანთროპოლოგებს მათი თეთრკანიანებთან შედარება შეძლებოდათ.

მიუხედავად იმისა, რომ ამ თამაშებმა ბევრი სპორტსმენი მოისაკლისა, იგი საკმაოდ მაღალი შედეგებით აღინიშნა. ამასთან, 1904 წლის თამაშებზე პრიზიორები პირველად დაჯილდოვდნენ ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით. აქვე შედგა თავისუფალი ჭიდაობის, კრივის, წყალში ხტომის, ლაკროსისა და როკეს დებიუტი (როკე ერთადერთხელ იყო ოლიმპიური პროგრამის ნაწილი).

ტანვარჯიშში ოქროს 5 და ვერცხლის 1 მედალი მოიპოვა ამერიკაში მცხოვრებმა გერმანელმა ანტონ ჰეიდამ. ერთ დღეში 6 მედლის (მათ შორის 3 ოქროსი) მოგება შეძლო ამერიკელმა ტანმოვარჯიშემ ჯორჯ ეისერმა, რომელიც პროთეზიანი ფეხით გამოდიოდა.

ამ ოლიმპიურ თამაშებში სულ ექვსი ქალი მონაწილეობდა და ექვსივე მშვილდოსანი იყო. მათგან საუკეთესო აღმოჩნდა ამერიკელი მატილდა ჰაუელი, რომელიც გახდა ქალთაგან პირველი სამგზის ჩემპიონი.

სენტ ლუისში, ისე როგორც პარიზში, სამი ოქროს მედალი მოიპოვა ამერიკელმა რეი იურიმ. მან ადგილიდან ხტომის სამივე სახეობაში გაიმარჯვა. მძლეოსნობაში სამ-სამი გამარჯვება მოიპოვეს აგრეთვე არჩი ჰანმა, ჯეიმს ლაიტბოდიმ და ჰარი ჰილმანმა. განსაკუთრებით აღსანიშნავია მილუოკელი მეტეორის სახელით ცნობილი არჩი ჰანის ოლიმპიური რეკორდი 200 მეტრზე რბენაში - 21,6 წამი. ამ რეკორდმა 28 წელიწადს გაძლო და მხოლოდ 1932 წელს გაუმჯობესდა.

200 და 400 მეტრზე თარჯრბენში დაკავებული მესამე ადგილებით ამერიკელთა წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანა ჯორჯ პოჯიმ, რომელიც გარდა იმისა, რომ აშშ-ის ნაკრების პირველი აფრო-ამერიკელი მედალოსანია, სპორტის ამ სახეობის პირველი შავკანიანი პრიზიორიცაა.

ყურადღების ცენტრში მოექცა მარათონელთა შეჯიბრებაც, მაგრამ არა შედეგების მხრივ, არამედ, ამერიკელი ფრედ ლორცის თაღლითობის გამო - მან თითქმის 40 კილომეტრი მანქანით გაიარა და ფინიშის სიახლოვესღა შეუდგა რბენას. ლორცი დისკვალიფიკაციით დასაჯეს, პირველობა კი მის თანამემამულე თომას ჰიკს დარჩა.





წყარო

ოლიმპიური ორტომეული

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები