სენტ მორისის ზამთრის II ოლიმპიური თამაშები (1928)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზამთრის მეორე ოლიმპიური თამაშების პლაკატი

სენტ მორისის ზამთრის II ოლიმპიური თამაშები (1928) – ზამთრის II ოლიმპიური თამაშები ჩატარდა სენტ მორიცში 1928 წლის 11-19 თებერვალს.

1924 წლის სადებიუტო ზამთრის ოლიმპიური თამაშებისგან განსხვავებით, რომელიც მნიშვნელოვანწილად პარიზის ზაფხულის ოლიმპიადის ნაწილი იყო, 1928 წლის სენტ მორიცის სპორტული ბატალიები პირველ ჭეშმარიტ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებად შერაცხეს, რადგან მას ზაფხულთან არანაირი კავშირი არ ჰქონია. ამასთან, მეორე მსოფლიო ომამდე ეს იყო ერთადერთი თეთრი ოლიმპიადა, რომელიც არ ჩატარებულა ზაფხულის თამაშების მასპინძელ ქვეყანაში, რომლისთვისაც ემზადებოდა ამსტერდამი. საქმე ის იყო რომ ნიდერლანდებს ზამთრის სახეობებში ასპარეზობების ჩასატარებლად არახელსაყრელი ბუნებრივი მდგომარეობა უშლიდა ხელს, კონკრეტულად კი, მთების არქონა. ამიტომაც, მისი ჩატარების სურვილი შვეიცარიის სენტ მორიცმა გამოთქვა. 1926 წლის ლისაბონის სოკ-ის სესიაზე სენტ მორიცს 1928 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩატარების უფლება მისცეს.

15 წლის სონია პენი
ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე პირველად გამოჩნდა გერმანია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მექსიკა, ნიდერლანდები, რუმინეთი, არგენტინა, რომელიც იმავდროულად სამხრეთ ნახევარსფეროს პირველი წარმომადგენელი იყო და იაპონია – პირველი აზიური ქვეყანა. დებიუტი ჰქონდა ესტონეთსაც, თუმცა მისი დელეგაცია პირველი ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე
წარწერის ტექსტი
უკვე იყო წარმოდგენილი. რიგით მეორე თამაშები სეზონისთვის არაბუნებრივად თბილი ამინდებით გამოირჩეოდა. 25 გრადუსამდე გამთბარი

ჰაერის გამო გაუქმდა 10 ათას მეტრზე ციგურებით რბოლა, რადგან ყინული გალღვა. ამავე მიზეზით, ფიგურულ ციგურაობაში რიგი ასპარეზობები ერთ-ერთ სასტუმროში ჩატარდა, რომელსაც საკუთარი ყინულის მოედანი გააჩნდა.

სენტ მორიცში დებიუტი ჰქონდათ სკელეტონის წარმომადგენლებს, მაგრამ პროგრამიდან ამოიღეს კერლინგი, რომელიც ოლიმპიადებს 1998 წლიდან დაუბრუნდა. ამ თამაშებზე ქალი სპორტსმენები მხოლოდ ფიგურულ ციგურაობაში გამოდიოდნენ. მათ შორის იყო უკვე 15 წლის ნორვეგიელი სონია ჰენი, რომელმაც ჩემპიონობით სათავე დაუდო როგორც სპორტულ, ისე კინოკარიერულ წარმატებებს. ამასთან, ჰენი ქალთა ერთეულთა თანრიგში ყველაზე ახალგაზრდა ოლიმპიური ჩემპიონიც გახდა (15 წლის და 315 დღის). მისმა ამგვარმა რეკორდმა 1998 წლის ნაგანოს თამაშებამდე გაძლო, რომელიც ამერიკელმა ტარა ლიპინსკიმ გააუმჯობესა (15 წელი და 255 დღე).

ფიგურულ ციგურაობაში ზედიზედ მესამე ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალი მოიპოვა შვედმა გილის გრაფსტრიომმა. პირველად მან ოქროს ჯილდო ჯერ კიდევ 1920 წლის ანტვერპენის თამაშებზე დაიმსახურა, როდესაც ეს სახეობა ზაფხულის ოლიმპიადების პროგრამის ნაწილი იყო. უთუოდ აღსანიშნავია ფინელი კლას ტუნბერგი, რომელმაც შამონიში ციგურებით რბოლაში მოპოვებულ ხუთ, მათ შორის სამ ოქროს მედალს, სენტ მორიცში კიდევ ორი უმაღლესი სინჯის ჯილდო შემატა. ორგზის იზეიმა ჩემპიონობა ნორვეგიელა იოჰან გრიოტუმსბროტენმა. მან ამ წარმატებებს ჩრდილოურ ორჭიდსა და ბარის თხილამურობაში მიაღწია.

თბილმა ამინდმა საკუთარი კვალი დაატყო 50 კილომეტრზე თხილამურებით რბოლას. შვედი პერ-ერიკ ჰედლუნდი ერთადერთი იყო, რომელიც მძიმე კლიმატურ პირობებს გაუმკლავდა. მან უახლოეს მდევარზე, თანაგუნდელ გუსტაფ იონსონზე 13,27-წუთიანი (!) უპირატესობით ჩემპიონობა მოიპოვა. თხილამურებით მრბოლელთა ოლიმპიურ ისტორიაში პირველსა და მეორე ადგილებზე გასულთა შორის ეს ყველაზე დიდი სხვაობა აღმოჩნდა. საინტერესო გამოდგა ჰოკეისტთა ასპარეზობები, სადაც კანადის ნაკრები ზედიზედ მესამედ გახდა ჩემპიონი. ამასთან, ოქროს მედლებამდე ისე გაიკვალა გზა, რომ ერთი შაიბაც არ მიუღია, მეტოქის კარი კი 38-ჯერ აიღო. აღსანიშნავია, რომ ჰოკეისტთა პაექრობამ, რომელსაც ოლიმპიურთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის დატვირთვაც ჰქონდა, ევროპის პირველობის სტატუსიც შეითავსა. ასე, რომ ჰოკეის ისტორიაში ეს იყო პირველი ტურნირი, სადაც ერთბაშად სამი საჩემპიონო ტიტული გათამაშდა. ამგვარად, შვედები, რომლებიც კანადელებთან ფინალში დამარცხდნენ, ოლიმპიურ ვერცხლის მედალთან ერთად ევროპის ჩემპიონატის ოქროს ჯილდოს მფლობელიც გახდნენ. საერთო ჯამში, ოქროს მედლებს ექვსი ქვეყანა შეწვდა, მაგრამ მათ შორის ვერ აღმოჩნდა მასპინძელი შვეიცარია, რომლის მონაგარიც მხოლოდ ჰოკეისტთა ტურნირის ერთი ბრინჯაოს ჯილდოთი შემოიფარგლა.


წყარო

ოლიმპიური ორტომეული

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები