ჯაფარიძე სერგო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა სერგი ჯაფარიძე-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სერგი ჯაფარიძე

ჯაფარიძე სერგო დავითის ძე - (დ. - 5.I.1871, სოფ. ღარი, რაჭა - გ. - 10.X.1937) - სოციალ-დემოკრატი, საქართველოს ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი.

სარჩევი

ბიოგრაფია

დაამთავრა ნოვოროსიის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, მსახურობდა ნაფიც ვექილად, იყო ნაფიც ვექილთა საბჭოს თავმჯდომარე. 1906 წელს აირჩიეს რუსეთის პირველი სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატად ქუთაისის გუბერნიიდან. აქტიურად მონაწილეობდა საპარლამენტო მუშაობაში, გამოდიოდა როგორც ხელისუფლების, ასევე, იმ პარტიების გაბედული კრიტიკით, რომლებიც პარლამენტში მხარს უჭერდნენ ანტიხალხური კანონების მიღებას. იყო ნიჭიერი ორატორი, როგორც ისიდორე რამიშვილი იგონებს, სათათბიროს ტრიბუნიდან ზეპირად წარმოთქვა სოციალ-დემოკრატიული პარტიის პროგრამა. მონაწილეობა მიიღო ე. წ. „ვიბორგის მანიფესტის“ შემუშავებაში და ხელიც მოაწერა.

აქტიურად ჩაება დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში, 1917 წლის ნოემბრიდან იყო ეროვნული საბჭოს წევრი. როგორც იურისტი, იყო საკონსტიტუციო კომისიის წევრი. 1918 მოღვაწეობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის სამმართველოში, იყო მთავრობის საქმეთა მმართველი. 1919 წელს გახდა დამფუძნებელი კრების წევრი (სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან).

მისი სიტყვები პარლამენტში ყოველთვის მძაფრი იყო. დამოუკიდებლობის წლებში გაზეთ „ერთობასა“ და სხვა სოციალ-დემოკრატიულ პრესაში დაბეჭდილი მისი პუბლიკაციებიდან განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს სტატიების სერია - „სენატი“ („ერთობა“ №№164-168, 1919), სადაც განხილულია სენატის შექმნის მიზნები და ამოცანები საზღვარგარეთ და ჩვენში, გაანალიზებულია საერთაშორისო სამართლის საკითხები და ეროვნული პრობლემები. მან მოამზადა და პარლამენტს განსახილველად წარუდგინა რამდენიმე კანონპროექტი. პარალელურად იყო ნაფიც მსაჯულთა საბჭოს თავმჯდომარე. მოუხდა სასამართლო დავა ნაფიც მსაჯულ ივანე ზედგენიძესთან, რომელმაც მოითხოვა, მისთვის დეპუტატის შეუვალობის კანონი აეცილებინათ და პარლამენტს მიეცა უფლება, სასამართლოს გაერჩია მასთან მომხდარი კონფლიქტი. შელაპარაკებისას, ზედგენიძის მტკიცებით, დეპუტატმა სერგო ჯაფარიძემ იარაღი დაანახვა და დაემუქრა, რასაც ის შეუთავსებლად მიიჩნევდა დეპუტატის თანამდებობასთან. პარლამენტმა დააკმაყოფილა ზედგენიძის თხოვნა, მოუხსნა სერგო ჯაფარიძეს იმუნიტეტი. სასამართლომ განიხილა დავა და სერგო ჯაფარიძე გაამართლა. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი (1902-1918); საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1920). იყო იუსტიციის მინისტრის ამხანაგი (მოადგილე). ჰყავდა ცოლი და 4 შვილი.

საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში. დიდი ტერორის დროს დააპატიმრეს და დახვრიტეს. (დოდო ჭუმბურიძე)

ლიტერატურა

  • გაზეთი „ერთობა“, 1919, №164-168; სცსა, ფ. 1836, საქ. 107;
  • სცსა, ფ. 1833, აღწ. 1, საქ. 1129.

იხილე აგრეთვე

ბიოგრაფიული ლექსიკონი

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი[[[კატეგორია:საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლნი საქართველოში]]

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები