სერობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სერობა - მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველდღიური ღვთისმსახურების ბოლო ნაწილი, რომელიც მწუხრის შემდეგ სრულდება. სერობა ორი სახისაა - დიდი და მცირე.

დიდი სერობა

დიდი სერობა მას ეწოდება იმიტომ, რომ ღვთისმსახურება გაგრძელებულია და სამი ერთმანეთისაგან თითქმის დამოუკიდებელი ნაწილისაგან შედგება, თითოეულ ნაწილს აქვს შესავალი და დამაგვირგვინებელი ლოცვები. დიდი სერობა სრულდება დიდმარხვის დღეებში და ცისკრის ლოცვასთან ერთად - შობის, განცხადების (ე.ი. ნათლისღების) და ხარების დღესასწაულებზე. დიდმარხვის პირველი შვიდეულის სერობის ლოცვას „მეთიმონსაც“ უწოდებენ, რაც ბერძნულად „ჩუენ თანა“-ს ნიშნავს, რადგან მხოლოდ ამ დღეებში იგალობება სერობაზე „ჩუენ თანა არს“-ის მისამღერი.

მცირე სერობა

მცირე სერობა კი შემოკლებული დიდი სერობაა. მას მხოლოდ ერთი ნაწილი აქვს, რომელიც ჩვეულებრივ დღეებში ლოცვის (მწუხრის) მერე სრულდება, აღდგომის შვიდეულის გარდა. როგორც დიდი, ასევე მცირე სერობის ლოცვაზე იგალობება და იკითხება ფსალმუნები, დიდებისმეტყველება, სარწმუნოების სიმბოლო (მრწამსი), ჰიმნოგრაფიული კანონი, ღვთისმშობლის ლოცვები და ლოცვები ძილის წინ.

სერობა სათავეს იღებს მონაზონთა უძველესი ჩვეულებიდან, შეესრულებინათ ღვთისმსახურება მწუხრის შემდეგ თავ-თავიანთ სენაკებში. ქართულ წყაროებში დიდ სერობას ზოგჯერ ათორმეტნი ფსალმუნნი“, ხოლო მცირეს „ხადილსა ჩემსა“ ანუ „ხადილიანი“ ეწოდება, რადგან იწყება ფსალმუნით „ხადილსა ჩემსა“ (მე-4 ფსალმუნის დასაწყისი).


წყარო

საეკლესიო ლექსიკონი. წიგნი გამოსაცემად მოამზადეს ერეკლე კვანჭიანმა და მარიამ გურჩიანმა. რედაქტორი ზურაბ ეკალაძე. თბილისი, 2008.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები