სეფიანთა სახელმწიფო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სეფიანთა სახელმწიფოს დროშა

სეფიანთა სახელმწიფო - ყიზილბაშების სახელმწიფო, ფეოდალური სახელმწიფო ცენტრით ირანში (1502–1736). მისი დამაარსებელი იყო ისმაილ I, არდებილის სუფიურ-დერვიშული ორდენის შეიხის – სეფი ად-დინ ისჰაკის შთამომავალი.

სეფიანთა სახელმწიფოს შემადგენლობაში შედიოდა ამიერკავკასიის და ავღანეთის ნაწილი, პერიოდულად – არაბული ერაყი და ზოგი სხვა ტერიტორია. სეფიანთა სახელმწიფო წარმოადგენდა ფეოდალურ დესპოტიას. მის სათავეში იდგა შაჰი სეფიანთა დინასტიიდან.

პირველი შაჰების მთავარ დასაყრდენს წარმოადგენდნენ შიიტური მომთაბარე თურქულენოვანი ტომები (ყიზილბაშები).

სეფიანთა სახელმწიფომ ძლიერების მწვერვალს მიაღწია აბას I-ის ხანაში (1587–1629). მის მიერ ჩამოყალიბებული მუდმივი ჯარი (კავალერია, ქვეითები, არტილერია) მნიშვნელოვნად ჩაენაცვლა მომთაბარეთა ლაშქარს. სეფიანთა დინასტიის შაჰები განუწყვეტელ ომებს აწარმოებდნენ მეზობელ სახელმწიფოებთან (ირან-ოსმალეთის ომები) და დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ ხალხებთან (ქართველები, ავღანელები და სხვა).

განუწყვეტელმა ომებმა და სახალხო აჯანყებებმა დაასუსტეს სეფიანთა სახელმწიფო. 1722 წელს მისი დედაქალაქი – ისპაანი ავღანელმა ფეოდალებმა აიღეს. ამავე დროს ამიერკავკასია და დასავლეთ ირანი დაიპყრეს ოსმალებმა, ხოლო კასპიისპირეთის მიწები – რუსებმა. ოსმალებთან და ავღანელებთან ბრძოლაში თავი გამოიჩინა სეფიანთა მხედართმთავარმა ნადირმა (ნადირ-შაჰ ავშარი), რომელმაც დაამხო სეფიანთა დინასტია და ბოლო მოუღო სეფიანთა სახელმწიფოს არსებობას.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები