სვანთა ერისთავი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა სვანთა საერისთავო-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სვანთა ერისთავი - ერთიან ქართულ მონარქიაში სვანთა საერისთავოს შექმნის ზუსტი დრო უცნობია, მაგრამ მისი არსებობა ირიბი მონაცემებით X ს-ის მიწურულიდან მაინც ივარაუდება. სვანთა ერისთავები მოხსენიებულნი არიან X-XI სს-ის ეპიგრაფიკულ ძეგლებში - ეკლესიებისა და ხატების წარწერებში (ჩვაბიანის ეკლესია, ლაბეჭინის, ფაყის ხატების წარწერები). მოსაზრება, რომელიც ემყარება სვანთა ერისთავთა და მათ ახლო ნათესავთა მიერ გურიის ეკლესიებისათვის შეწირული ხატების წარწერებს, სვანთა ერისთავი ვარდანისძეები მარუშიანთა საგვარეულოდან მომდინარეობდნენ (ვ. ცისკარიშვილი).

სვანთა ერისთავებისა და მათი საგვარეულოს წევრების მჭიდრო კონტაქტს გურიასთან, ვახუშტის ცნობით, 1361 წ-იდან ეყრება საფუძველი, როდესაც ბაგრატ V-მ ამბოხებულ ვარდანისძეებს ჩამოართვა სვანთა ერისთავობა, მაგრამ შემდეგ შეიწყალა და გურია მისცა. შემდგომმა კვლევებმა უჩვენა, რომ ვარდანისძეების დაკავშირება გურიასთან გაცილებით ადრე - XI ს-ის მეორე ნახევარში მომხდარა. „მატიანე ქართლისაჲში“ მოხსენიებული სვანთა ერისთავი ვარდან ვარდანისძე, რომელმაც 1073 წ. „აუშალა ქვეყანა“ გიორგი II-ს, მკვლევართა მიერ გაიგივებულია ჯუმათის ხატის წარწერაში მოხსენიებულ ვარდან ვარდანისძესთან. საინტერესოა იმავე წყაროს ცნობა, რომ გიორგი II-მ აჯანყებულ სვანთა ერისთავის დასაშოშმინებლად უბოძა მამული ასკალანა, რომელსაც მკვლევრები გურიის ასკანასთან აიგივებენ (ქ. ჩხატარაიშვილი). ამ ცნობაზე დაყრდნობით ვარაუდობენ, რომ ვარდან სვანთა ერისთავების შტო გურიაში 1073 წ-ის შემდგომ დაფუძნდა. უფრო გვიან მათი შთამომავლები გურიის ერისთავები (გურიელები) გახდნენ, მაგრამ შეინარჩუნეს სვანთა ერისთვის ძველი ტიტულიც. საკუთრივ სვანეთში დარჩენილ ვარდანისძეთა შთამომავლობა სამეფო კარზე განსაკუთრებულად დაწინაურებული ჩანს თამარის დროს. ისინი დასავლეთ საქართველოს რამდენიმე წარჩინებულ საგვარეულოსთან ერთად მონაწილეობენ თამარის კურთხევის ცერემონიალში: „მოხელენი სვიანნი და დიდებულნი ვარდანისძენი, საღირისძენი და ამანელისძენი - ამათ მოაქვთ ერთად ხმალი მეფისა“. გარდა სვანთა ეერისთვობისა, ვარდანისძეები სხვადასხვა დროს ფლობდნენ ჩუხჩარეხის, მეჭურჭლეთუხუცესის, მანდატურთუხუცესისა და მსახურთუხუცესის სახელოებს, თუმცა, წყაროთა სიმწირისა და ერთგვაროვნების გამო ყოველთვის ვერ ხერხდება მკაფიოდ გამიჯვნა სვანეთისა და გურიის მოხელე ვარდანისძეებისა. ამ საგვარეულოს წარმომადგენელი ერისთავი და მსახურთუხუცესი ვარდანისძე არიშიანი, რომელიც მოხსენიებულია 1273-1305 წწ-ის იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპში, სინამდვილეში დასავლეთ საქართველოს მოხელე გურიის ერისთავი და მსახურთუხუცესი ჩანს, რომლის შთამომავლები ასევე ერისთვებად და მსახურთუხუცესად იწოდებოდნენ. რაც შეეხება სვანთა ერისთავთა სამოხელეო ტიტულებს, ისინი ყოველთვის ერისთავად და მანდატურთუხუცესად იწოდებოდნენ.

XIV ს-ის დამდეგს სვანთა ერისთავობა გადადის დადიანთა უმცროსი შტოს ხელში, რასაც ადასტურებს ერთი სვანური ხატის წარწერა: „წმიდაო მთავარანგელოზო მუხერისო, ხელთუქმარო, ადიდენ მეფენი ბაგრატუნიანნი და დადიანნი და დიდებულნი და ერთობილი საქართველო და ერთობილნი სუანნი და ხევი ლატალისა და აღაშენე მაშენებელი შენი სოფელი ლაილისა“ (თაყაიშვილი). პირველი სვანთა ერისთავი დადიანების შესახებ ცნობები არა გვაქვს. დროთა განმავლობაში მათ დადიანთა დინასტიური სახელები სხვა „ახალი“ სახელებით (ხაჟიგ, ოზბეგ) შეუცვლიათ. სვანთა ერისთავი დადიანები ცნობდნენ ძირითადი შტოს (ოდიშის ერისთავების) უზენაესობას, ამასთანავე, ატარებდნენ მათ სამემკვიდრეო მანდატურთუხუცესის ტიტულს, ინარჩუნებდნენ ძველ სამკვიდრო ადგილებში სალოცავებსა და საფლავებს. XV ს-ის 70-იან წწ-ში შამანდავლა დადიანი ერთდროულად ოდიშის, გურიის და სვანთა ერისთავს უწოდებს თავს, რაც უკვე მის უზომოდ გაზრდილ პოლიტიკურ ამბიციებს (და, შესაძლოა, ნაწილობრივ მაინც, ფაქტობრივ მდგომარეობასაც) ასახავს.

XV ს-ის მიწურულს სვანთა ერისთავთა დადიანების დინასტია გელოვნებმა შეცვალეს, მაგრამ ამ საუკუნის სვანთა ერისთავები უკვე კარგა ხანი იყო, რაც მთავრებად იქცნენ და მეფის წინაშე სამოხელეო მოვალეობებს აღარ ასრულებდნენ.


სვანთა ერისთავები X-XV სს

წყარობი და ლიტერატურა

  • მატიანე ქართლისაჲ 1955: 315-316, 361;
  • ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი 1959: 27;
  • ვახუშტი 1973: 261;
  • ცისკარიშვილი 1959: 15;
  • Чубинашвили 1959: 246, 261, 591;
  • თაყაიშვილი 1937: 263-364;
  • მესხია 1979: 124;
  • სილოგავა 1986: 102;
  • ბახტაძე 2003: 213-224;
  • ქართველიშვილი 2008: 264-271;
  • ბერაძე 1999: 142-143.

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები