სვეტიცხოვლის კომპლექსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სვეტიცხოვლის კომპლექსი – არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, ქ. მცხეთის ცენტრში.

სვეტიცხოვლის კომპლექსში შედის: ტაძარი, გალავანი, კარიბჭე, სამრეკლო, სასახლეები, საეკლესიო პირთა საცხოვრებლები.

სარჩევი

ლეგენდა

ლეგენდის მიხედვით მცხეთელი ებრაელი ელიოზი იერუსალიმში ქრისტეს ჯვარცმას დასწრებია, „კვართი უფლისაი“ შეუძენია და ჩამოუტანია მცხეთაში. აქ, ქალაქის ბჭესთან ელიოზს დახვედრია მისი და სიდონია – ქრისტეს მიერ ნაქადაგევი სარწმუნოების მიმდევარი. სიდონიას ძმისათვის პერანგი გამოუტაცია და იქვე სული განუტევებია. რაკი ქრისტეს პერანგი მისთვის ხელიდან ვერ წაურთმევიათ, პერანგიანად დაუმარხავთ. სიდონიას საფლავზე ამოსულა ლიბანის კედარი. მას შემდეგ, რაც IV საუკუნის 30-იან წლებში ქართლის მეფემ მირიანმა ირწმუნა ნინოს მიერ ნაქადაგევი ახალი რელიგიაქრისტიანობა, ბრძანა სიდონიას საფლავზე ეკლესიის აგება. მოკვეთეს დიდი კედარი და მისგან შვიდი სვეტი დაამზადეს. დაიწყეს მშენებლობა. ექვსი სვეტი აღმართეს კიდეც, მაგრამ მეშვიდე ჰაერში ჩამოეკიდა და ვერ დაძრეს ადგილიდან. ნინოს მთელი ღამე მხურვალე ლოცვაში გაუტარებია, დილით მომხდარა „სასწაული“ – „სვეტი ძირთავე მისთა ზედა დაემყარა და მტკიცედ შეერწყა შეუხებლად ხელისაგან კაცთასა“. სვეტი გაფოთლილა და მისგან დენა დაუწყია მირონს, რომელიც „მსწრაფლ კურნავდა“ სნეულთ. სვეტს უწოდეს „სვეტი ცხოველი“ – სვეტი სიცოცხლის მომნიჭებელი. აქედან წარმოსდგა თვით ტაძრის სახელწოდებაც.

ისტორია

V საუკუნის დასასრულს, ვახტანგ გორგასალის მეფობის დროს, პირვანდელი ხის შენობის ნაცვლად, ააგეს ქვის ბაზილიკური ეკლესია, რომელმაც XI საუკუნემდე იარსება. 1010-29 წლებში ქართლის კათალიკოსის მელქისედეკის თაოსნობით ხუროთმოძღვარმა არსუკისძემ ააგო სვეტიცხოვლის ახალი ტაძარი. მელქისედეკისვე ინიციატივით სვეტიცხოვლის გარშემო აიგო სხვა ნაგებობებიც.

სვეტიცხოველი იყო და არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის რეზიდენცია, საუკუნეების მანძილზე იგი წარმოადგენდა მსხვილ ფეოდალურ-საეკლესიო სამფლობელოს და მეფე-დიდებულთაგან უხვ შეწირულობას იღებდა. მისი ყმა-მამული მიმოფანტული იყო საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. სვეტიცხოველი იყო მცხეთაში გაჩაღებული სამეცნიერო, საგანმანათლებლო მუშაობის ცენტრი, ჰქონდა ძალზე მდიდარი ბიბლიოთეკა, ტაძარში იყო ქართველ მეფეთა და დიდებულთა საძვალე.

თავისი არსებობის მანძილზე სვეტიცხოველს არაერთხელ დამუქრებია განადგურების საფრთხე, 1283 წელს ტაძარი მიწისძვრამ დააზიანა. XIV საუკუნეში გიორგი ბრწყინვალემ (1314-46 წწ) აღადგინა ტაძრის გუმბათი. XIV საუკუნის ბოლოს იგი „იავარჰყვეს სპათა ლანგ-თემურისათა“ – მოანგრიეს დასავლეთის მკლავის ბურჯები, დააქციეს გუმბათის ყელი, მაგრამ მთელი შენობის დანგრევა მაინც ვერ მოახერხეს. XV საუკუნის დასაწყისში მეფე ალექსანდრე დიდმა (1412-42 წწ.) ტაძარი კაპიტალურად შეაკეთებინა. 1656 წელს გუმბათის ყელი კვლავ აღადგინეს როსტომ მეფემ (1632-58 წწ.) და მარიამ დედოფალმა. XVII საუკუნეში კათალიკოს ნიკოლოზ ამილახორის (მისი კათალიკოსობის წლებია 1678-88, 1691–96) თაოსნობით მოიხატა „სვეტიცხოველი“ და შუა ნავის ჩრდილოეთის კედელი. 1813 წელს დასავლეთის კარიბჭე განაახლა ქსნის ერისთავის ძემ, საქართველოს და მცხეთის ეგზარქოსმა ვარლამმა, რაზედაც მოგვითხრობს ამ კარიბჭის პორტალზე ამოკვეთილი მხედრული წარწერა. XIX საუკუნის, I ნახევარში „ჯეროვანი კეთილმშვენიერების“ მისანიჭებლად სასულიერო მმართველობამ სამხრეთისა და ჩრდილოეთის ფასადებზე მოსპო ძველი სტოა, ააფეთქა სამარხები ტაძრის გარშემო და ინტერიერში შეათეთრა ფრესკების დიდი ნაწილი. ამ უკანასკნელ ფაქტს თუ არ მივიღებთ მხედველობაში, ჩანს, რომ გვიანდელი განმაახლებლები განსაკუთრებული გულისყურითა და კრძალვით ეკიდებოდნენ ტაძარს, ამიტომ მისი სტრუქტურა, მასები, ცალკეული ფორმები, პროპორციები ძირითადად შენარჩუნებულია და XI საუკუნეს მიეკუთვნება.

XIX ს. 40-იან წლებში ტაძარზე ჩატარდა სარესტავრაციო-სარემონტო სამუშაოები (ხელმძღვ. რიპარდი) – იგი გადახურეს ქვიშაქვის ფილებით და სხვ.; 1860-74 წწ. შეცვალეს გადახურვა და ლავგარდნის ზოგიერთი ქვა. XX საუკუნის დასაწყისში ისევ აღადგინეს ლავგარდნები (ოსტატი წ. აღლაძე). 1892 წელს გადაიწერა საკურთხევლისა და დასავლეთის კარის ტიმპანის მხატვრობა (მხატვარი ი. პიჩი). 1950 და 1967-75 წლებში სპეციალურმა სამეცნიერო-სარესტავრაციო საწარმო სახელოსნომ კომპლექსზე ჩაატარა სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოები (ხელმძღვ. ვ. ცინცაძე). 1950 წელს ტაძრის გუმბათქვეშა ორი ბურჯის ქვეშ აღმოჩნდა V საუკუნის ბაზილიკის ორნამენტიანი ბაზისები (დაცულია მინის ქვეშ), ხოლო სადიაკვნეშიკაპიტელები; გაიწმინდა, აღდგა და გამაგრდა ზოგიერთი ფრესკა (ხელმძღვ. შ. აბრამიშვილი). 1967-75 წლებში ჩატარებულ სამუშაოთა შედეგად „სვეტიცხოვლის“ ბურჯის სამხრეთით გამოვლინდა ხის პირველი ეკლესიის საძირკვლის ნაშთი, საკურთხეველში კი – V საუკუნის ბაზილიკის ფრაგმენტები (ორივე დაცულია მინის ქვეშ). გაიწმინდა დასავლეთის მხარისა და გაიხსნა XI საუკუნის, ბურჯების ნაშთები; გაიწმინდა კედლები და ზოგიერთი ფრესკა; დაიდგა XI საუკუნის ნიმუშების (სპეთი, საფარა, ხოვლე) მიხედვით დამზადებული თაბაშირის კანკელი (შემსრულებელი თ. თოდუა) და საკურთხევლისწინა ჯვარი (ჩხარის ჯვრის პირი; შემსრულებელი თ. თოდუა); კანკელს შეაბეს „აღსავლის კარი (გამოყენებულია საღოლაშენის ლორფინების კომპოზიციები; შემსრულებელი თ. თოდუა). ტაძრის შესასვლელში ჩამოკიდეს ლითონის კარი; აღადგინეს ტაძრის დასავლეთით, გალავანში მდებარე ორსართულიანი კარიბჭე; დაზუსტდა და დაფიქსირდა სამხრეთისა და ჩრდილოეთის ფასადებზე არსებული სტოას თავდაპირველი გეგმა; გამაგრდა გალავანი და სხვ.

სვეტიცხოვლის ტაძარი

სვეტიცხოვლის ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა (გარე ზომები 57,7X27 მ; სიმ. 49 მ). ტაძრის მშენებლობის მოთავე კათალიკოსი მელქისედეკი და ხუროთმოძღვარი არსუკისძე მოხსენიებული არიან ტაძრის წარწერებში – აღმოსავლეთ ფასადზე, შუა დეკორატიული თაღის ქვემოთ, თორმეტ დისკოზე („ადიდენ ღმერთმან ქრისტეს მიერ მელქისედეკ ქართლისა კათალიკოზი ამენ აღეშენა ესე წმინდაი ეკლესიაი? ხელითა გლახაკისა მონისა მათისა არსუკისძისაითა ღმერთმან განუსუენე სულსა მისსა“) და ჩრდილოეთის ფასადზე, მთავარი სარკმლის ზემოთ, ორ ქვაზე („ხელი მონისა არსუკისძისაი შეუნდვეთ“), რომელთა შორის ჩასმულია მესამე ქვა ხელისა და გონიოს რელიეფით. სავარაუდოა, რომ ამ რელიეფმა და წარწერამ წარმოშვა ლეგენდა იმის შესახებ, რომ სვეტიცხოვლის ოსტატმა აჯობა მასწავლებელს, რისთვისაც მას ხელი მოჰკვეთეს, და ხალხური ლექსი:

ხეკორძულას წყალი მისვამს,
მცხეთა, ისე ამიგია,
დამიჭირეს ხელი მომჭრეს,
რატომ კარგი აგიგია“

(არსებობს ლექსის სხვა ვარიანტებიც).

ტაძარი ნაგებია კარგად გათლილი რბილი ნაცრისფერ-მოყვითალო და მომწვანო ტონის ქვიშაქვის და ტუფის კვადრებით. ზოგიერთი არქიტურული ელემენტის ხაზგასმის მიზნით წყობაში გამოყენებულია სხვადასხვა ფერის ქვები (ღვინისფერი და მწვანე) შემორჩენილი ძველი წყობა სწორი, ჰორიზონტალური რიგებისგან შედგება. გარე და შიდა თლილ საპირე ქვებს შორის ჩასხმულია კირხსნარისა და ნაყარი ქვების მასა.

ტაძარს სამი კარიბჭე ჰქონდა, ამჟამად ტაძარში შესასვლელი მხოლოდ დასავლეთიდანაა. სამხრეთისა და ჩრდილოეთის კარიბჭეები XIX საუკუნეში დაანგრიეს.

ტაძრის გეგმას საფუძვლად უდევს ჯვარი აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ წაგრძელებული მკლავებით. გარედან ტაძარი სწორკუთხედშია ჩაწერილი. მკლავების გადაკვეთის ადგილას, თავისუფლად მდგომ ოთხ ბურჯზე დამყარებულია მაღალყელიანი, თექვსმეტსარკმლიანი გუმბათი. ინტერიერში ძირითადი გრძივი ღერძის სრულად გამოვლენისათვის სხვადასხვა მხატვრულ-არქიტექტურული ხერხია გამოყენებული: დასავლეთის მკლავის მძლავრი თაღების რიტმი ცენტრისაკენ, უხვად განათებული, ზეატყორცნილი გუმბათქვეშა სივრცისაკენ წარმართავს მზერას ეს მკლავი აღმოსავლეთისკენ ფართოვდება აღმოსავლეთით კომპოზიციას ასრულებს საკურთხევლის ღრმა და ვრცელი აფსიდი. დანარჩენი მკლავები სწორკუთხაა, აფსიდის ქვედა ნაწილში დეკორატიული ნიშნები და სასულიერო პირთათვის განკუთვნილი სამსაფეხურიანი ჩამოსაჯდომია. საკურთხევლის მარცხნივ და მარჯვნივ სამკვეთლო და სადიაკვნეა, რომლებსაც აღმოსავლეთ მხარეს აფსიდი აქვთ. ამ სათავსების თავზე ტაძრის განივი მკლავებისაკენ თაღებით გახსნილი პატრონიკეა. საკურთხეველს და მიმდებარე სადგომებს აღმოსავლეთით თითო სარკმელი აქვთ. აღმოსავლეთ და დასავლეთ მკლავებში თითო დიდი სარკმელია, ხოლო გვერდის მკლავებში – სამ-სამი.

დასავლეთის მკლავს მეორე იარუსის დონეზე გასდევდა თაღოვანი პატრონიკე, რომლის მხოლოდ შუა ნაწილია შემორჩენილი. ამავე მკლავს დასავლეთის მხარეს ეკვრის განიერი ნართექსი (აქედან იყო ასასვლელი პატრონიკეზე). ტაძრის დასავლეთ ნაწილი მნიშვნელოვნადაა სახეშეცვლილი თემურ-ლენგის შემოსევის დროს დაზიანების გამო. ადრე არსებული სამი წყვილი საყრდენი ბურჯიდან ამჟამად მხოლოდ ორია (შეცვლილია მალების რაოდენობა და სიდიდე, განსხვავებულია ბურჯების მოხაზულობა და სხვ.).

ტაძრის დასავლეთის ნაწილში, თვით მკლავსა და სამხრეთ-დასავლეთ სათავსს შორის, წინანდელი საყრდენი ბურჯის ადგილას, სფერული უყელო გუმბათითა და აგურის პირამიდული სახურავით დასრულებული კოშკისებრი ნაგებობაა. ეს საკუთრივ „სვეტიცხოველია“, სადაც სასწაულმოქმედი სვეტი ინახებოდა. ახლანდელი კოშკი XVII საუკუნეშია აგებული.

ტაძრის ინტერიერში, სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში კედელთან დგას მცირე ზომის გუმბათიანი ეკლესიის მოდელი-სამლოცველო, რომელიც იერუსალიმში მაცხოვრის საფლავზე აღმართულ ტაძარს უნდა გამოხატავდეს. მოდელი XV საუკუნისაა. სამხრეთის გუმბათქვეშა ბურჯთან ოთხ სვეტზე მდგარი მცირე ზომის ნაგებობა სფერული გადახურვით საკათალიკოსო კათედრაა. ტაძარში ქართველ მეფეთა და დიდგვაროვანთა სამარხებია. აქ არიან დაკრძალულნი ვახტანგ გორგასალი, ერეკლე II (ორივე საფლავის ქვის ავტორი არქიტექტორი თ. კანდელაკი; დაიდგა 1958 წ.), გიორგი XII და სხვ.

მოხატულობა

XI საუკუნეში ტაძარი მთლიანად მოხატული იყო. ამ ხანის მხატვრობის მცირე ფრაგმენტები შემორჩენილია: ტაძრის დასავლეთ მკლავის დასავლეთ კედელზე, სარკმლის სამხრეთით – სახარების სცენის ქრისტე და სამარიტელი ქალი ნაწილი (წმინდანთა თავზე ასომთავრული წარწერის ფრაგმენტია: „ქ აქა“. სამარ...“), შუა ნავის სამხრეთ-დასავლეთ თაღზე – მცენარეული ორნამენტი და სამხრეთ ნავის კამარაში – გაურკვეველი სცენის ნაშთები. მხატვრობა ხასიათდება მონუმენტურობით და რბილი ნახატით. კოლორიტი ნათელია (მოწითალო და ოქროსფერი ოქრა, ცისფერი და ღია მწვანე).

დანარჩენი მოხატულოა გვიანდელია. საკურთხეველში შემორჩენილია მხატვრობის ზედა ორი რეგისტრი. კონქში გამოსახულია ტახტზე მჯდომი ქრისტე გადაშლილი სახარებით ხელში და ცეცხლოვან ბორბლებზე შემდგარი ორი ექვსფრთედი. ბემის კამარაში თაყვანისცემის პოზაში გამოსახულია ოთხი ანგელოზი, კედლებზე კი ორი მთავარანგელოზი. საკურთხევლის მეორე რეგისტრში მონებით ხელში. ერთ-ერთ მოციქულს ღვთისმშობელი, რომელსაც ყრმა უჭირავს ხელში, წიგნს გადასცემს რეგისტრები ერთმანეთისგან გამოყოფილია ფართო ორნამენტული ზოლით, ხოლო საკურთხევლის სარკმლის თაღი და წირთხლები მცენარეული მოტივებითაა შემკული. კონქის თაღის საფეხურის სიბრტყეზე ასომთავრული წარწერაა („ქ მოსავთა შნთა დამამტკიცებელო ქრისტე ღმერთო დაიმტკიცე ეკლესიაი შენი რომელი მოიყიდე სისხლითა შენით წმ“).

ტაძრის გუმბათის სფეროში გამოსახულია ყოვლისმპყრობელი ქრისტე წრეში ირგვლივ მახარებელთა სიმბოლოებითა და ოთხი ექვსფრთედით. წრის გარშემო დაზიანებული ბერძნული წარწერაა. მხატვრობა შესრულებულია გუმბათის აღდგენის შემდეგ, არა უადრეს 1656 წლისა. გუმბათქვეშა სამხრეთ-დასავლეთ ბურჯის აღმოსავლეთ მხარეს გამოსახულია მეფე როსტომის მეუღლე მარიამი შვილთან ერთად.

ტაძრის სამხრეთ მკლავის სამხრეთ კედელზე დიდი ზომის კომპოზიციაა ფსალმუნის თემაზე – აქებდეთ უფალსა. იგი ხალიჩისებურად ავსებს კედლის უმეტეს ნაწილს. მოხატულობაში ჭარბობს მუქი ლურჯი, ყვისფერი, მონაცრისფრო-ცისფერი, თეთრნარევი ყვითელი, მონაცრისფრო-თეთრი ფერები. ეს მუქი და მღვრიე კოლორიტი გაცოცხლებულია მუქი წითელი ფერით (უმთავრესად წმინდანთა ტანსაცმელი). გამოსახულებათა დიდ ნაწილს ახლავს თეთრი საღებავით შესრულებული ბერძნული და ქართული წარწერები.

დასავლეთის მკლავის ჩრდილოეთ მხარეს გამოსახულია შემდეგი სცენები: გუმბათქვეშა ჩრდილო-დასავლეთ ბოძს ზემოთ – სამება, თორმეტი მოციქული, ძუელი დღეთა და ყრმა ქრისტე მანდორლაში მახარებელთა სიმბოლოებით; ჩრდილო-დასავლეთ ბოძს ზემოთ – თორმეტი წლის ქრისტეს ქადაგება ეკლესიაში, განრღვეულის განკურნება და ფხიზელი თვალი, ბოძზე – კონსტანტინე და ელენე ჯვრით ხელში; თაღს ზემოთ – ხარებაა; თაღის ორივე მხარეს – ორი წინასწარმეტყველი. თაღის საფეხურები შევსებულია მედალიონში ჩასმულ მარტვილთა წელზედა გამოსახულებებით და დაჩითულ ქსოვილთათვის დამახასიათებელი მცენარეული მოტივებით. ბოძების შიგა წიბოები შემკულია მცენარეული ორნამენტით. აქვეა წმ. ქრისტეფორესა და უცნობი მარტვილი ქალის ფიგურები. მხატვრობა ხასიათდება სიმშრალით და ჩამქრალი, თითქოსდა „ჭუჭყნარევი“ კოლორიტით (გამოყენებულია მონაცრისფრო-ცისფერი, ღია იისფერი, მოწითალო-ყავისფერი, მუქი ლურჯი ფერები).

ტაძრის სხვადასხვა ნაწილში შემორჩენილია მოხატულობის ცალკეული ფრაგმენტები: გუმბათქვეშა სამხრეთ-აღმოსავლეთ ბოძზე – წმინდანები მედალიონებში, ნაგებობა, ექვსფრთედი და მცენარეული ორნამენტის ნაწილები; გუმბათქვეშა ჩრდილო-დასავლეთის ბოძის აღმოსავლეთ მხარეს – მცირე ზომის სცენა: შარავანდიანი ჭაბუკისაკენ მიმართული ღვთისმშობელი (მარიამის თავზე ასომთავრული წარწერაა „ყდწი“); გუმბათქვეშა სამხრეთ-დასავლეთის ბოძის ჩრდილოეთ მხარეს – ორი წმინდანი ბარძიმით ხელში; ბოძის დასავლეთ მხარეს – ანგელოზი; ზემოთ, ცის სეგმენტში – მაცხოვარი; ბოძის დასავლეთ მხარეს – ანგელოზი. მხატვრობის ეს ფრაგმენტები გვიანდელი ფეოდალური ხანით თარიღდება, სამკვეთლოს სამხრეთის კედელზე წმინდანთა გამოსახულებები (დაზიანებულია) XIX საუკუნეშია შესრულებული.

„სვეტი“ 1678-88 წლებში მოუხატავს მხატვარ გრიგოლ გულჯავარასშვილს კათალიკოს ნიკოლოზ ამილახორის თაოსნობით. ორივე მოხსენიებულია „სვეტის“ მხედრულ წარწერაში. „სვეტზე“ გამოსახულია სახარების სიუჟეტები; ცალკეულ წმინდანთა ფიგურები და ქართლში ქრისტიანობის გავრცელების ამსახველი სცენები, „სვეტის“ ქვედა ნაწილში, თვალსაჩინო ადგილზე, მოთავსებულია ისტორიული შინაარსის სცენები. მხატვარი თითოეულ კედელზე არქიტექტურასთან შეფარდებით იძლევა ერთნაირი ზომის ოთხ სცენას ორ რეგისტრად: აღმოსავლეთით, ზედა რეგისტრში, მარცხნიდან მარჯვნივ – მეფე სვეტიცხოვლის ტაძრის წინაშე და მეფე და სამღვდელოება; ქვემოთ – წმ. ნინო არმაზის მთასთან და წმ. ნინოს სასწაულმოქმედება; სამხრეთით, ზემოთ – ნანა დედოფალი ამალით და მირიან მეფე ამალით; ქვემოთ – მირიანისა და ნანას ლოცვა „სვეტის“ წინაშე და სნეულის განკურნება; დასავლეთით, ზემოთ – ჯოჯოხეთის წარტყვევნა და ჯვარცმა; ქვემოთ – „სვეტის“ ამაღლება და ძლიერ დაზიანებული სცენა მთის ფონზე წმ. ნინოს მონაწილეობით; ჩრდილოეთით – მამა ღმერთი და მაცხოვარი მანდორლაში. ზემოთ,„სვეტის“ ბოძებზე ცალკეულ წმინდანთა ფიგურებია, ხოლო თაღების ორივე მხარეს სახარების სცენები. აღმოსავლეთ ფასადზე რალის სამხრეთით – ამაღლება, ჩრდილოეთით – სული წმიდის მოფენა; აქვე, სამხრეთ ბოძზე – წმ. კო(უ)ირკი, ჩრდილოეთით – სამი მცირე ზომის ფიგურა ერთიმეორის ქვეშ; წმ. ეკატერინე (ზემოთ), წმ. გიორგი, წმ. დიმიტრი; სამხრეთ ფასადზე თაღის აღმოსავლეთით – შობითგან ბრმა, დასავლეთით – სამარიტელი დედაკაცი; ბოძებზე: აღმოსავლეთით – წმინდანი წარწერის გარეშე, დასავლეთით – წმ. მარინე; დასავლეთ ფასადზე, თაღის სამხრეთით – ქრისტე ორი მოციქულითურთ და წარწერით: „მე ვარ პური ცხოვრებისი რილცით გ რდმო“, ჩრდილოეთით – განრღვეულის განკურნება; ბოძზე, სამხრწთით – წმ. ირინე, ჩრდილოეთით – წმ. თევდორე და წმ. ევსტათი ერთი მეორის ქვეშ; ჩრდილოეთ ფასადზე, თაღის აღმოსავლეთით მოციქულთა ორ ჯგუფს შუა, დასავლეთით – დედანი მაცხოვრის საფლავთან; ბოძებზე სამ-სამი მედალიონია ერთი მეორის ქვეშ; რომლებშიც წინასწარმეტყველთა წელზედა გამოსახულებებია.

„სვეტის“ შიდა ნაწილში, გუმბათის სფეროში, გამოსახულია ყოვლისმპყრობელი ქრისტე, აფრებში – ექვსფრთედები, თაღებს ზემოთ და თაღებს შორის კუთხეებში მცენარეული ორნამენტია. ბოძის ყოველ მხარეს თითო წმინდანია გამოსახული, თაღების სოფიტებზე – ორ-ორი. ჩრდილო-აღმოსავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ ბოძების დასავლეთ და აღმოსავლეთ მხარეს სამ-სამი ოქროსფერი დისკოა ერთიმეორის ქვეშ ლურჯ ფონზე.

„სვეტის“ მოხატულობა მინიატურას მოგვაგონებს. წმინდანთა თმები, წევრ-ულვაში, ქსოვილთა სახეები ფაქიზი შტრიხებითაა დაწერილი. განსაკუთრებით აღსანიშნავია მცირე ზომის სცენები მეფე მირიანის ლორონზე („მეფე სვეტიცხოვლის ტაძრის წინაშე“), რომელთა გარჩევა მხოლოდ ახლოდან დაკვირვებით შეიძლება. კომპოზიციათა აგება მკაცრი და ლაკონურია. მხატვრობის კოლორიტში გაბატონებული მკვეთრი წითელი, მწვანე, ღია ცისფერი და ოქრო აცოცხლებს მუქ ლურჯს, ნაცრისფერს, მონაცრისფრო-ყვითელს და სხვ. ფერებს.

მოხატულია საპატრიარქო კათედრაც. ფერწერა შემორჩენილია კათედრის აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის ფასადებზე და შიდა ნაწილში. აღმოსავლეთ ფასადზე წმინდანთა წელზედა გამოსახულებები და ხარების კომპოზიცია გაერთიანებულია მცენარეული მოტივებით. ჩრდილოეთ კედელზე თაღის აღმოსავლეთით ზემოდან ქვემოთ მოცემულია – მოსე დაფიცრე... და იაკობის კიბე, თაღის დასავლეთით – იაკობის კურთხევა და აბრაამის საღმრთო, იაკობის კიბის კომპოზიციაში შემონახული მხედრული წარწერის მიხედვით მხატვრობა შესრულებულია კათალიკოს იოანე დიასამიძის (მისი კათალიკოსობის წლებია 1688-91, 1696-1700) თაოსნობით. ოთხივე სცენა და წარწერა ბათქაშის ახალ ფენაზეა შესრულებული. თაღს ზემოთ, ცენტრში, ხელუხლებლადაა დატოვებული ქვედა ფენის მხატვრობის (გვიანდელი ფეოდალური ხანა) ნაწილი – წმინდანის ბიუსტი, რომელიც მედალიონშია ჩასმული, და მცენარეული ორნამენტის ფრაგმენტი.

კათედრის შიდა ნაწილის მხატვრობაც ქვედა ფენისაა. გუმბათის სფეროში გამოსახულია ყოვლისმპყრობელი ქრისტე და ოთხი ექვსფრთედი, ქვემოთ, სამხრეთით – ტახტზე მჯდომი ღვთისმშობელი ყრმით; დასავლეთით – შარავანდიანი კაცი კვერთხით ხელში. კათედრის თვითეულ თაღში ორი წინასწარმეტყველია. წმინდანთა თანმხლები ასომთავრული წარწერები დაზიანებულია. სახელთაგან იკითხება: აღმოსავლეთით მოსე, სამხრეთით – ამბაკუმ, დასავლეთით – გედეონ და იერემია.

ფასადი

ტაძრის გარეგანი ფორმების, მასებისა და გადახურვების ურთიერთგანაწილება, პროპორციები ექვემდებარება წამყვან ელემენტს – ცენტრში აღმართულ მაღალ, მასიურ გუმბათს, რომლის ქვეშ ორფერდა სახურავიანი ჯვრის მკლავებია, ხოლო მკლავებს შორის – დაბალი, ცალფერდა სახურავებით გადახურული სათავსები (სამხრეთისა და ჩრდილოეთის ფასადებზე თავდაპირველად არსებულ მინაშენებს არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ნაგებობის მასათა საფეხუროვან დანაწილებაში).

ფასადების მოსართავად გამოყენებულია კედლის დეკორატიული თაღედისა და შეწყვილებული პილასტრების განვითარებული სისტემა და სარკმელთა მოჩუქურთმებული საპირეები. გრძივი ფასადების ზედა იარუსზე დასავლეთის ბურჯების კამარების შესაბამისად შექმნილი; კონსტრუქციულად გამართლებული ღრმა თაღოვანი ნიშებია, რომელთა პილასტრები კონტრფორსების როლს ასრულებს. სავსებით განვითარებული ხასიათისაა მდიდარი, მრავალფეროვანი ჩუქურთმები (დღემდე მხოლოდ ნაწილმა მოაღწია). ტაძრის დეკორატიული მორთულობის სისტემაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ფიგურულ რელიეფსაც.

აღმოსავლეთ ფასადის მორთულობის საფუძველია ხუთი დეკორატიული თაღისაგან შეკრული სისტემა, რომელშიც ჩართულია მაღალი სამკუთხა ნიშები. ეს მოტივი გამდიდრებულია შუა, მაღალი თაღის შიდა სიბრტყის მორთულობით. აქ, მარაოსებრ გაშლილი სხივების ბოლოებში გამობმულ დისკოებზე მოთავსებულია ერთ-ერთი სამშენებლო წარწერა. ფასადის ძირითად დეკორატიულ ლაქას წარმოადგენს ცენტრალური სარკმლის პოლიქრომიული ჩუქურთმიანი არშიებისაგან შედგენილი საპირე, რომელიც ზემოდან გამოყოფილია მდიდრულად მორთული ჰორიზონტალური სარტყლით. სარკმლის ქვეშ, მის ორივე მხარეს მოთავსებულია V საუკუნის ბაზილიკიდან გადმოტანილი ხარის თავების სკულპტურული გამოსახულებები. იქვეა XI საუკუნის რელიეფები – ორი მფრინავი ანგელოზი. სიმეტრიულად განლაგებული ანგელოზები კომპოზიციურად მორგებულია ამ ადგილთან, მაგრამ მათი სტილისტური და შინაარსობრივი დაკავშირება დეკორის დანარჩენ ნაწილებთან (სარკმლის გაფორმება, ხარის თავები) წმინდა გარეგნულ ხასიათს ატარებს, ვინაიდან ეს რელიეფები მოგვიანებით, შეკეთების დროს არის აქ გადმოტანილი.

ხარის თავებს შორის მოთავსებულია რელიეფი – ვედრების კომპოზიცია. აქვე არსებული მხედრული წარწერით (მასში მოხსენიებულია კათალიკოსი ნიკოლოზ მაღალაძე) იგი 1674 წლით თარიღდება. ფასადის ზედა მონაკვეთში ლომისა და არწივის, ტაძრის თანადროული, მაღალრელიეფიანი გამოსახულებებია.

გრძივი ფასადები მორთულია დეკორატიული თაღებით და შეწყვილებული პილასტრებით. ისინი არ არიან ერთ სისტემაში გაერთიანებული და მხოლოდ ცალკეულ დეკორატიულ აბზაცებს ქმნიან. მიუხედავად ელემენტების სხვადასხვაობისა და ფორმების ასიმეტრიულობისა, ფასადები ჰარმონიული და გაწონასწორებულია. ნგრევისა და ჩატარებული რესტავრაციების შედეგად გრძივი ფასადების თავდაპირველი მხატვრული სახე ერთგვარად დარღვეულია; თუმცა სარკმელთა საპირეები, სათაურები და რელიეფები ძირითადად XI საუკუნეს მიეკუთვნება.

ტაძრის ფასადების მორთულობის პირვანდელი სისტემა (კარ-სარკმელთა მორთულობა) ძირითადად შენარჩუნებულია დასავლეთის ფასადზე. ფასადის ამაღლებული, ცენტრალური ნაწილი ხაზგასმულია ნახევარსვეტებზე დაყრდნობილი ფართო დეკორატიული თაღით, რომლის შიგნით სარკმლის გარშემო თავმოყრილია მდიდრული ორნამენტულ-დეკორატიული მორთულობა. ფასადის კომპოზიციას ასრულებს ფრონტონის სამფიგურიანი რელიეფი, რომელიც ავსებს თავისუფალ არეს ლავგარდანსა და დეკორატიულ თაღს შორის. იგი პირვანდელი სახით არის შემორჩენილი. აქ წარმოდგენილია საყდარზე მჯდომი ქრისტე მაცხოვარი, რომელიც მარჯვენათი აკურთხებს, ხოლო მარცხენა ხელში დახურული წიგნი უჭირავს. შთაბეჭდილების გასაძლირებლად რაკურსში გამოსახული ქრისტე კომპოზიციაში აბსოლუტური ზომებითაც (სიმ. 1,4 მ) გამოირჩევა. ქრისტეს მარჯვნივ გამოსახულ ანგელოზს სურა უპყრია ხელთ, ხოლო მეორეს – მრგვალი საგანი (სავარაუდოა, სეფისკვერი). ეს არის ამაღლების, მეორედ მოსვლის კომპოზიცია, რომელშიც მოკლე და ლაკონიური ფორმულის სახით ხორცშესხმულია მოძღვრება ევქარისტიის შესახებ. ამ კომპოზიციასთან შინაარსობრივ კავშირშია ამავე ფასადზე, კედლის განაპირა სიბრტყეებზე (ნახევარსვეტებსა და კედლის ნაპირებს შორის) სიმეტრიულად განლაგებული მცენარეთა რელიეფური გამოსახულებები – სიცოცხლის ხის მოტივი.

ეს რელიეფი (აგრეთვე აღმოსავლეთის ფასადზე ანგელოზების გამოსახულებები) ატარებს X საუკუნის ბოლოსა და XI საუკუნის I ნახევრის ქართული ფასადური ქანდაკების ძირითად დამახასიათებელ ნიშნებს: მშვიდი, მკაცრად ფრონტალურად წარმოდგენილი მონუმენტური კომპოზიცია (განსაკუთრებით ქრისტეს ფიგურა) მოცემულია განზოგადებულ ფორმებში, დეტალიზაციის გარეშე (ტანსაცმლისა და სახის დამუშავება); მონუმენტურობა შეერთებულია განვითარებულ სკულპტურულობასთან – ხაზგასმულია სიღრმისა და სივრცობბიობის შთაბეჭდილება; რელიეფი მრგვალ ქანდაკებას უახლოვდება.

ტაძრის ყველა ფასადს ეტყობა სხვადასხვა დროის შეკეთების ნიშნები, გუმბათის ყელი, მისი სარკმლების მორთულობა და რთულპროფილიანი ჩუქურთმით შემკული ლავგარდანი XV საუკუნისაა, გუმბათის სარტყელი და სხვა მცირე შეკეთებები (სტალაქტიკური ხასიათის ნიშები გრძივ ფასადებზე და სხვ.) XVII საუკუნეს მიეკუთვნება, ხოლო გრძივი ფასადის კლასიცისტური პროფილები და ტოსკანური ნახევარსვეტები – XIX საუკუნეს.

სვეტიცხოვლის ტაძრის აგების პერიოდი ემთხვევა ცალკეული ქართული პროვინციების ერთიან სახელმწიფოდ გაერთიანებისათვის ბრძოლისა და ფეოდალური საქართველოს სოცილა ეკონომიური და კულტურული მომძლავრების ხანას. მასში სრულად არის ასახული განვითარებული ფეოდალური ხანის ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლებისათვის დამახასიათებელი ნიშნები, რომლებმაც განვითარება ჰპოვა ფეოდალურ ხანის ქართული მონუმენტური არქიტექტურის ცხოველხატული სტილის ეპოქაში: ეს არის გუმბათოვანი ტაძარი მკაფიოდ ხაზგასმული გრძივი ღერძით და მასებით, რომლებიც სივრცეში ჯვრის ფორმას ქმნიან; დასავლეთის მკლავი უფრო გრძელია, ხოლო აღმოსავლეთის აფსიდი გარე კედლების ოთხკუთხედშია ჩაწერილი; გუმბათი ეყრდნობა ოთხ თავისუფლად მდგომ ბოძს; ნათელ ტექტონიკას და გეომეტრიულ სიცხადეს დამორჩილებული ფასადების დეკორატიული გაფორმება მრავალფეროვანია (მდიდრული დეკორატიული თაღების და ნახევარსვეტების სისტემა, ჩუქურთმით დაფარული კარ-ფანჯრების საპირეები, ლავგარდნები, ფიგურული რელიეფები, პოლიქრომიული ეფექტი); ინტერიერში კედლის ზედაპირი დაფარულია მხატვრობით; გადახურვის კონსტრუქციებში, თაღისა და კამარის გარდა, გამოყენებულია აფრები; შინაგანი სივრცის და გარეგანი მასების საერთო პროპორციები მოხდენილი და მსუბუქია, ტექტონიკური წყობის მისწრაფება – დინამიური, ზეაღმართული. სვეტიცხოვლის ტაძარი, ისე როგორც ეპოქის სხვა წამყვანი კათედრალები (ოშკის, ქუთაისის ბაგრატის, ალავერდის ტაძრები), გამოირჩევა თავისი აბსოლუტური ზომებით – იგი შუა საუკუნეების საქართველოს ყველაზე დიდი ნაგებობაა.

მელქისედეკ კათალიკოსის სასახლე

მელქისედეკ კათალიკოსის სასახლე მდებარეობს სვეტიცხოვლის გალავნის სამხრეთი კედლის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილის ქვეშ. თარიღდება XI საუკუნით.

1963-64 წლებში ამ მონაკვეთზე გათხრები ჩაატარდა (ხელმძღვ. ა. კალანდაძე). განათხარი მასალა ინახება მცხეთის მუზეუმში. გაითხარა 1500 კვ მ-ზე მეტი ფართობი და გამოვლინდა სხვადასხვა დროის ნაგებობების ნაშთები, რამდენიმე მარანი და სხვ.

ძირითადი ნაგებობაა მელქისედეკისეული სასახლე (38,5X18,5 მ), საძირკველზე (სიგანე 2 მ) ორსაფეხურიანი ცოკოლი და ქვიშაქვის კარგად გათლილი კვადრებით ნაშენი კედელია ამოყვანილი (სისქე 0,8 მ-მდე). დუღაბად კირის ხსნარია გამოყენებული. ნაგებობის კედლებზე როგორც ფასადებზე, ისე შიგნით 3,4-3,5 მ მანძილზე პილასტრებია, სასახლეს კარი (სიგანე 3,5 მ) ჩრდილოეთ მხარეს აქვს. აქ აღმოჩნდა თლილი ქვის იატაკის ნაშთი დადგინდა, რომ სასახლე დაშენებულია უფრო ძველ კულტურულ ფენაზე – საძირკვლის ქვეშ (0,6 მ სიღრმეზე) გამოვლინდა რიყის ქვითა და ტალახის ხსნარით ნაგები კედელი და IX საუკუნის კერამიკული მასალა.

მელქისედეკის სასახლე რამდენჯერმე გადაუკეთებიათ პირველად XIV საუკუნეში კარგად გათლილი კვადრებით შეუკეთებიათ და აღუდგენიათ სამხრეთის კედელი, მისთვის მოუშლიათ ორსაფეხურიანი ცოკოლი, ხოლო სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებისათვის გარედან, ყოველი 6-7 მეტრის გამოშვებით, მიუშენებიათ კონტრფორსები (1,5-2 მ), რომლებიც მოპირკეთებულია ასევე კარგად გათლილი კვადრებით. – სამხრეთ კედელს 5 კონტრფორსი აქვს (გეგმით ორი მათგანი სწორკუთხაა, ხოლო სამი სამკუთხა შვერილით მთავრდება). ზოგან კონტრფორსები ფარავენ ადრინდელ პილასტრებს. შემდეგ სასახლისთვის აღმოსავლეთიდან მიუდგამთ მინაშენი, რომელიც მსგავსად სასახლისა კარგად გათლილი ქვიშაქვის კვადრებითა და კირხსნარით არის ნაგები. მინაშენის აღმოსავლეთ კედელზე შემორჩენილია პილასტრი, სამხრეთ კედელში ბუხარია დატანებული.

მესამეჯერ ძალზე დანგრეული სასახლე და მინაშენი როსტომ მეფესა და მარიამ დედოფალს XVII საუკუნეში სვეტიცხოველთან ერთად შეუკეთებიათ და აღუდგენიათ, ნაგებობის პერიმეტრში ჩასმულია კვადრატული აგურით ნაგები, კამარებით შეკრული, სამწყება ბურჯებზე დაყრდნობილი ორმალიანი შენობა. ამავე ხანისა უნდა იყოს აქვე გათხრილი ორი დიდი მარანი (საერთო ტევადობა დაახლოებით 3000 დლ).

შემდგომ პერიოდში სასახლე მთლიანად დანგრეულა. აქ გამოვლინდა დარბაზული ტიპის გლეხთა საცხოვრებელი სახლები და მარნები (ერთ-ერთ მათგანში 4 ქვევრია). სახლები ნაგებია ნატეხი ქვის, აგურისა და რიყის ქვის შერეული წყობითა და თიხის ხსნარით. აღმოჩენილია ამ პერიოდისათვის დამახასიათებელი მასალა: სხვადასხვა სახის თიხის ჭურჭელი, აგურისა და კრამიტის ნატეხები, რამდენიმე მონეტა (ალი მირზა, რუსული ორკაპიკიანი).

გალავანი

სვეტიცხოვლის ტაძარს გარს აკრავს გეგმით თითქმის კვადრატულიგალავანი (გარე ზომები 121,6X X110,5 მ). იგი აგებულია 1787 წელს ერეკლე II-ის ბრძანებით, რასაც ადასტურებს სამხრეთის შესასვლელის თავზე ამოკვეთილი მხედრული წარწერა: „ბრძანებისა მისისა უმაღლესის ირაკლი მეორისა ქართლისა და კახეთის მეფისათა შემოვლებულ იქნა და განახლებული ზღუდე წმიდისა ამით ეკლესიისა მცხეთისა სიმაგრეების თურთ თავისით და აგრეთვე ეკლესია შიგნით და გარეთ განახლებულ დერეფანი ეკლესიისა ახლად დაწერილი და დახატული მამადმთავრობასა მისა ანტონი მეფისა ძისა მუშაკთა ზედა მდგომელთა წმიდისა ეკლესიისა ზღპზ ივლისის კბ“ ამავე წარწერიდან ირკვევა, რომ სვეტიცხოველს ადრეც ჰქონია გალავანი, რომლის ფრაგმენტები ჩართულია დღევანდელ გალავანში (ჩრდილოეთის კედელი). გალავნის ძველი ნაწილი ნაგებია ნატეხი ქვით, ადგილ-ადგილ თლილი ქვაცაა გამოყენებული. ერეკლესდროინღელი ნაგებობები კი ძირითადად რიყის ქვითაა ნაშენი. ქონგურებზე და სალოდეებზე გამოყენებულია აგურიც.

გალავანი ორიარუსიანია: ქვედა მთლიანად ყრუა,ზედას გასდევს საბრძოლო ბილიკი, კედელში განლაგებულია სათოფურები და სალოდეები. გალავანს ერთი სიმაღლის ექვსი ცილინდრული (ოთხი კუთხეებში და თითო აღმოსავლეთიისა და ჩრდილოეთის კედლების შუა ნაწილში) და ორი ოთხკუთხა (სამხრეთისა და ჩრდილოეთის კედლების შუაში) კოშკი აქვს. კოშკები ორ და სამსართულიანია. ბოლო სართულები ბანს წარმოადგენს. კარი ყველა კოშკს ეზოს მხარეს აქვს. მეორე სართულზე სათოფურებია, ხოლო ბანზე – სათოფურები და სალოდეები. კოშკებისა და კედლების ზედა ხაზი ნახევარწრიული ქონგურებით მთავრდება, კოშკებში სართულშუა გადახურვა ხის ყოფილა (შემორჩენილია ხის კოჭების ნაშთები).

გალავნის სამხრეთის კედელში გაჭრილია ჭიშკარი (როგორც ჩანს, მელქისედეკის კარიბჭისა და მის ჩრდილოეთით მდებარე გვიანდელი სამრეკლოს გასასვლელები ადრევე იყო გაუქმებული). გარდა ამისა, სამხრეთისა და ჩრდილოეთის კედლებში ერთმანეთის პირდაპირ კიდევ ორი ვიწრო კარია.

ყველაზე რთულია გალავნის დასავლეთ მხარე, ამ მხარესაა სამრეკლო და XI საუკუნის კარიბჭე, ხოლო შიგნიდან კედლებზე სხვადასხვა დროს მიშენებულია საცხოვრებელი თუ სხვა დანიშნულების ნაგებობანი.

კარიბჭე

კარიბჭე გალავნის დასავლეთ მხარის ცენტრალურ ნაწილშია. აგებულია 1029 წელს, ტაძრის მშენებლობის დამთავრების შემდეგ, კათალიკოს მელქისედეკის ნაგებობანი.

1964-65 წლებში ჩატარდა კარიბჭის სარესტავრაციო და საკონსერვაციო სამუშაოები (ხელმძღვანელები ნ. ჩუბინაშვილი და ვ. ცინცაძე; მთავარი კონსულტანტი გ. ჩუბინაშვილი). ამ სამუშაოების ჩატარებამდე კარიბჭის უმეტესი ნაწილი (განსაკუთრებით დასავლეთ ფასადი) მიწით იყო დაფარული და მასზე აგურით ნაგები გვიანდელი ხანის კონტრფორსები იყო მიშენებული რესტავრაციის შედეგად ფასადი გაიწმინდა გვიანდელი დანამატებისაგან და კარიბჭე თავდაპირველი სახით აღდგა.

კარიბჭე ორსართულიანია, ნაგებია კარგად გათლილი თანაბარი კვადრებით. მის პირველ სართულზე, ფართო შეისრულთაღიანი გასასვლელის ორივე მხარეს მოთავსებულია ოთახები (თითოეული 22 კვ მ); მეორე სართულზე დარბაზია (70 კვ მ), რომელიც დასავლეთის მხარეს სვეტებიანი თაღების სამი მალითაა გახსნილი. სამმაგი თაღი მოჩარჩოებულია პროფილირებული სარტყლით, რომელზედაც ასომთავრული წარწერაა („ქრისტე ადიდე შენ მიერ დამყარებული მეოხე ჩვენი ქრისტეს მიერ მელქიზედეკ ქართლისა კათალიკოსი რომელმან მე, ორედ აღაშენა წმიდა კათოლიკე ესე სალსინებლად სულისა მათისა“) გასასვლელის ორივე მხარეს თითო ოთხწახნაგა სამმეოთხედიანი პილასტრია ფესტონებიანი კაპიტელებითა და სადად პროფილირებული ბაზისებით. ეს შვერილები სამმაგი თაღის ჩარჩოს ქვედა ხაზს ქვემოთ კედელს უკავშირდება მცირე ზომის ნიჟარისებრი თაღებით (ტრომპებით). შესასვლელის თაღის ზემო ნაწილში, ორივე მხარეს მწვანე ქვიდან ნაკვეთი ხარის თავების სკულპტურული გამოსახულებებია (პირი. დედანი ინახება საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში). ოთხწახნაგა შვერილების აქეთ-იქით მაღალი სამკუთხა ნიშებია. სვეტიცხოვლის კარიბჭე ქართული საერო არქიტექტურის მნიშვნელოვანი ძეგლია.

ანტო II კათალიკოსის სასახლე

ანტო II კათალიკოსის სასახლე ორსართულიანი ქვითკირის ნაგებობაა; ზედა სართულზე 5 ოთახია. სასახლე დგას ტაძრის ეზოში, გალავნის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში. აგებულია XVIII საუკუნის დასასრულს. გადაკეთებულია და შეცვლილი აქვს პირვანდელი სახე. ამჟამად აქ მოთავსებულია მცხეთის მუზეუმი.


წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები