სვინაქსარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სვინაქსარი - (ბერძ. - synaxarion შეკრება), თავდაპირველად კალენდარი, რომელშიც წელიწადის თვეთა დღეების მიხედვით შეტანილი იყო ქრისტიან წმინდანთა ხსენებები და დღესასწაულები.

დროთა განმავლობაში წმინდანთა ხსენებები შეივსო მათი ბიოგრაფიული ცნობების შემცველი, მეტ-ნაკლები მოცულობის ტექსტებით, დაემატა აგრეთვე ლიტურგიკული მითითებები ამ დღეს ღვთისმსახურების ჩასატარებლად აუცილებელი ელემენტების (ბიბლიური საკითხავები, ჰიმნოგრაფიული მასალა და სხვ.) შესახებ, რაც საბოლოოდ ტიპიკონების ჩამოყალიბების საფუძველი გახდა. ერთ-ერთი ასეთი ტიპიკონი (კონსტანტინოპოლის ეკლესიისა) პირველად X ს. ბოლოს ბერძნულიდან შემოკლებით თარგმნა ეფთვიმე მთაწმიდელმა და მას „მცირე სვინაქსარი“ ეწოდა. მასში მხოლოდ ბერძენ წმინდანთა ხსენებებია წარმოდგენილი ბიოგრაფიული ტექსტების გარეშე, ქართველ წმინდანთაგან არავინ არის მოხსენიებული. XI ს. I ნახ. ბოლოს (1042–44) გიორგი მთაწმიდელმა კონსტანტინოპოლის ეკლესიის სრული ტიპიკონი თარგმნა „დიდი სვინაქსარის“ სახელწოდებით და ქართველთაგან საკუთარი ინიციატივით ეფთვიმე მთაწმიდელის სეინაქსარული ცხოერება (დანარჩენებთან შედარებით ყველაზე ვრცელი), იოანე მთაწმიდელისა და ილარიონ ქართველის მხოლოდ ხსენებები შეიტანა. დროთა განმავლობაში, „დიდი სვინაქსარის“ ხელნაწერების გადანუსხვის დროს, ქართველ წმინდანთა სვინაქსარული ცხოვრებები და მოსახსენებლები შეჰქონდათ როგორც ძირითად ტექსტში, ასევე ხელნაწერის აშიებზე.

სვინაქსარული ტექსტის შედგენა ხდებოდა შესაბამისი ვრცელი „წამებისა“ და „ცხოვრების“ შემოკლებით თუ მათგან გამოკრებით, თუმცა გამონაკლისებიც გვხვდება: პირველი სვინაქსარული ცხოვრება ეფთვიმე მთაწმიდელისა მის ვრცელ „ცხოვრებაზე“ დაახლოებით 15 წლით ადრე დაიწერა: იერუსალიმში მოღვაწე პროხორე ქართველის, ლუკა იერუსალიმელისა და ნიკოლოზ დვალის სვინაქსარული ცხოვრებები კი შეიქმნა, მაგრამ ვრცელი თხზულებები საერთოდ არ დაწერილა. XVIII ს. ქართული ჰაგიოგრაფიული მწერლობის ისტორიიდან ცნობილია რამდენიმე შემთხვევა, როდესაც წმინდანის სვინაქსარული ცხოვრება შესაბამის ვრცელ თხზულებაზე ადრე დაიწერა.

ე. გაბიძაშვილი

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები