სიბითი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სიბითი(ბაბილონ.) „შვიდნი“, „შვიდეული“, დაბალი რანგის ღვთაებანი ანუ დემონები, რომლებიც ერთდროულად არიან ნაშობნი და ერთად მოქმედებენ.

გავრცელებული ტრადიციის თანახმად, ისინი ცის ღმერთის, ანუსა და მიწის ნაშიერნი არიან (მსგავსად ელინური მითოლოგიის ტიტანებისა და გიგანტებისა, რომლებიც აგრეთვე ცისა – ურანოსის და დედამიწის – გეას შვილები არიან). მათი შობა ამგვარად არის გადმოცემული ტექსტში: „ანუ, ღმერთების მეფე, დედამიწას შეეუღლა; დედამიწამ შვიდი ღმერთი დაუბადა და შვიდეული დაარქვა სახელად“. მიუხედავად იმისა, რომ სიბითი განუცალკევებელი ერთიანობაა, მათმა მშობელმა თითოეულს განსაკუთრებული უნარი და ფუნქცია მიანიჭა. ერთს ცეცხლის ძალა აქვს, მეორე ზარის დამცემია, მესამეს ლომის მძვინვარება აქვს, მეოთხე მთების დამამხობელია, მეხუთე ქარის, მეექვსეს ასპარეზი შეუზღუდავია, მეშვიდე გველეშაპის შხამით არის დატენილი.

ანუმ შვიდეული განსაზღვრული მიზნით შექმნა: სიბითი უნდა დაეხმაროს ერას ხალხის განადგურებაში, თუ მათმა ხმაურმა შეაწუხა იგი. სიბითიმ უნდა წააქეზოს ერა და აღძრას იგი სამოქმედოდ, გაუღვიძოს ბრძოლის წყურვილი. ამგვარი სიტყვებით მიმართავენ ისინი ერას, რომელიც „საპყარივით დამჯდარა ქალაქში, ომში წაუსვლელივით დიაცთა საჭმელს ჭამს და ომის უმეცარივით ძრწის და კანკალებს!...“ ამრიგად, ამ შვიდეულში განხორციელებულია ბრძოლის საწყისი (ჟინი), რაც უპირისპირდება ქალაქში დავანებულ მშვიდობას.

ბაბილონურ დემონოლოგიაში ცნობილია სხვა შვიდეული, აგრეთვე სიბითის სახელწოდებით, ავსულნი, რომლებიც ადამიანებზე არიან გაბოროტებულნი (წვიმასავით ღვრიან მათ სისხლს, უგლეჯენ ხორცს და ძარღვებიდან სისხლს უწოვენ).

სიბითი ის დემონებია, რომელთაც შთანთქმული ჰყავთ მთვარე გარკვეული პერიოდის მანძილზე.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები