სიდამონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სიდამონ-ი (ოს. Сидæмон) – ეთნოგენეტიკური და გენეალოგიური გადმოცემების მიხედვით, სიდამონოვების (Сидæмонтæ) უძველესი გვარის დამაარსებელი, ოსების პირველწინაპრის – ოს-ბაღათირის ერთ-ერთი ვაჟი.

ძმათა გაყრის დროს მას წილად ხვდა ოქროს ქსოვილის დიდი ნაჭერი და ამიტომაც არის, რომ სიდამონის გვარი „გრძელი ქსოვილივით გაშლილია მთელ ქვეყანაზე“, ე. ი. არის მრავალრიცხოვანი. მართალია, სიდამონოვების გვარი დიდი ხანია მრავალრიცხოვან ცალკეულ გვარებად დაიშალა, მაგრამ ოსებში შემონახულია ცოცხალი გადმოცემები ამა თუ იმ გვარის სიდამონოვებისგან წარმოშობის შესახებ. მაგალითად, საქართველოში მცხოვრები ცხურბაევებისა (ცხოვრებოვების) და თედეევების (თედეევი, ბიაზაროვი, ლალიევი) მრავალრიცხოვანი გვარები თავიანთ თავს სიდამონის შთამომავლებად თვლიან. ასევე ფიქრობენ ჩრდილოეთ ოსეთის ალაგირის ხეობის სოფლების – უნალის, არხონის, ლოარის, დეის, ძისის მკვიდრი გვარები, რომლებიც წარსულში არისტოკრატულ ფენას შეადგენდნენ.

სიდამონოვთა გვარის ფუძემდებლის – სიდამონის სახელი, როგორც ამას ვ. აბაევი ფიქრობს, მომდინარეობს ძველ-ირანული პატრონიმიული სახელიდან *Spitamāna- (შდრ. ავესტის Spitama-, ფალაური Spitāmāna). აღსანიშნავია, რომ ავესტის მიხედვით, Spitamāna-ს გვარს განეკუთვნებოდა ძველი ირანის უდიდესი რელიგიური რეფორმატორი ზოროასტრი (ზარათუშთრა). რამდენადაც ოსური „ონ“ სუფიქსი გვარის მაწარმოებელი იყო, რაც შენარჩუნებულია ქალებთან მიმართებაში, სიდამონის თავდაპირველი სახელი სიდამი უნდა ყოფილიყო.


ლიტერატურა

  • Абаев В. И. Избранные работы. Т. I. Религия. Фольклор. Литература. Владикавказ, 1990;
  • Гутнов Ф. Х. Генеалогические предания осетин как исторический источник. Орджоникидзе, 1989.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები