სიდნეის XXVII ოლიმპიური თამაშები (2000)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ავსტრალიელებმა სიდნეის ოლიმპიური თამაშები წყალს დაუკავშირეს, მათ შორის - ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტაც, რომელიც წყალქვეშ დიდი რიფის გასწვრივ ამოგზაურეს

სიდნეის XXVII ოლიმპიური თამაშები - ზაფხულის XXVII ოლიმპიური თამაშები ჩატარდა 2000 წელს (15 სექტემბერი - 1 ოქტომბერი) სიდნეიში.

  • მონაწილე ქვეყანა 199
  • სპორტსმენი 10,651 / 4,069 ქალი / 6,582 კაცი
  • სპორტის სახეობა 28
  • მედლების კომპლექტი 300
Sidneis tamashebis plakati.PNG

ყველაზე მეტი ოქროს მედალი
კაცებში: იან ტორპი ცურვა, ავსტრალია) 3,2,0
ქალებში: ლეონტინ ზილარდ ვან მორსელი (ველოსპორტი, ჰოლანდია) 3,1,0 ინგე დე ბრუინი (ცურვა, ნიდერლანდები) 3,1,0

ისტორიაში მეორედ, ოლიმპიური თამაშები 1956 წლის მელბურნის მსგავსად, სამხრეთ ნახევარსფეროს ეწვია. ავსტრალიის უდიდესმა და უძველესმა ქალაქმა სიდნეიმ მონაწილე ქვეყნების საუკეთესო შეფასება, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისგან კი „პიერ დე კუბერტენის” ჯილდო დაიმსახურა.

ვისთვის მესამე ათასწლეულის პირველი და ვისთვის XX საუკუნის ბოლო ოლიმპიური თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონიის აღლუმზე ერთის გარდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ყველა წევრი ქვეყანა წარსდგა. ის ერთი თალიბანის რეჟიმისგან მართული ავღანეთი აღმოჩნდა. ოლიმპიური დებიუტი ჰქონდათ ერითრეას (1956-1992 წლების თამაშებზე ეთიოპიის შემადგენლობაში გამოდიოდა), მიკრონეზიას და პალაუს. გარდა ამისა, ოლიმპიური დროშით და დამოუკიდებელ ოლიმპიელად წარდგა 4 აღმოსავლეთტიმორელი სპორტსმენი.

სიდნეელებმა XXVII ოლიმპიური თამაშების მასპინძლობით მთელ მსოფლიოს აჩვენეს, როგორ უნდა ტარდებოდეს ასეთი მასშტაბის ღონისძიება

მასპინძლებმა თამაშების საზეიმო გახსნის თეატრალური ნაწილი მეტწილად ავსტრალიის ისტორიას და წყალს დაუკავშირეს, მათ შორის - ოლიმპიურ ფიალაში ცეცხლის დანთებაც, რომლის პატივიც ატლანტის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანს, ავსტრალიის აბორიგენი მოსახლეობის წარმომადგენელ კეტი ფრიმენს ერგო. ფრიმენმა გახსნიდან 10 დღეში ისევ მიიპყრო ყურადღება, როცა 400 მეტრზე რბენაში, მთავარ მეჩირაღდნეთაგან მსოფლიოში პირველმა, იმავე თამაშებზე იზეიმა ჩემპიონობა. მელბურნის თამაშებისგან განსხვავებით, როდესაც მკაცრი საკარანტინო რეგულაციების გამო ცხენოსანთა ასპარეზობები ავსტრალიის ნაცვლად სტოკჰოლმში ჩაატარეს, ამჯერად, ქვეყანაში ცხენების გადასაყვანად საგანგებო პირობები შეიმუშავეს.

ოლიმპიურ პროგრამაში პირველად მოხვდა ტრიათლონი, ტაეკვონდო და ბატუტზე ხტომა, ხოლო ქალებმა პირველად გაითამაშეს მედლები ძალოსნობაში და თანამედროვე ხუთჭიდში. გერმანელი ბირგიტ ფიშერი პირველი ქალია, რომელმაც კაიაკით 20 წლის განმავლობაში ოლიმპიური ოქრო არავის დაუთმო. ყველა ოლიმპიადაზე, სადაც კი იასპარეზა, ჩემპიონობა მას დარჩა. სიდნეის თამაშებზე ორგზის ჩემპიონობით კი გერმანელი შვიდგზის ტრიუმფატორად მოგვევლინა. საკუთარი სახელი უკვდავყო ბრიტანელმა ნიჩბოსანმა სტივენ რედგრეივმაც, რომელიც პირველია მათ შორის, ვინც ზედიზედ მეხუთე ოლიმპიადაზე ჩემპიონობით ოლიმპიადების ისტორიაში სპორტის ამ სახეობის ყველაზე წარმატებული ვაჟი სპორტსმენის სახელი მოიხვეჭა.

Sidnei 2000.PNG

სასტენდო სროლაში უნიკალური შედეგი აჩვენა უკრაინელმა მიკოლა მილჩევმა. მრგვალ სტენდზე სროლაში მან 150-დან 150-ვე სამიზნე დააზიანა და ამგვარად დაამყარა ისეთი მსოფლიოს რეკორდი, რომლის გამეორებაც შეიძლება, გაუმჯობესება კი შეუძლებელია.

ვაჟ მოცურავეთა ასპარეზობების ვარსკვლავად მოგვევლინა 17 წლის ავსტრალიელი იან ტორპი, რომელიც თამაშებზე იმედის მომცემი ბიჭის სახელით წარდგა და ერთი კვირის განმავლობაში მსოფლიო ვარსკვლავად იქცა. ტორპმა 5 ჯილდო, მათ შორის 3 ოქროს მედალი დაისაკუთრა 400 მეტრზე (მსოფლიოს რეკორდით), 4X100 და 4X200-ზე თავისუფალი სტილით ცურვაში. ასევე სამგზის იზეიმა ჩემპიონობა ამერიკელმა ლენი კრაიზელბურგმა, ხოლო 3-3 ოქროს მედლით ქალთა შორის ყველაზე წარმატებული აღმოჩნდნენ ნიდერლანდელი ინგე დე ბრუინი და ამერიკელი ჯენი ტომპსონი. მათ შორის უფრო დასაფასებელია ნიდერლანდელის მიღწევა, რომელმაც სამივე ოქრო ინდივიდუალურ დისციპლინებში - 50 და 100 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში და 100 მეტრზე ბატერფლაით დაისაკუთრა, ამერიკელმა კი ეს ესტაფეტებში შეძლო.

ფეხბურთში მოპოვებული ოქრო კამერუნის ისტორიაში პირველი უმაღლესი ჯილდო აღმოჩნდა.

მძლეოსანთაგან საპატიო კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ყველაზე ბევრჯერ ავიდა იმ დროისთვის უკვე სამგზის მსოფლიოს ჩემპიონი, ამერიკელი მერიონ ჯონსი, რომელმაც სიდნეიში 5, მათ შორის 3 უმაღლესი სინჯის მედალი დაისაკუთრა და დედოფლადაც შეირაცხა, მაგრამ დროებით. რამდენიმე წლის შემდეგ ამერიკელმა დოპინგის მიღება თავადვე აღიარა, რისთვისაც ხუთივე მედალი ჩამოართვეს. ამან, რა თქმა უნდა, სიდნეის თამაშების პრიზიორთა შორის მნიშვნელოვანი გადაადგილებები გამოიწვია.


წყარო

ოლიმპიური ორტომეული

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები