სიონიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სიონიზმი - (ეტიმ. იერუსალიმის აღმოსავლეთით მდებარე გორაკის სახელიდან – სიონ). ტერმინი აღნიშნავს პალესტინაში ებრაელთა დაბრუნების ხელშეწყობის მიზნით XIX საუკუნის დასასრულს აღმოცენებულ ებრაული პოლიტიკური აღორძინების მოძრაობას. მოძრაობა ბაზელში ჩატარებული (1897) პირველი სიონისტური კონგრესის შემდეგ ამოქმედდა, სადაც გამოცხადდა ებრაელი ჟურნალისტის, თ. ჰერცლის (1860-1904) იდეები. იგი ავტორია საპროგრამო წიგნისა „ებრაული სახელმწიფო. ძველი პრობლემის ახალი გადაწყვეტა“ (1896).

პირველი ოფიციალური აღიარება სიონიზმმა 1917 წელს, „ბელფურის დეკლარაციით“ მოიპოვა. ამ დეკლარაციაში აღიარებულია ებრაელთა უფლება, „შექმნან ეროვნული კერა“ პალესტინაში, ერთა საბჭოს მანდატით. შემდგომ წლებში ებრაელებმა პალესტინაში დასახლებათა სულ უფრო მზარდი რაოდენობა შექმნეს, რომელთაც ერთი ცენტალური ორგანიზაციის (ებრაული სააგენტო – Jewish Agency) ეგიდით მოქმედი სხვადასხვა კომიტეტი ხელმძღვანელობდა. ის გამოუყოფდა მიწას მოსახლეთა კოლონიებს და აერთიანებდა მათ კოოპერატივებად (კიბუცი). ნაციონალ-სოციალისტთა მიერ ებრაელთა დევნის შედეგად (ჰოლოკოსტი) სიონისტურმა მოძრაობამ მთელ მსოფლიოში მოიპოვა მხარდაჭერა, რამაც შედეგადაც მოიტანა ისრაელის სახელმწიფოს დაარსება (1948). თუმცა იმავე პროცესმა გამოიწვია არაბული ნაციონალიზმის წინააღმდეგობა და სათავე დაუდო ებრაულ და არაბულ თემთა კონფლიქტს, რომელიც დღემდე გრძელდება.

სიონიზმი საქართველოში

საქართველოში სიონიზმის იდეის შემომტანები და გამავრცელებლები, ძირითადად, აშკენაზები იყვნენ. სიონისტური წრეები თბილისში, ფოთში, ქუთაისში, ბათუმსა და სოხუმში XIX საუკუნის დამლევს ამოქმედდა. 1905 წლის რევოლუციის დროს შეიქმნა ებრაელთა ეროვნული კომიტეტი, რომელმაც 1919 წლის ივნისში თავი საქართველოს სიონისტურ კომიტეტად გამოაცხადა, აგვისტოში კი საქართველოს პირველი სიონისტური კონფერენცია მოიწვია. მეექვსე სიონისტური კონგრესის მუშაობაში (ბაზელი, 1903 წ.) მონაწილეობა მიიღო რაბინმა დავით ბააზოვმა, რომელიც საქართველოს ებრაელთა სიონისტური მოძრაობის ერთ-ერთი თავკაცი იყო. XX საუკუნის პირველ ათწლეულებში მასთან ერთად სიონისტურ მოღვაწეობას ეწეოდა ნათან ელიაშვილი (1893-1929).



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები