სკვო ველის ზამთრის VIII ოლიმპიური თამაშები (1960)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზამთრის VIII ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია

სკვო ველის ზამთრის VIII ოლიმპიური თამაშები – ზამთრის VIII ოლიმპიური თამაშები ჩატარდა აშშ-ში სკვო ველში 1960 წლის 18-28 თებერვალს.

წარწერის ტექსტი

1955 წლამდე, ვიდრე 1960 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის უფლებას მოიპოვებდა, სკვო ველი ერთი უკაცრიელი ადგილი იყო ალექსანდრ კუშინგმა – ჰარვარდის კურსდამთავრებულმა იურისტმა იქ დიდი შესაძლებლობები დაინახა, სოლიდური ინვესტიცია ჩადო და საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან სკვო ველიში ოლიმპიადის ჩატარების ლობირება წამოიწყო. კუშინგის მცდელობამ შედეგი გამოიღო – ინსბრუკთან, სენტ მორიცთან და გარმიშ პარტენკირხენთან ბრძოლაში სკვო ველის კანდიდატურამ გაიმარჯვა.

ლიდია სკობლიკოვა

1956 წლიდან სკვო ველიში მასშტაბური სამუშაოები გაჩაღდა. ინფრასტრუქტურის ნაკლებობამ ორგანიზატორებს საასპარეზო შენობა-ნაგებობების მოსაწყობად სრული თავისუფლება მისცა, მათ შორის ზამთრის ოლიმპიადების პირველი ოლიმპიური სოფლის ასაგებად. მასპინძელთა მიზანი ოლიმპიადის მონაწილეთათვის მშობლიური გარემოს შექმნა იყო, რომელიც სპორტსმენებზე იქნებოდა მორგებული, რაც შეძლეს კიდეც. ორგანიზატორებმა სკვო ველის გახსნა-დახურვის ცერემონიის დადგმა ცნობილ ამერიკელ მხატვარ-მულტიპლიკატორსა და რეჟისორს ვოლტ დისნეის მიანდეს. გახსნის ცერემონიაზე ოლიმპიური ჰიმნი (სოკ-ის 1958 წლის გადაწყვეტილებით) ოფიციალურად პირველად სკვო ველიში შესრულდა (1896 წლის ათენის საინაუგურაციო ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისგან განსხვავებით, სადაც პირველად გაიჟღერა ოლიმპიურმა ჰიმნმა, 1960 წლამდე ყველა სხვა დანარჩენ ოლიმპიადაზე მასპინძლები საკუთარი შეხედულებისამებრ არჩევდნენ მუსიკას). VIII თამაშებისთვის სიმბოლური ცეცხლი, ისევე, როგორც ოსლოს თამაშებისთვის, ნორვეგიის მორგედალში, თანამედროვე თხილამურობის ფუძემდებლის, სონდრე ნორჰეიმის სახლში დაინთო, საიდანაც ოკეანის გადაღმა, სკვო ველიში ჩაიტანეს. ზამთრის ოლიმპიადაზე პირველად გამოჩნდნენ სამხრეთ აფრიკელები.

ჟან ვუარნე

ცივი ომის“ პოლიტიკა, სსრკ-ს და აშშ-ს შორის დაპირისპირება სპორტსაც გადაწვდა და მას ვერც სკვო ველის თამაშები ასცდა. აშშ-ის მთავრობა კომუნისტური სახელმწიფოების ნარმომადგენლებისთვის ქვეყანაში შესასვლელი ვიზების გაცემაზე უარით იმუქრებოდა, თუმცა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ჩარევის შემდეგ, დათმობაზე წავიდა.

მონაწილე ქვეყანათა სიმცირის გამო, მასპინძლებმა ბობსლეის ტრასის აგებაზე უარი თქვეს და ეს სახეობა პროგრამიდან ამოიღეს. ეს იყო პირველი და უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც სპორტის ეს სახეობა ოლიმპიადის მიღმა დარჩა.

ოლიმპიადების პროგრამაში პირველად ოფიციალურად იყო წარმოდგენილი ბიათლონი, ხოლო ციგურებით რბოლაში ქალთა დებიუტი შედგა 4 დისციპლინაში. მათ შორის ორში – 1500 და 3000 მეტრზე ჩემპიონობა მოიპოვა საბჭოთა კავშირის წარმომადგენელმა ლიდია სკობლიკოვამ. ასევე 2 ოქროს მედლით გაზარდა საკუთარი ნადავლი წინა ოლიმპიადის ორგზის ჩემპიონმა ევგენი გრიშინმა. ამასთან, ისევე, როგორც 1956 წლის თამაშებზე, 1500 მეტრზე ოქროს მედლის თანაზიარი აღმოჩნდა, ამ შემთხვევაში – ნორვეგიელ რონალდ ოსთან.

წარწერის ტექსტი

ბარის თხილამურობაში სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა ოსლოსა და კორტინას თამაშების ორგზის ჩემპიონმა, 35 წლის ფინელმა ვეიკო ჰაკულინენმა. ფრანგი ჟან ვუარნე იყო პირველი, რომელიც ტრადიციული ხის თხილამურის ნაცვლად როსინოლის ლითონის თხილამურებით გამოვიდა და ჩემპიონობაც იზეიმა სწრაფ დაშვებაში. გარდა ამისა, სრულიად შემთხვევით, მოთხილამურეთა ასპარეზობებმა ახალი სატელევიზიო ტექნოლოგიის იდეაც წარმოშვა. მსაჯებს, რომლებსაც მოთხილამურის მიერ კარის გამოტოვება-არგამოტოვებაში დარწმუნება სურდათ, ტელემაუწყებლობის უფლების მქონე CBS-ს კადრის გადახვევის თხოვნით მიმართავდნენ. შედეგად, CBS-ს ვიდეო გამეორების იდეა გაუჩნდა, რომლის გარეშეც დღეს წარმოუდგენელია სპორტული ტელემაუწყებლობა.

ეს იყო ოლიმპიადა, სადაც სპორტსმენთა მიერ ნაჩვენები შედეგების დაფიქსირება წამის მეასედების სიზუსტით მასშტაბურად დაიწყეს. ისიც საინტერესოა, რომ ოლიმპიადების ისტორიაში პირველად, ციგურებით რბოლაში ასპარეზობები ხელოვნურ ყინულზე გაიმართა, თუმცა საშეჯიბრო მოედანი ღია ცის ქვეშ იყო. ჰოკეიში, რომელიც მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების სტატუსითაც სარგებლობდა, ოქროს მედლებამდე პირველად გაიკვალა გზა აშშ-ის გუნდმა, მეორე ადგილზე გასულმა კანადამ კი ზედიზედ მეცხრე ოლიმპიური ჯილდო დაისაკუთრა (შედეგი, რომელიც 1988 წელს სსრკ-მ გაიმეორა), ხოლო საბჭოელებმა ოლიმპიურ ბრინჯაოსთან ერთად ევროპის ჩემპიონობა მოიპოვეს.



წყარო

ოლიმპიური ორტომეული

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები