სკინერი ბერას ფრედერიკ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სკინერი ბერას ფრედერიკ

სკინერი ბერას ფრედერიკ - Skinner Burrhus Frederick, Скиннер Беррес Фредерик, 1904-1990

ამერიკელი ფსიქოლოგი, ახალი ბიჰევიორიზმის წამყვანი წარმომადგენელი. ფსიქოლოგიური განათლება მიიღო ჰარვარდში, იქვე დაიცვა დისერტაცია და მუშაობდა 1948 წლიდან. მანამდე მოღვაწეობდა მინესოტასა და ინდიანას შტატების უნივერსიტეტებში.

სკინერი გაემიჯნა ნეობიჰევიორიზმს და თავს „რადიკალურ ბიჰევიორისტს” უწოდებდა. ხოლო თავის თეორიას უწოდა „ქცევის ანალიზი”. უფრო გავრცელებული სახელწოდებაა „ოპერანტული ბიჰევიორიზმი”, რაც სკინერის მიერ ოპერანტული ქცევისა და მისი დასწავლის კვლევას უკავშირება (განსხვავებით რესპონდენტული ქცევისგან).

სკინერის უდიდესი აღმოჩენებია, რომ გაცილებით უფრო ნაყოფიერია განმტკიცება: I. წახალისებით - და არა დასჯით; II. არარეგულარული და ზომიერად ძლიერი წახალისებით - და არა მუდმივი (რეგულარული) და ზედმეტად ძლიერი წახალისებით. მაგ., 10 სწორი მოქმედებიდან უნდა წახალისდეს არა 10-ვე და თან ძლიერად, არამედ ხან 7, ხან 8 და ხან 9, თანაც ზომიერი სიძლიერით (მოყირჭება). სკინერი ჰუმანისტური ფსიქოლოგიის შეურიგებელი მოწინააღმდეგე იყო, მაგრამ მისი I აღმოჩენა ზედმიწევნით დაემთხვა ჰუმანისტურ მიდგომას. ეს ამ აღმოჩენის უეჭველ სანდოობას ადასტურებს. ის მუდმივად უნდა გავითვალისწინოთ აღზრდა-განათლებაში და ადამიანებზე სასურველი ზეგავლენის მოხდენის მცდელობისას {აღზრდის ოქროს წესები}.

1930-იან წლებში ცხოველებზე ოპერანტული დასწავლის კვლევისას სკინერმა შექმნა რამდენიმე ახალი მეთოდიკა და ხელსაწყო. ყველაზე ცნობილია ე.წ. სკინერის პრობლემური ყუთი.

1950-იანი წლებიდან სკინერი თავისი თეორიის გავრცელებას ადამიანის ქცევაზე ცდილობდა. სკინერისეული მიდგომა ასეთია - იმისათვის, რათა ვმართოთ ადამიანის ქცევა (ხოლო ფსიქოლოგიის საბოლოო მიზანი, ჯ. უოთსონისა არ იყოს, სწორედ ესაა), უნდა ვიცოდეთ ქცევის ჩამოყალიბება-განმტკიცებისა და შეცვლის კანონზომიერებანი. ოპერანტული განმტკიცების ტექნიკა ქცევის მოდიფიკაციის ტექნოლოგიის საფუძველია. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, საზოგადოების გაუმჯობესების პირობაა. ამგვარად აწყობილი საზოგადოების სურათი სკინერმა დახატა უტოპიურ რომანში „უოლდენ ორი”.

სკინერმა განახორციელა ადამიანების ქცევაზე პრაქტიკული ზემოქმედების რამდენიმე ფართოდ გახმაურებული პროექტი. იგი იყო ინიციატორი პედაგოგიურ პრაქტიკაში პროგრამირებული სწავლების შემოღებისა, სასწავლო მანქანების (ძველებური კომპიუტერების) გამოყენებით. სკინერმა თავისი მიდგომა გამოიყენა ადამიანის მიერ ენის შეთვისების პროცესის დახასიათებისას („ვერბალური ქცევა” - 1957). დიდი წვლილი შეიტანა ქცევითი თერაპიის პრინციპებისა და ტექნოლოგიის (მაგ., ჟეტონების სისტემა) ჩამოყალიბებასა და დამკვიდრებაში („ბიჰევიორიზმის შესახებ” - 1974).

სკინერი იყო ფსიქოლოგიის ისტორიაში ერთერთი ყველაზე თანმიმდევრული და პრინციპული დეტერმინისტი {დეტერმინიზმი}. მას მიაჩნდა, რომ ქცევა აუცილებლად განსაზღვრულია გარკვეული ფაქტორებით, რაც მისი მეცნიერული შესწავლის შესაძლებლობის საწინდარია. აქედან გამომდინარე, იგი უარყოფდა ფსიქოლოგიის ყოველგვარ ნაირსახეობას, რომელიც ადამიანის თავისუფლების ცნებიდან ამოდის („თავისუფლებისა და ღირსების მიღმა” - 1971). სკინერი ებრძოდა ნეობიჰევიორიზმსაც და არ ცნობდა შუალედურ ცვლადებს. მისი ბიჰევიორისტული პოზიცია რადიკალურობით გამოირჩევა და მძაფრი კრიტიკის საგანი გახდა. თუმცა მას არც ქება-დიდება დაჰკლებია. იგი იყო ამერიკის ერთერთი ყველაზე გამოჩენილი ფსიქოლოგი, მიღებული ჰქონდა მრავალი ჯილდო და საპატიო წოდება. სიკვდილის წინ მან უპრეცენდენტო პატივისცემა დაიმსახურა: ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის მიერ სიცოცხლეშივე შეყვანილ იქნა იმათ საპატიო სიაში, ვინც უდიდესი წვლილი შეიტანა ფსიქოლოგიის განვითარებაში.


წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები