სკნელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სკნელი − მითოლოგიური წარმოდგენით, სამყარო სამ სკნელად იყოფა; ზესკნელად, შუასკნელად და ქვესკნელად. ზესკნელი ღმერთებისა და ანგელოსების, წმიდა სულების, სულიერ არსებათა სამყოფელია; შუასკნელი – ადამიანებისა; ხოლო ქვესკნელი მკვდართა სამეფოა.

არსებობს წარმოდგენები გარესკნელზეც, რომელიც ჰორიზონტალურ სივრცეში მდებარეობს, სადაც მარადიული წყვდიადია დასადგურებული. სკნელებს შორის არის კავშირი, რომელსაც განასახიერებს ბუნებრივი საგნები – ხე, მთა, ცეცხლი, მუდამ ვერტიკალურად აღმართული, ცხოველები, რომლებიც ხეზე არბიან და ჩამორბიან (მაგალითად, ციყვი) და ფრინველები (მითოსური არწივი, ფასკუნჯი), ასევე ადამიანის ხელით შექმნილი საგნები, როგორიც არის კიბე ან ხიდი. სკნელებს შორის მოძრაობის, საშუალერა არის აგრეთვე რაიმე ჯადოსნური საგანი, მფრინავი ხალიჩა იქნება, თუ ფასკუნჯი ან მის ნაცვლად მისი ფრთა. რომელსაც საჩუქრად იღებს გმირი მადლიერი ფრინველისგან. თითოეულ სკნელს თავ-თავისი განმასახიერებელი ჰყავს. უფრო ხშირად ზესკნელს ფრინველი განასახიერებს, ქვესკნელს – გველი, შუასკნელს – ადამიანი. როგორც ერთ ხევსურულ ლექსში ვკითხულობთ:

ზენ ბაცალიგოს თოვლსა თოვს, ქვენ ბაცალიგოს შრებაო,
თინიბექაურთ ციხესა კუთხე მარჯვენა სკდებაო.
თავს აზის შავი ყორანი, ლიბოში გველი ძვრებაო,
შიგა წევს თინიბექაი, გულსუწადინოდ კვდებაო,

მაგრამ ყველაზე სრულყოფილად სკნელთა შორის დამაკავშირებელი საშუალებანი ლაშარის მუხის ლექსშია თავმოყრილი:

„ბერი გიორგი მეც ვიყავ, ცას ვები ოქროს შიბითა,
გორაზე მედგა ბურმუხა, ზედ ავდიოდი კიბითა.
ჩემს საყმოთ შამონაძღვენი ღმერთთან ამქონდა იქითა.“

ესენია: მთა (ხმელგორი), ჯაჭვი (შიბი), ხე, კიბე და წმ. გიორგი, რომელიც ქვემოდან ზევითკენ მოძრაობს ძღვენთან ერთად, რომელიც ასევე ადამიანურ და ღვთიურ სკნელთა დამაკავშირებელია.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები