სნოუბორდი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სნოუბორდ-კროსი ზამთრის ოლიმპიური თამაშების ერთ-ერთი პოპულარული დისციპლინაა. დაშვებაში ერთდროულად 6 სპორტსმენი მონაწილეობს

სნოუბორდი – (ინგლ. Snowboard. სიტყვასიტყვით – თოვლის ფიცარი). ზამთრის სპორტის სახეობა, რომელშიც შედის კაცთა და ქალთა 11 დისციპლინა.

სარჩევი

ისტორია

პირველი სნოუბორდი გამოიგონა ამერიკელმა ჯეკ ბარჩეტმა 1929 წელს, ამ სახეობისთვის თანამედროვე ტიპის თხილამური კი ამერიკის შეერთებულ შტატებში XX საუკუნის 60-იან წლებში შეიქმნა. 1963 წელს ტომ სიმსმა, 1965 წელს კი შერმან პოპენმა თხილამურის საკუთარი ვარიანტები დაამზადეს. სიმსმა მას Ski Board უწოდა, პოპენმა კი – Snuarfer. პირველი შეჯიბრება პოპენმა ჩაატარა.

ტრამპლინიდან მხტომელ ქალთა პირველი ოლიმპიური შეჯიბრება მოიგო გერმანელმა კარინა ფოგტმა. სოჭი, 2014 წელი

1970 და 1980-იან წლებში ამერიკელმა სნოუბორდერებმა დიმიტრი მილოვიჩმა, ჯეკ ბარტონ კარპენტერმა, ტომ სიმსმა და მაიკ ოლსონმა დაფების ახალი, თანამედროვე დიზაინის შემუშავებით რევოლუცია მოახდინეს და ამ საქმეში წარმატებული ბიზნესიც ააწყვეს. 1980-იანი წლების დასაწყისში სნოუბორდი ფართოდ გავრცელდა ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებსა და ევროპაში, შემდგომ კი, ზამთრის სპორტის პოპულარულ სახეობადაც იქცა. 1982 წელს ვერმონტის შტატში (აშშ) გაიმართა პირველი საერთაშორისო ტურნირი. 1985 წელს გამოვიდა სნოუბორდისტების პირველი ჟურნალი, 1995 წელს თხილამურობის საერთაშორისო ფედერაციაში შეიქმნა სნოუბორდის ტექნიკური კომიტეტი.

სნოუბორდის ოლიმპიური დებიუტი 1998 წელს შედგა ნაგანოში. პროგრამაში იყო გიგანტური სლალომი და ჰაფ-პაიფი. კაცებში გაიმარჯვეს შვეიცარიელმა ჟან სიმენმა და კანადელმა როს რებალიატიმ, ქალებში – გერმანელმა ნიკოლა ტოსტმა და ფრანგმა კარინ რუბიმ.

სნოუბორდი საქართველოში

საქართველოში სნოუბორდით პირველად დაინტერესდნენ 1980-იანი წლების მიწურულს, როცა უცხოელმა ტურისტებმა გუდაურის ფერდობებზე საჩვენებელი დაშვება მოაწყვეს. მამუკა და პალიკო ბურდულების თაოსნობით ჩამოყალიბდა სნოუბორდის პირველი კლუბი, 1992 წელს კი გუდაურში გაიმართა საქართველოს პირველი ღია ჩემპიონატი სლალომში, რომელშიც მასპინძლებთან ერთად მონაწილეობდნენ გერმანელი, შვეიცარიელი, ავსტრიელი და უკრაინელი სნოუბორდისტები. გაიმარჯვეს მამუკა ბურდულმა და ნანა გველებიანმა. მომდევნო ჩემპიონატი მხოლოდ 10 წლის შემდეგ, 2002 წელს ჩატარდა. ამჯერად, პროგრამაში იყო ორი დისციპლინა – სლალომი და გიგანტური სლალომი. ამ შეჯიბრების შემდეგ საქართველოში სნოუბორდის მიმდევართა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. სნოუბორდის პოპულარიზაციას ხელი შეუწყო გუდაურში ჩატარებულმა წარმომადგენლობითმა შეჯიბრებებმა – მათ შორის, ეს იყო საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირები და ევროპის თასის ერთ-ერთი ეტაპი სნოუბორდ-კროსში. 2023 წელს საქართველო მსოფლიოს ჩემპიონატსაც უმასპინძლებს.

წესები

სნოუბორდი ჰქვია ფართო თხილამურს, რომელზეც სპორტსმენი ორივე ფეხით დგას. ფეხსაცმლის სამაგრები მასზე გარდიგარდმოა განლაგებული. დაშვებისას სათხილამურო ჯოხებს არ იყენებენ. ფრისტაილის, ანუ აკრობატული სნოუბორდის სიგრძეა 134-158 სმ, სიგანე – 24 სმ, სწრაფდაშვებისთვის განკუთვნილისა კი – 145-175 სმ და 18-20 სმ. რაც უფრო ვიწროა სნოუბორდი, მით უფრო სწრაფად მოძრაობს და უფრო დამყოლია მოხვევისას. ფრისტაილის სნოუბორდზე მაგრდება ელასტიკური ფეხსაცმელი, სწრაფდაშვებისთვის განკუთვნილზე კი – ხისტი. სარბიელზე გამოსვლისას სპორტსმენისთვის სავალდებულო აღჭურვილობაა ჩაფხუტი, დამცავი სათვალე, ხელთათმანები და სამუხლეები.

ფრისტაილი, ანუ აკრობატული სნოუბორდინგი იმართება ე.წ. ჰაფ-პაიფში, ნახევარცილინდრულ, შუაზე გადაჭრილი მილის ფორმის ღარში, რომლის სიგრძეა 100-120 მ, სიგანე 13-17 მ, კედლების სიმაღლე – 3-4 მ, დახრილობის კუთხე – 18 მ. სპორტსმენი ღარში ეშვება აკრობატული ელემენტების (ხტომების, სალტოების, ჰაერში ტრიალის) შესრულებით.

სწრაფდაშვება მოიცავს სამ ძირითად დისციპლინას: პარალელურ სლალომს, სუპერგიგანტურ სლალომსა და კროსს.

პიონჩანგის ოლიმპიური ტრამპლინი. 2018 წელი

პარალელურ სლალომში შეჯიბრება ეწყობა თოვლით დაფარულ ციცაბო ფერდობზე, რომლის სიმაღლეთა სხვაობაა 80-150 მ. ფერდობზე ორი პარალელური ტრასაა მოწყობილი. თითოეულზე ალმიანი ჯოხებით მონიშნულია ერთმანეთისგან 7-12 მეტრით დაშორებული 20-20 სლალომის კარი, რომლებიც სპორტსმენმა უნდა გაიაროს.

გიგანტური სლალომი იმართება ფერდობზე, რომლის სიმაღლეთა სხვაობაა 150-300 მ. კარი შედგება ორი ერთმანეთთან დაკავშირებული ჯოხისგან, მათ შორის კი სამკუთხა წითელი ნაჭერია გაჭიმული. გარე, მაღალი ჯოხის სიმაღლეა 180 სმ, მანძილი ჯოხებს შორის – 130 სმ. ტარდება საკვალიფიკაციო და ფინალური დაშვება.

სუპერგიგანტური სლალომი ტარდება ფერდობზე, რომლის სიმაღლეთა სხვაობაა 300-500 მ. კარების რაოდენობა განსაზღვრული არ არის და დამოკიდებულია ტრასის სირთულეზე.

კროსი იმართება ფერდობზე, რომელზეც ბევრი ბორცვი და უსწორმასწორო ადგილია. დაშვებაში ერთდროულად მონაწილეობს 6 სპორტსმენი. რიგითობა კენჭისყრით განისაზღვრება. მეორე ცდაზე პირველები ხტებიან ის სპორტსმენები, რომლებმაც უარესი შედეგი აჩვენეს. სასტარტო ბაქნიდან დაშვებისას მხტომელს ფეხები მუხლებში ჩახრილი აქვს, თავი – მაღლა აწეული, იდაყვებში ოდნავ მოხრილი ხელები თავისუფლად უჭირავს, ტანის სიმძიმე ორივე ფეხზე თანაბრად არის განაწილებული. ასახტომ ბაქანს რომ მიუახლოვდება მოთხილამურე, მძლავრი არეკნით ტრამპლინს მოსწყდება და ჰაერში მიფრინავს. ფრენის დროს, მიწაზე დაშვებამდე სპორტსმენს თხილამურები ჰორიზონტალურად და ერთმანეთის პარალელურად უჭირავს, სხეული – სწორად, გაჭიმული, ხელების მოძრაობა მკაცრად კონტროლდება. მიწაზე დახტომისას ცალი ფეხი ოდნავ წინ წაწეულია, სხეულიც წინ არის წახრილი, ხელები კი, წონასწორობის შესანარჩუნებლად, განზეა გაშლილი.

ნახტომი ფასდება ორი პარამეტრის – სტილისა და სიგრძის მიხედვით. ყურადღება ექცევა ნახტომის სიზუსტეს, სხეულის ფლობის უნარს, სპორტსმენისა და თხილამურების პოზიციას ჰაერში და მიწაზე დაშვების მომენტში.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები