სოლომონის ტაძარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იერუსალიმის ტაძარი - ებრაელთა რელიგიური ცენტრი. მას სოლომონის ტაძარსაც უწოდებენ, რადგან მართალია, წმ. დავით წინასწარმეტყველმა ჩაიფიქრა ამ ტაძრის აშენება, ყველაფერი მოაგროვა მის ასაშენებლად, მაგრამ უფალმა მას არ მისცა ტაძრის აშენების უფლება, რადგან ბევრი სისხლი ჰქონდა დაღვრილი. უფლის კურთხევით იერუსალიმის დიდებული ტაძარი ააშენა წმ. დავითის ძემ - სოლომონმა (სოლომონის ტაძარი).

სერაფიმ როუზი იერუსალიმის ტაძრის შესახებ

იერუსალიმის ტაძარი ორჯერ დაინგრა უკანასკნელად პირველი საუკუნის 70-ე წელს. აპოკალიფსის თანახმად იუდეველები მოახერხებენ ტაძრის მესამედ აგებას, რათა მასში აკურთხონ ანტიქრისტე, რომელიც თავს გამოაცხადებს მესიად.

„არსებობს ძალზე მნიშვნელოვანი ნიში იერუსალიმის ტაძრის აღდგენის შესახებ. კაცობრიობის ისტორიაში პირველად სწორედ ახლა გახდა ეს შესაძლებელი. უწინდელ დროში მხოლოდ ერთხელ სცადეს მისი აღდგენა - IV საუკუნეში. ცოდნა ამის შესახებ ძალზე კარგ მაგალითს წარმოადგენს იმისა, თუ როგორ განანათლებს ადამიანს ეკლესიის ისტორიის კითხვა. ამ მოვლენის შესახებ IV საუკუნის რამდენიმე წყაროს ნახვა შეიძლება: მას მოიხსენიებს წმიდა კირილე, აგრეთვე იმ დროის ზოგიერთი სხვა საეკლესიო მემატიანეც. იმპერატორმა იულიანე განდგომილმა, აღნთებულმა სურვილით გაენადგურებინა ქრისტიანობა, გადაწყვიტა: რაკი ქრისტე წინასწარმეტყველებდა, რომ იერუსალიმის ტაძრისაგან ქვა ქვაზე არ დარჩებაო, ამიტომ, მოდი, მე აღვადგენ ტაძარს და ამით ცხადად დავამტკიცებ, რომ ქრისტე თვითმარქვია იყოო, - ხოლო რადგან ასეა, ამიტომ ჯერ-არს წარმართობა ავაღორძინოთო. ამგვარად, იულიანე განდგომილმა, ამ განზრახვით განგებ დააბრუნა ებრაელები იერუსალიმში, და მათაც იმპერატორის ნებართვით, ტაძრის მშენებლობა დაიწყეს. ერთი დღის განმავლობაში მათ რაღაც გააკეთეს, ხოლო როცა მეორე დილით მივიდნენ, ნახეს, რომ ყველა ქვა მიწაზე იყო გაბნეული. მათ ხელმეორედ სცადეს მშენებლობის დაწყება, მაგრამ მიწიდან ცეცხლოვანმა ბურთებმა იწყო ამოფრქვევა. ამის შესახებ ბევრი ისტორიკოსი მოწმობს.

თანამედროვე, რაციონალურად მოაზროვნე ისტორიკოსები, რამდენადაც მათ არ ძალუძთ უგულებელჰყონ ძველი ტექსტების არსებობა და რაკი ხედავენ, რომ რაღაც ამის მსგავსი ნამდვილად მოხდა, შემდეგნაირად იწყებენ ამ მოვლენის ახსნას: „ისინი ალბათ ნავთობის საბადოს გადააწყდნენო", ანდა „მიწისქვეშა გაზის ამოფრქვევა იქნებოდაო". მაგრამ ცხადია, ღმერთმა ეს სასწაული იმისთვის აღასრულა, რომ იერუსალიმის ტაძრის მშენებლობისათვის შეეშალა ხელი, რადგან ჯერ არ მოსულიყო ამის დრო, - ტაძარი მხოლოდ ქვეყნის დასასრულის წინ უნდა აღდგეს. როგორც არ უნდა იყოს, მათი მცდელობანი, აეშენებინათ, აღედგინათ მესამე იერუსალიმის ტაძარი, ვერ დაგვირგვინდა წარმატებით, და ებრაელებმაც უარი თქვეს ამ საქმეზე. ამრიგად, ტაძრისაგან ქვა ქვაზე არ დარჩა. ასე აღსრულდა იულიანე განდგომილის დროს უფლის წინასწარმეტყველება ტაძრის შესახებ.

მაგრამ ახლა, დაწყებული 1967 წლიდან, ის ადგილი, სადაც უწინ ტაძარი იდგა, უკვე ებრაელებს ეკუთვნით. და პირველად ხდება შესაძლებელი ტაძრის მშენებლობა. ხელისშემშლელია მხოლოდ ის, რომ იქ მუსლიმთა დიდი მეჩეთი დგას. თუკი მას დაანგრევენ, ალბათ, ომი დაიწყება (უკანასკნელი ცნობებით, პალესტინაში გაჩაღებული ბრძოლა დაიწყო მას შემდეგ, რაც 2000 წლის ბოლოს ისრაელის პრემიერი დემონსტრაციულად მივიდა იერუსალიმის ტაძრის მთაზე და სიმბოლურად ჩაუყარა საძირკველი მესამე ტაძრის აღდგენას!

დამოუკიდებელი ებრაული სახელმწიფო წმიდა მიწაზე მხოლოდ 1948 წელს წარმოიქმნა. ანტიქრისტე სწორედ ებრაელებთან მოვა. თავიდან იგი ებრაელებთან მივა, ხოლო შემდეგ მათი მეშვეობით მთელს მსოფლიოსაც მოევლინება. და მხოლოდ მაშინ, როცა ეს ყოველივე აღესრულება, უშულოდ მეორედ მოსვლის წინ, ებრაელთა უმნიშვნელო რაოდენობა ქრისტიანულ სარწმუნოებაზე მოექცევა.

ამიტომაც ეს ნიში ტაძრის შესახებ ძალზე მნიშვნელოვანია. როცა ჩვენ დავინახავთ, რომ იერუსალიმის ტაძარი შენდება, მაშინ გვეცოდინება, რომ ქვეყნის დასასრული მოახლოებულია, იმიტომ, რომ ჭეშმარიტად ეს არის ერთ-ერთი ნიში, სასწაული თავად დასასრულისა. ჯერჯერობით, რა თქმა უნდა, ტაძარი არ შენდება, მაგრამ ავრცელებენ ყოველგვარ ხმებს მასზედ, რომ ადგენენ გეგმებს, ამზადებენ ქვებს და ა.შ. ცხადია, რომ ებრაელები ემზადებიან ამისთვის.

მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი წიგნიდან „ეხლა უკვე უფრო გვიანაა, ვიდრე თქვენ გგონიათ"



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები