სოლომონ ბრძენი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რაფაელი, სოლომონ მეფე

სოლომონ ბრძენი - (ძვ. ებრ. שְׁלֹמֹה‎, „შოლომო" - მშვიდობის მოყვარე. ისრაელის გაერთიანებული სამეფოს მესამე ლეგენდარული მეფე დაახლ. ძვ.წ. 965-928 წლებში. ძველი აღთქმის წიგნების მიხედვით მსოფლიოს ყველაზე ბრძენი მეფე. მის მეფობას უკავშირდება ისრაელის სამეფოს აყვავების ხანა. ბიბლიის მიხედვით სოლომონმა შექმნა ისეთი დიდებული წიგნები, როგორებიცაა „ეკლესიასტე“, „ქებათა ქება სოლომონისა“ და სხვა მრავალი ფსალმუნი და სიმღერა. სოლომონის მეფობა იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ მან ააშენა უფლის ტაძარი იერუსალიმში, იუდაიზმის მთავარი შუქურა. ბრძენი მეფე 37 წელი განაგებდა ისრაელის ძლიერ და ერთიან სახელმწიფოს.

სოლომონი ისრაელის უდიდესი მეფის და წინასწარმეტყველის, დავითის და ბერსაბეს შვილი იყო. ბიბლიის მიხედვით უფლის ნებით დავითმა თავისი ვაჟებიდან სწორედ სოლომონი ამოირჩია ტახტის მემკვიდრედ.

მეფე სოლომონის შესახებ ისტორიას ბევრი ზუსტი ცნობა არ დაუტოვებია. მის შესახებ ცნობებს ბიბლია და რამდენიმე უფრო უმნიშვნელო დოკუმენტი იძლევა.

სოლომონის მეფობა მისი ძმის, ადონიას აჯანყებით იწყება. მაშინ ჯერ კიდევ მოხუცი დავითი მართავდა სამეფოს, ხოლო სოლომონი ტახტის მემკვიდრედ იყო გამოცხადებული. დავითის უფროსი ვაჟი, ადონია ვერ ეგუებოდა სოლომონის სამეფოს მომავალ მეფედ დანიშვნას, ამიტომ გადაწყვიტა ამბოხება დაეწყო მის წინააღმდეგ. როდესაც დაეითმა ეს შეიტყო, მან მაშინვე მეფედ აკურთხა სოლომონი. ადონია შეშინდა, გაიქცა და დაიმალა, თუმცა სოლომონმა ის შეიწყალა და უკან დააბრუნა. ამის შემდეგ სოლომონმა დასაჯა სხვა აჯანყებულები.

ბიბლიის მიხედვით ახლად გამეფებულ სოლომონს უფალი გამოეცხადა და უთხრა, რომ ეთხოვა ნებისმიერი რამ და აუცილებლად შეუსრულებდა. სოლომონმა სიბრძნე სთხოვა. მართლაც მას ებოძა საოცარი სიბრძნე და იქცა მაშინდელი მსოფლიოს უბრძენეს ადამიანად. ბიბლიური მეფეთა ტექსტის მიხედვით ცნობილია, რომ მეფემ იცოდა, რომ უფალმა მეფობა მას იმ პირობით მისცა, თუ მის სიყვარულს და რწმენას შეინარჩუნებდა. ამიტომ ცდილობდა ყოველთვის ბრძნულად და მოსეს რჯულის მიხედვით ემოქმედა.

სოლომონმა სიბრძნე მალე გამოიჩინა: იერუსალიმში დაბრუნების შემდგომ მასთან მივიდა ორი დედაკაცი, ერთს ხელში ბავშვი ეჭირა. ბავშვს ორივე ითვისებდა და მოწმე არც ერთს არ ჰყავდა.

თავისი მეფობის დასაწყისშივე სოლომონმა შექმნა სამეფო კარი:

  • უმაღლესი მღვდელმთავრები: სადოკი, აბიათარი და აზარია;
  • ჯარის უმაღლესი მხედართმთავარი: ბანეა;
  • სახელმწიფო ხაზინის მთავარი ხაზინდარი და გადასახადების ამკრეფი: ადონირა;
  • სასახლის კარის მთავარი მწერალი: იოსაფატი;
  • მწერლები: ელიქორეთი და ახია;
  • სამეფო ადმინისტრაციის უფროსი: ახიასარი;
  • ადგილობრივ მმართველთა უფროსი: აზარია;
  • 12 მმართველი: ბენ-ჰური, ბენ-დეკერი, ბენ-ჰესედი, ბენ-აბინადაბი, ბაანა ახილუდას ძე, ბენ-გევერი, ახინადაბი, ახიმაასი, ბაანა სუშაის ძე, იოსაფატი, შიმეი და გევერი.

სოლომონს იმპერიული ზრახვები ჰქონდა და მან ისრაელ-იუდეის გაერთიანებული სამეფო ნამდვილ იმპერიად აქცია. ამ სამეფოს დიდი ტერიტორია ეკავა ახლო აღმოსავლეთში და იმ დროის ერთ-ერთი უძლიერესი სამხედრო ძალა ჰყავდა. სოლომონმა მოახდინა საბას, ნაბატეელთა სახელმწიფოს შემოერთება და საამისოდ რელიგიური მიზეზიც ეყო, რომლის უკან პოლიტიკური განზრახვები იმალებოდა.

საბას დაპყრობა ასე მოხდა: სოლომონმა იცოდა, რომ ნაბატეველები თაყვანს სცემდნენ მზის ღვთაებას, ამიტომ გადაწყვიტა ისინი თავის რელიგიაზე მოექცია. ამისათვის მან საბას დედოფალს, ბილკისს (ნაბატეველებს დედოფალი მართავდათ) მიმართა. საბას უხუცესთა საბჭომ ეს ომის გამოცხადებად ჩათვალა და ომში ჩართვა მოითხოვა, მაგრამ დედოფალმა ბილკისმა გადაწყვიტა სოლომონთან მოლაპარაკება ეწარმოებინა. საბას ელჩმა სოლომონს ძღვენი მიართვა, მაგრამ მეფემ უარი განაცხადა საჩუქრებზე და ისევ გაიმეორა თავისი სურვილი ნაბატეველთა იუდაიზმზე მოქცევის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა საბას ელჩს, რომ ძალით შეასრულებდა თავის მიზანს. შემდეგ მეფესთან მოსალაპარაკებლად საბას დედოფალი გაეშურა, რომელიც უბრალოდ გამოეწყო და ყველანაირი სამეფო რეგალია მოიხსნა. მეფე სოლომონის მოხერხებულმა მსტოვრებმა იპოვეს დედოფლის გვირგვინი და როდესაც ის მეფესთან შევიდა მოსალაპარაკებლად სოლომონმა თავისი ხელით გაუწოდა მას მისივე დიადემა. დამცირებულმა დედოფალმა თავისი სამეფოს რელიგიად იუდაიზმი გამოაცხადა და საბა ისრაელს შეუერთა. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად საბას დედოფალი მშვენიერი ქალი ყოფილა და სოლომონს ის ცოლად შეურთავს.

სოლომონს მიეწერება ებრაელთა და ეგვიპტელთა ხუთსაუკუნოვანი უთანხმოების მოგვარება. მან პირველ ცოლად შეირთო ეგვიპტის ფარაონის ასული და ამით მეომარი მხარეები შეარიგა.

ბიბლიის მიხედვით სოლომონს ბევრი ცოლები ჰყავდა, რომელთა შორის ზოგი უცხოელიც იყო. უცხოელი ცოლები თავიანთ რელიგიაზე რჩებოდნენ, ამიტომ სოლომონმა ზოგი მათგანისათვის წარმართული სალოცავები ააგო და მსხვერპლის შეწირვის ნება მისცა, რის გამოც ებრაელი წინასწარმეტყველების თქმით უფალმა ისრაელის სამეფოს სასჯელი მოუვლინა, მხოლოდ სოლომონის მეფობის შემდეგ, რადგან ბიბლიის მიხედვით უფალი მეფეს მისი მმართველობის განმავლობაში მშეიდობას შეპირდა.

სოლომონის მეფობისას დასასრულისათვის ისრაელს აუჯანყდნენ ედომელები და არამელები, ხოლო მისი სიკვდილის შემდეგ ისრაელის სამეფო ორად გაიყო.


წყარო

ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები