სოლტ ლეიკ სიტის ზამთრის XIX ოლიმპიური თამაშები (2002)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სოლტ ლეიკ სიტის თამაშების გახსნის ცერემონიაზე აშშ-ის გუნდის წევრებმა „რაის ეკლსის“ სტადიონზე ის დროშა შემოიტანეს, რომელიც ტერორისტთა თავდასხმამდე მსოფლიო სავაჭრო ცენტრის თავზე ფრიალებდა.

სოლტ ლეიკ სიტის ზამთრის XIX ოლიმპიური თამაშები – ზამთრის XIX ოლიმპიური თამაშები ჩატარდა აშშ-ში სოლტ ლეიკ სიტში 2002 წლის 8-24 თებერვალს.

წარწერის ტექსტი

2002 წლის ზამთრის XIX ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის მოსურნეთა შორის სოლტ ლეიკ სიტის განაცხადი იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს ხმის მისაცემად მხოლოდ ერთი ტურის ჩატარება დასჭირდა. იუტა გახდა აშშ-ის მეხუთე შტატი, რომელსაც ოლიმპიადის ჩატარების პატივი ერგო. XIX თამაშების დედაქალაქად სოლტ ლეიკ სიტის გამოცხადების შემდეგ სკანდალიც აგორდა. როგორც შემდეგ გაირკვა, სოკ-ის ზოგიერთი წევრი სოლტ ლეიკ სიტის საორგანიზაციო კომიტეტისგან ხმის მიცემის სანაცვლოდ ქრთამად საჩუქრებს იღებდა. ფაქტების გახმაურების შემდეგ ყველა მხილებული სოკ-დან გარიცხეს, შეიცვალა საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელობაც.

ხორვატი იანიცა კოსტელიჩი

2001 წლის 11 სექტემბერს მომხდარმა ტერაქტმაც გარკვეული დაღი დაასვა სოლტ ლეიკ სიტის თამაშებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა უსაფრთხოებას.

ოლიმპიადას ტელევიზიით თვალ-ყური მიადევნა ორ მილიარდზე მეტმა ადამიანმა. ოლიმპიადა წარმატებული იყო ფინანსურადაც. არადა, ხმების მოსყიდვის გამო აგორებული სკანდალის შემდეგ, იყო საშიშროება, რომ რეპუტაციაშელახულ საორგანიზაციო კომიტეტს ფინანსურად არავინ შეეწეოდა.

წარწერის ტექსტი

ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე დებიუტი ჰქონდათ კამერუნის, ჰონგ კონგის, ნეპალის, ტაჯიკეთის და ტაილანდის დელეგაციებს.

სახეობების მხრივ ცვლილებები არ ყოფილა, დისციპლინები კი დაემატა. 1948 წლის შემდეგ ოლიმპიურ პროგრამას დაუბრუნდა სკელეტონი, ქალებს კი ბობსლეიში გამოსვლის საშუალება პირველად მიეცათ.

საქართველოს დელეგაცია სოლტ ლეიკ სიტის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე

სოლტ ლეიკ სიტიში 2 და მეტი ოქროს მედალი ცამეტმა სპორტსმენმა დაიმსახურა. მათგან ოთხგზის იზეიმა ჩემპიონობა ნორვეგიელმა ულე ეინარ ბიორნდალენმა, ვინც ბიათლონში (10, 12.5, 20, 4X7.5 კმ) სხვათათვის მიუწვდომელი აღმოჩნდა.

ასევე ოქროს მედლების სრული კოლექციაა ფინელ სამპა ლაიუნენის ანგარიშზე. მან ჩრდილოური ორჭიდის სამივე დისციპლინაში (სპრინტი, ინდივიდუალური და გუნდური) ჩემპიონობა მოიპოვა.

ქალებსაც ჰყავდათ თავისი გმირი – ხორვატი სამთომოთხილამურე იანიცა კოსტელიჩი. იგი შეუდარებელი იყო სლალომში, გიგანტურ სლალომსა და კომბინაციაში, სუპერგიგანტში კი მეორე ადგილზე გავიდა. ამასთან, კოსტელიჩი პირველი სამთო მოთხილამურეა, ვინც ქალებში ერთ ოლიმპიურ თამაშებზე 3 ოქროს მედალი მოიპოვა (ვაჟებში ასეთი შედეგი მხოლოდ ავსტრიელ ტონი ზაილერსა (კორტინა, 1956) და ფრანგ ჟან-კლოდ კილის (გრენობლი,1968) აქვთ.

კოსტელიჩი ასევე პირველი და ჯერჯერობით ერთადერთია, ვინც შესაბამის სახეობაში ერთ თამაშებზე ოთხი მედალი დაიმსახურა (2018 წლის ჩათვლით). გარდა ამისა, ზამთრის თამაშების პირველი ხორვატი მედალოსანი და პირველი ჩემპიონიც კოსტელიჩი გახლავთ.

ციგურებით რბოლაში ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, გერმანელმა კლაუდია პეხშტაინმა საკუთარ კოლექციას ერთბაშად 2 უმაღლესი სინჯის მედალი შემატა. ტიტულიანმა გერმანელმა ჩემპიონობა მსოფლიოს რეკორდებით დააგვირგვინა. ვაჟებში ასეთივე შედეგი ჰქონდა ნიდერლანდელ იოხემ უტდეხაგეს, რომელმაც ასევე 1 ვერცხლის მედალიც აიღო.

ოლიმპიადის ვარსკვლავი გახდა შვეიცარიელი სიმონ ამანი. ის საუკეთესო იყო 90 და 120-მეტრიანი ტრამპლინებიდან ხტომაში.

განსაკუთრებული გამოდგა ფიგურულ ციგურაობაში წყვილთა ასპარეზობებში განვითარებული მოვლენები. პირველად ისტორიაში, ჩემპიონად ერთბაშად გამოცხადდა ჟამი სალესა და დავიდ პელეტიეს კანადელთა წყვილი და ელენა ბერეჟნაიასა და ანტონ სიხარულიძის რუსული დუეტი. ისიც აღსანიშნავია, რომ ფიგურულ ციგურაობაში პირველად გამოიყენეს ვიდეო გამეორების ტექნოლოგიაც.

პირველად ზამთრის ოლიმპიადების ისტორიაში ქალებში ოქროს მედალოსანი გახდა ფერადკანიანი სპორტსმენი – ვონეტა ფლაუერსი, რომელმაც ბობსლეიში მეწყვილესთან ერთად ქალთა სადებიუტო ასპარეზობა მოიგო.

სოლტ ლეიკ სიტის თამაშები პირველი იყო, რომელიც მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს შექმნის (1999 წ) შემდეგ ჩატარდა. ახალი ტესტირებების შედეგად დოპინგზე არაერთი სპორტსმენი ჩავარდა. მათ შორის, ბარის თხილამურობაში ორ რუსს და ერთ ესპანელს ოქროს, ერთ სამთომოთხილამურე ბრიტანელს კი ბრინჯაოს მედალი ჩამოერთვა.

წყარო

ოლიმპიური ორტომეული

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები