სომატოფორმული აშლილობები ბავშვებში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სომატოფორმული აშლილობები ბავშვებში - ფსიქიკური აშლილობის მქონე ბავშვები ხშირად უჩივიან სხვადასხვა სომატურ პრობლემებს, რომლებსაც ფიზიკური მიზეზები არ აქვთ. ასეთი ჩივილებია მუცლისა და თავის ან კიდურების ტკივილი და ხველა. ამ ბავშვების უმრავლესობას ოჯახის ექიმი მკურნალობს. მცირე ნაწილი, რომელიც მიმართავს სპეციალისტს, უფრო ხშირად მიდის პედიატრთან, ვიდრე ფსიქიატრთან.

სარჩევი

ქრონიკული დაღლილობის სინდრომი

ეს მდგომარეობა, 11 წელზე მეტი ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში გვხვდება (Farmer et al., 2004). მკურნალობის პრინციპები ამ აშლილობის მქონე მოზრდილი ასაკის პირების მკურნალობის მსგავსია. კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია, რომელიც მოზრდილებში გამოიყენება, მოზარდებისთვისაც ეფექტურია (Stulemeijer et al., 2005). რათა მკურნალობა წარმატებული იყოს, უმჯობესია პედიატრის, ფსიქიატრისა და კლინიკური ფსიქოლოგის ერთობლივი ჩარევა. ქრონიკული დაღლილობის სინდრომის გრძელვადიანი პროგნოზი საკმაოდ კეთილსაიმედოა, ხოლო ხანმოკლე ეფექტს აკადემიურ მოსწრებაზე სერიოზული გავლენის მოხდენა შეუძლია (Patel et al., 2003).

რეკურენტული მუცლის ტკივილი

რეკურენტული მუცლის ტკივილი ბავშვების 5-17%-ს აღენიშნება და პედიატრთან მისვლის ერთ-ერთ გავრცელებულ მიზეზს წარმოადგენს. მუცლის ტკივილის შემთხვევები ხშირად ასოცირებულია თავისა და კიდურების ტკივილთან და ზოგად სისუსტესთან. ასეთ შემთხვევებში ფიზიკური მიზეზების დადგენა, ძირითადად, ვერ ხერხდება და აშლილობის ფსიქოლოგიურ საფუძვლებზე საუბრობენ. ზოგი სიმპტომი შფოთვასთანაა დაკავშირებული, ზოგი „მასკირებული” დეპრესიის ნიშანს წარმოადგენს, ხოლო ზოგი სტრესითაა განპირობებული. მკურნალობა სხვა ემოციური აშლილობების მკურნალობის მსგავსია. გრძელვადიანი კვლევებით ნაჩვენებია, რომ მწვავე შემთხვევების ერთი მეოთხედი, რომელთა დროსაც პედიატრის ჩარევაა საჭირო, როგორც ფსიქიკური პრობლემების ან აუხსნელი სომატური ჩივილების სახით, მოზრდილ ასაკშიც გრძელდება.

კონვერსიული აშლილობები

კონვერსიული აშლილობები როგორც ინდივიდუალური შემთხვევები, ასევე იშვიათი ეპიდემიური ფორმები უფრო ხშირად მოზარდებში და, იშვიათად, ბავშვობის ასაკში გვხვდება. ბავშვებში სიმპტომები, ჩვეულებრივ, მსუბუქი ხასიათისაა და დიდი ხნის მანძილზე იშვიათად გრძელდება. ყველაზე ხშირი ნიშნებია პარალიზი, სიარულის შეცვლა, სმენის ან მხედველობის გაუარესება. მოზრდილ ასაკში კონვერსიული აშლილობები შეიძლება სხვადასხვა ორგანული დაავადების ფარგლებში გამოვლინდეს ან, დამოუკიდებლად, პირველადი კონვერსიული აშლილობის სახით განვითარდეს. ისევე, როგორც მოზრდილებში, ადრეულ ასაკშიც ორგანულად დეტერმინებული ფიზიკური სიმპტომები, ზოგჯერ კონვერსიულ აშლილობადაა დიაგნოსტირებული. განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, როდესაც ორგანული პათოლოგიის გამოვლენა ძნელია და სიმპტომების განვითარებას სტრესული მოვლენა უძღვის წინ (Rivinus et al., 1975). აქედან გამომდინარე, კონვერსიული აშლილობის დიაგნოზი მხოლოდ ძალიან დეტალური გამოკვლევების შემდეგ უნდა დაისვას.

ეპიდემიოლოგია

მოსახლეობის გამოკითხვის დროს კონვერსიული აშლილობების გავრცელებას იშვიათად სწავლობენ. ასე მოხდა უაიტის კუნძულზე ჩატარებული კვლევის შემთხვევაშიც (Rutter et al., 1970a). პედიატრთან მისული ბავშვების 3-13%-ს კონვერსიული აშლილობები აღენიშნება. ერთერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში მოთავსებული პრეპუბერტატული ასაკის ბავშვების 2%-ს კონვერსიული აშლილობის დიაგნოზი ჰქონდა (Caplan, 1970). ამ ბავშვების თითქმის ნახევარს შემდგომი დაკვირვების 4-11 წლის მანძილზე, საბოლოოდ, ორგანული მიზეზები დაუდგინდა. ამბლიოპია, რომელიც ორგანული დაავადების სიმპტომია, ყველაზე ხშირად, იყო დიაგნოსტირებული ფსიქოგენურ მდგომარეობად.

მკურნალობა

კონვერსიული აშლილობებისა და სხვა სომატოფორმული აშლილობების მკურნალობა რაც შეიძლება ადრე უნდა დაიწყოს, რომ არ მოხდეს “მეორადი გამორჩენის” აკუმულირება. მნიშვნელოვანია ფსიქიატრისა და პედიატრის მჭიდრო თანამშრომლობა. ფსიქიატრიული დიაგნოზის დასმამდე, საჭიროა დეტალური ფიზიკური გამოკვლევა, თუმცა, ზედმეტი გამოკვლევების ჩატარება არ არის მიზანშეწონილი. მკურნალობა ითვალისწინებს სტრესული გარემოებების შემცირებას და ბავშვის წახალისებას, რომ ისაუბროს პრობლემებზე. ასეთი მიდგომით შესაძლებელია სიმპტომების შესუსტება. შეიძლება, საჭირო გახდეს იმავე მიდგომის გამოყენება, როგორსაც ვიყენებთ მოზრდილთა კონვერსიული აშლილობების მკურნალობისას. ფსიქოთერაპიას და ბიჰევიორულ მეთოდებს მოტორული სიმპტომებისთვის მიმართავენ.


წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები